დაბა წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთვება - კვირის პალიტრა

დაბა წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთვება

დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთვება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხანძრის ჩაქრობის პროცესს ქარი ართულებს, რადგან ხშირად იცვლის მიმართულებას.

"მოსახლეობას საბედნიეროდ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, საკმაოდ მოშორებითაა მოსახლეობისგან. ცოცხალი ძალა და ტექნიკა მუშაობს. იმედი გვაქვს, რომ საღამოს უკეთესი მდგომარეობა უნდა გვქონდეს. პლუს მეზობელი ქვეყნებიდან ვერტმფრენები გვეხმარებიან - აზერბაიჯანიდან უკვე წამოსულია და კიდევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ხვალ იმედი გვაქვს, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნება და ლოკალიზებას მოვახდენთ, თუკი რაიმემ ხელი არ შეგვიშალა, რადგან დამოკიდებულები ვართ მაინც ქარსა და ბუნებრივ პირობებზე", - განუცხადა ალავიძემ ტელეკომპანია "იმედს".

მისივე თქმით, აზერბაიჯანიდან ვერტმფრენი გზაშია. ის თბილისში 18:00 საათისთვის იქნება, თუმცა დღეს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართვას ვერ მოახერხებს.

სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სააგენტოში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას,ხანძრის ხელახალი კერების გაჩენის თაობაზე.

დილიდან სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი ჩაერთო.

"ინტერპრესნიუსი"