როგორ დავამარცხოთ ცელულიტი - კვირის პალიტრა

როგორ დავამარცხოთ ცელულიტი

ცელულიტის გაჩენას თანამედროვე ქალები ძალზე მტკივნეულად აღიქვამენ, მით უმეტეს, რომ ცელულიტი შეიძლება ჰქონდეს ჭარბწონიან, ასაკიან ქალს და გამხდარ გოგონასაც. ცელულიტის გაჩენის უამრავ მიზეზს ასახელებენ: ჰორმონალურ დარღვევებს, არასწორ ცხოვრების წესს, უმოძრაობას, თამბაქოს და ალკოჰოლურ სასმელებს, მაგრამ ექიმებს ამ მოვლენის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ექიმი-დერმატოლოგი ალექსანდრე გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ცელულიტი სულაც არ არის ნორმიდან გადახრა:

- ცელულიტი უფრო კოსმეტიკური პრობლემაა, ვიდრე სამედიცინო. ის ადამიანს არ უქმნის პრობლემებს, უბრალოდ, ყველა ქალს სურს, კარგად გამოიყურებოდეს და ცელულიტის გაჩენას ასე ამიტომ განიცდიან. ეს იმდენად გავრცელებული და ხშირი მოვლენაა, რომ წინათ ყურადღებას არავინ აქცევდა, რადგან ცელულიტი არ არის საშიში დაავადება ან ვირუსი. გასულ წლებში ცელულიტიანი ქალები ჩვეულებრივ იღებდნენ ფოტოებს და ამის კომპლექსი სულაც არ ჰქონდათ.

- ბატონო ალექსანდრე, რა იწვევს ცელულიტს?

- ცელულიტი ქალებს უჩნდებათ და არა მამაკაცებს, ამიტომ ის ქალური ჰორმონების - ესტროგენების ბრალია. დიდ როლს ასრულებს გენეტიკაც - თუ დედას ან ბებიას ჰქონდა ცელულიტი, დიდი შანსია, რომ მათ შთამომავალსაც გაუჩნდეს. რაც ასაკოვანია ქალი, უფრო მეტია რისკი, რომ ცელულიტი გაუჩნდეს. ცელულიტის დროს კანზე ჩნდება კორძები, ე.წ. ფორთოხლის კანის ეფექტი - ხელს რომ გადაუსვამთ, უსწორმასწორო ზედაპირი გხვდებათ, რაც ცხიმიანი ბურთულების დაგროვების ბრალია. ცელულიტი ძირითადად დუნდულების, მუცლის და თეძოების მიდამოში ჩნდება.

- გამომწვევ მიზეზებს შორის სახელდება მჯდომარე ცხოვრების წესი, სტრესები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ა.შ...

- ცელულიტის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს ვერავინ დაასახელებს. შეიძლება ადამიანს დარღვეული ჰქონდეს სისხლის მიმოქცევა, მაგრამ ცელულიტი არ განუვითარდეს. ზედმეტი წონაც არაფერ შუაშია: გამხდარსაც შეიძლება ცელულიტი გაუჩნდეს. ამიტომ ექიმები ფიქრობენ, რომ მთავარი მიზეზებია ესტროგენები და გენეტიკა. საერთოდ, ესტროგენების დონე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მატულობს. ყველაზე ხშირად მსგავსი პრობლემები ორსულ და მეძუძურ ქალებს აქვთ, რადგან მათ სისხლში ესტროგენების მაქსიმალური რაოდენობაა. თავისთავად ცხადია, რომ ამ პრობლემის პროფილაქტიკა საკმაოდ რთულია.

- როგორ მკურნალობენ ცელულიტს და რამდენად ეფექტიანია ეს პროცესი?

- ცელულიტის სამკურნალო მედიკამენტები არ არსებობს, მაგრამ ბოლო დროს ძალიან განვითარდა უახლესი აპარატურა. საკმაოდ ეფექტიანია ვიბრომასაჟი, ულტრაბგერითი მასაჟი, ელექტროსტიმულაცია და უამრავი სხვა მეთოდი. მათ შეუძლიათ ცხიმოვანი გროვების დაშლა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ისევ განვითარდება. მერე ისევ უნდა დაშალო. ერთი-ორი კურსის ჩატარება ცელულიტს არ აქრობს.

- ამბობენ, რომ ლიპოსაქცია ამ დროს ყველაზე კარგ შედეგს იძლევა.

- დიახ, მაგრამ ეს საკმაოდ ტრავმული გზაა, თანაც, ძვირად ღირებული. ის არა მარტო ცელულიტის, არამედ ცხიმის მოსაშორებლადაც კარგია. იმისათვის, რომ ადამიანი კარგად გამოიყურებოდეს, ყველაზე იაფი გზა მასაჟია. კარგია ასევე ვარჯიში, სიარული და ის