"თუ დღეს აფხაზეთი ავტონომიური ქვეყანა არ არის, რატომ აქვს მთავრობა, სამინისტრო, რომელიც თბილისშია?!" - ექსპრეზიდენტი მერობისთვის იბრძვის
ზვიად სიჭინავა: "მე არ ვიცი, ვისი ვარ - თქვენ გადაწყვიტეთ!"
ორ წელიწადზე მეტია, ზვიად სიჭინავას ფეხბურთზე აღარ ულაპარაკია. სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი ახლა მშობლიური ზუგდიდის მერობისთვის იბრძვის და სამომავლო გეგმებზე დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო პროგრამაში ლაპარაკობს. "კვირის პალიტრა" კი ექსკლუზიურ ინტერვიუში უფრო მეტს წარსულზე - სფფ-ში გატარებულ პერიოდსა და სხვა აქტუალურ თემებზე ელაპარაკა:
- რა შეიცვლება ზუგდიდის ფეხბურთისთვის, თუ ქალაქის მერი სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გახდება?
- რატომ მხოლოდ ფეხბურთისთვის? მუნიციპალიტეტში სპორტის ყველა სახეობა უნდა განვითარდეს. ზუგდიდი ხომ ოთარ გაბელიას, ნონა გაფრინდაშვილის, დათო ქირიას ქალაქია. უმაღლესის გარდა, მუნიციპალიტეტს აუცილებლად უნდა ჰყავდეს საფეხბურთო გუნდები დაბალ ლიგებშიც, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა საფეხბურთო სკოლას. სირცხვილია, ამხელა მუნიციპალიტეტს უმაღლეს ლიგაში გუნდი რომ არ ჰყავს. და ვინც უნდა გახდეს ქალაქის მერი, ეს ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს!
- შეიცვალეთ აზრი კლუბების მუნიციპალურ დაფინანსებასთან დაკავშირებით?
- საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, მუნიციპალიტეტებმა უარი თქვან სპორტის დაფინანსებაზე. ოღონდ, აუცილებელია პროფესიონალიზმი და მენეჯმენტი. და აქაური გუნდებიც, ძირითადად, ადგილობრივი ფეხბურთელებით უნდა ივსებოდეს. ამის გამოცდილება და პოტენციალი ზუგდიდს ნამდვილად აქვს: გვილიას, კვეკვესკირის, ძალამიძის, თევზაძის დასახელებაც კმარა. "ბაიას" საფეხბურთო სკოლაში დღესაც ბევრია ნიჭიერი ბავშვი. აუცილებელია, მათთვის სწორი მიმართულების მიცემა, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ წარმატების შემთხვევაში, ეტაპობრივად გადავა ჯერ მეორე ლიგაში, მერე უმაღლესში და ა.შ.
- ორი წლის წინ, ბოლო ინტერვიუს დროს მითხარით - მშობლიურ ზუგდიდს დავუბრუნდები და შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიაშიც გავწევრდეო. თუმცა არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობთ...
- ჩემი აზრით, პარტიულობა რწმენას ჰგავს - არ შეიძლება, ყოველწლიურად შეიცვალო! წარმოგიდგენიათ, აშშ-ში რესპუბლიკელი რომ დემოკრატებში გადაბარგდეს, ან პირიქით?! საქართველოში კი, სამწუხაროდ, უამრავი ისეთი ადამიანია, გუშინ ერთ პარტიაში რომ იყვნენ, დღეს სხვაგან არიან და ა.შ. ალბათ, ჯერ ვერ მივედი იქამდე, რომ ასეთი "რწმენა" მივიღო და ამიტომაც ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი. მიმაჩნია, რომ ქალაქს უნდა მართავდეს არა პოლიტიკოსი, არამედ მენეჯერი, რომელსაც მოსახლეობის პრობლემები აწუხებს. ერთი ხმაც რომ მივიღო, ზუსტად მეცოდინება, რომ ეს არა პარტიული ნიშნით, არამედ გულწრფელად მიღებული ხმაა!
- პარტიული არ ხართ, თუმცა, სფფ-ის პრეზიდენტად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში დაინიშნეთ და ბევრისთვის, სწორედ "მათ კაცად" მოიაზრებოდით...
- ექვსი წლის განმავლობაში ვიყავი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - სამი წელიწადი "ნაციონალური მოძრაობის", მომდევნო სამი წელი კი "ქართული ოცნების" მმართველობის დროს. ასე რომ, მე არ ვიცი, ვისი ვარ - თქვენ გადაწყვიტეთ! სინამდვილეში კი ზვიად სიჭინავა "არავისი" არ არის - მას აქვს თავისი პოზიცია, შეხედულება და მიზნები. სჯერა, რომ შეუძლია, მშობლიურ ქალაქს სარგებელი მოუტანოს!
- მერობის კანდიდატ ზვიად სიჭინავასთვის, სფფ-ში გატარებული ექვსი წელიწადი პლუსი უფროა, თუ - "ანტირეკლამა"?
- ეს ამომრჩეველს უნდა ჰკითხოთ. ჩემთვის, ის ექვსი წელიწადი უბედნიერესი პერიოდი იყო, რადგან მქონდა შესაძლებლობა, თუნდაც ნახევარი აგური დამედო ქართული ფეხბურთის მშენებლობაში. ბევრი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში გვანდეს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელსაც წელს უმასპინძლა საქართველომ, ვამაყობ უეფას სუპერთასით, აკადემიის და განვითარების პროგრამებით, გადასახადებისგან კლუბების გათავისუფლებით... ზოგს მოსწონდა ჩვენი მუშაობა, ზოგს - არა, მაგრამ მადლობელი ვარ ყველა იმ დღისთვის, რაც ქართული ფეხბურთის სათავეში გამიტარებია.
- ისე, სკანდალები სფფ-ში არჩევის პირველივე დღეებიდან არ გაკლდათ. იმ პერიოდს ვგულისხმობ, ფედერაციის პრეზიდენტი რომ გახდით...
- იმის მოსმენა გსურთ, თითქოს, მოვიდა "პეტრე" და მითხრა - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად დაჯდებიო?! სინამდვილეში, ზუგდიდში ჩემს საქმეს ვაკეთებდი, როცა შემომთავაზეს - გავრისკოთო. და გავრისკეთ! სხვამ არავინ დააყენა კანდიდატურა, იყო არჩევნები და გავიმარჯვე. რა არის ამაში კრიმინალური? ასე, შეიძლება, ყველა არჩევნებზე თქვა მსგავსი რამ.
- მაგალითად, სფფ-ის პრეზიდენტის ბოლო არჩევნებზე?!
- უკვე აღარ ვიყავი სფფ-ში და ის არჩევნები არ მინახავს. თუმცა იმედი მაქვს და მჯერა, რომ ყველაფერი სამართლიანად ჩატარდა.
- არასდროს გინანიათ, რომ პრეზიდენტობას დათანხმდით? მაგალითად, იმ მომენტებში, როცა ორი კლუბი ერთდროულად გამოცხადდა საქართველოს ჩემპიონად, როცა გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის მსაჯები და ფეხბურთელები დააკავეს ბილეტები. გე-ს სკანდალისას და ა.შ.?
- მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, რა სიტუაციაც იყო, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია. კრიტიკოსები ყოველთვის მოიძებნებიან, მაგრამ ვიმეორებ - ბედნიერი ვარ, რომ ფედერაციის "სტაფთან" ერთად, რომელმაც უმაღლეს დონეზე უმასპინძლა ამ საფეხბურთო დღესასწაულს, მეც მქონდა წვლილი "წლის მატჩად" აღიარებულ უეფას სუპერთასის მატჩის გამართვის უფლების მოპოვებასა და ორგანიზებაში. შესაძლოა, ზვიად სიჭინავას არაფერი გაუკეთებია, მაგრამ სწორედ ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩატარდა თბილისში ეს შეხვედრა, ჩემს დროს მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, გაკეთდა არაერთი სტადიონი და ა.შ.
- სწორედ სუპერთასამდე რამდენიმე დღით ადრე ამბობდით - შესაძლოა, 11 აგვისტოს შემდეგ პროკურატურაში დამიბარონო... დაგიბარეს?
- არავის არსად დავუბარებივარ. მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო და ყველა გადაწყვეტილებისთვის ვაგო პასუხი. ჩემი პრეზიდენტობის დროს, სფფ-ში "ისეთი" არაფერი გაკეთებულა, რომ შემრცხვეს! ვალი დატოვაო?! ვალია, როცა გასესხებენ და უნდა დააბრუნო და არა ის, როცა გჩუქნიან და ხარჯავ. შეგახსენებთ - ის ფული უეფასგან ავიღეთ და კლუბების დასახმარებლად დავხარჯეთ, რადგან ეროვნული ჩემპიონატი გვენგრეოდა! როგორც მახსოვს, 6,4 მილიონზე იყო ლაპარაკი. პლუს სუპერთასისთვის საჭირო თანხა. სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ იმ მასშტაბის დახმარება, რისიც მასპინძლობის უფლების მოპოვებისას გვეიმედებოდა.
- ხელისუფლებას გულისხმობთ, თუ ვინ გაგიცრუათ იმედები?
- სუპერთასს "თბილისი 2015" ერქვა, ეს თბილისის "ივენთი" იყო და ქალაქის მერიისგან უნდა მიგვეღო მეტი დახმარება... მაგრამ აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. მთავარია, რომ უეფასგან საუკეთესო შეფასება მივიღეთ.
- მაინც, რატომ დასჭირდა სფფ-ს ამდენი ვალის აღება, როცა საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა სატელევიზიო უფლებების გაყიდვისგან, სპონსორისგან, ფიფა-უეფასგან?
- ვალი არ აგვიღია, დასაბრუნებელი არაფერი დაგვიტოვებია ფედერაციისთვის! რაც ავიღეთ, ეს იყო რუსთავის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის და კლუბების დახმარებისთვის საჭირო თანხა, რომელიც, სპორტის იმჟამინდელი მინისტრის, ლევან ყიფიანის დაპირების თანახმად, ფედერაციას უნდა დაჰბრუნებოდა, მაგრამ არ მიგვიღია. ასე რომ, ეს ვალი არ ყოფილა - უეფას გამოვართვით თანხა ეროვნული ჩემპიონატის გადასარჩენად.
- შესაძლოა, "პროცენტიანი" ვალი არ ყოფილა, მაგრამ კუთვნილ თანხას წინსწრებით რომ იღებ, მომდევნო წელს დანაკლისით არ შეხვდები?!
- თუ ასეა, ყველა იმ ორგანიზაციამ დააბრუნოს ფული, ვისაც დასაბრუნებელი ჰქონდა! თუნდაც სპორტის სამინისტრომ დააბრუნოს სუპერთასის ეგიდით გამართული ღონისძიებების თანხა და კიდევ ბევრი რამ. მერე ვნახოთ, სადამდე მივალთ.
- ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ სფფ-ში 16 მილიონ ლარზე მეტი დახვდა დავალიანება როგორც საშინაო, ისე საგარეო ვალის სახით!
- რომელი 16 მილიონი?! სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როცა ავიღეთ, ევროს გაცვლითი კურსი 1,73 იყო, ინფორმაციის გამოქვეყნების დროს კი დაითვალეს კურსით - 2,64. თითოეულ ევროზე დამატებით 0.90 ლარის ანგარიში როგორი მათემატიკაა?! მე აღარ მინდა წარსულ ამბებზე ლაპარაკი და თუ ვინმეს უნდა, მზად ვარ, ყველაფერზე ვუპასუხო.
- რას უპასუხებთ ბრალდებას, რომ თქვენს დროს, სფფ-ში შტატები უზომოდ იყო "გაბერილი" და 300 თანამშრომლიდან, ზოგიერთი ისე იღებდა საკმაოდ დიდ ანაზღაურებას, რომ ფედერაციაში ერთხელაც არ მისულა?
- ტყუილია! რატომ 300? ბარემ 1000 თქვან! მაჩვენონ ჩემი საშტატო ნუსხა და მიუთითონ, სად იყო "გაბერილი" და რომელი თანამშრომელი არ მუშაობდა!
აიღეთ საშტატო განრიგი და მითხარით - ვინ იყო ტყუილად გაფორმებული და არ დადიოდა, რომელი იყო "მკვდარი სული" და ვინ იღებდა ხელფასს სახლში ყოფნისთვის?! ფედერაციის ყველა თანამშრომელს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ დღეს რამდენი მუშაობს სფფ-ში? ასე ხომ მეც შემიძლია დავიწყო მტკიცება, რომ 300 ან 700 ადამიანია დასაქმებული ფედერაციაში...
- მართალია, რომ თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზუგდიდის "ბაიას" ბაზასთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეთ?
- გამოითხოვეთ კონტრაქტი და თავად ნახავთ, რა ტიპის ხელშეკრულება აქვს ფედერაციას "ბაიასთან" და რა მილიონებზეა ლაპარაკი. სინამდვილეში, კონტრაქტი ყოველწლიურად ახლდება და თანხაც, დასახელებულ რიცხვზე ათჯერ ნაკლებია!
- ფედერაციას თავად ვალი ჰქონდა და ამ დროს, სხვებს ურიცხავდა თანხას?! დავით მუჯირის თქმით, 100 ათასი ლარია გადარიცხული "მხიარულთა და საზრიანთა კლუბში"...
- თანხა არ მახსოვს, მაგრამ ვადასტურებ, რომ გადარიცხვა მართლაც იყო. კლუბთან მემორანდუმი გვქონდა გაფორმებული და ბავშვები დაგვყავდა სხვადასხვა ღონისძიებაზე. ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი პოტენციური გულშემატკივრები და ჩვენც ისევე დავეხმარეთ მათ საქმიანობაში, როგორც თავად გვედგნენ გვერდით. ეს ყველაფერი სხვაგვარი დატვირთვით გაკეთდა და არ ვფიქრობ, რომ ფედერაციას დახმარების უფლება არ ჰქონდა.
- როგორ ფიქრობთ, თუნდაც ზუგდიდელები, ოდესმე გაპატიებენ იმ სიტყვებს, რაც სოხუმში, სადღეგრძელოში უთხარით აფხაზ თანამესუფრეებს?
- სულ იმ ჩანაწერს ატრიალებენ, ამიტომ კიდევ ერთხელ გეტყვით: სანამ აფხაზეთი ოკუპირებულია, სანამ ფსოუს საზღვართან ქართველი მესაზღვრე არ დადგება, ყოველთვის ვიტყვი, რომ საქართველოს დედაქალაქი სოხუმია!
- მაგრამ იმ ჩანაწერში აფხაზეთს "ქვეყნად" მოიხსენიებთ!
- ავტონომია რას ნიშნავს? თუ დღეს აფხაზეთი ავტონომიური ქვეყანა არ არის, რატომ აქვს მთავრობა, სამინისტრო, რომელიც თბილისშია?! მე მინდა, რომ აფხაზს შევურიგდე, რომ ფსოუზე ქართული ჯარი იდგეს, ყოველ საღამოს შეგვეძლოს სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში ჩასვლა. მინდა, რომ სოხუმი ისევ ხელმისაწვდომი იყოს ყველა ქართველისთვის და ავტობუსი ენგურის ხიდთან არ ჩერდებოდეს!
- ეს ყველას გვინდა, მაგრამ როცა აფხაზებს ეუბნებით - თქვენს ქვეყანას გაუმარჯოსო, ეს აღიარება არ გამოდის?!
- მე რის აღიარების უფლება მაქვს, პრეზიდენტი ვარ თუ პრემიერ-მინისტრი?! ჩემს სახლში ვისხედით და ვთქვი ის, რაც ახლაც გაგიმეორეთ.
- ფეხბურთს დავუბრუნდეთ: ალბათ, არ მოგწონთ ეროვნული ჩემპიონატის ახალი ფორმატი - თქვენ ხომ 16-გუნდიან პირველობას ემხრობოდით?
- მე მაშინაც ვამბობდი, რომ ფეხბურთი, რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში, მაგრამ ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ ასე გადაწყვიტა. მე ხომ არაპროფესიონალი ვიყავი? ისინი პროფესიონალები არიან და ეს ფორმატი მიაჩნიათ უკეთესად. იმედია, გაამართლებს კიდეც - მომავალ წელს მაინც!
- ბევრჯერ გითქვამთ - არც მომეთხოვება ფეხბურთში კარგად ვერკვეოდე, მენეჯერი ვარ და ჩემი საქმე მართვააო.
- დიახ, ასე ვფიქრობ. სხვათა შორის, ლევან კობიაშვილს დიდ პატივს ვცემ. ის დიდი ფეხბურთელი იყო, ხორვატიასთან გატანილი გოლით მიღებული ემოცია კი არასდროს დამავიწყდება. პრობლემა არც სხვებთან მაქვს, პირიქით, ნებისმიერ ნოვაციას მივესალმები. ეს ბიჭები პროფესიონალი ფეხბურთელები არიან და უკეთესად ერკვევიან ფეხბურთშიც და მის განვითარებაშიც. მართალია, როგორც ზუგდიდელს, მწყინს, რომ ჩემი ქალაქის გუნდი არ არის უმაღლეს ლიგაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ქალაქში მალე დაბრუნდება დიდი ფეხბურთი!
რატი შელეგია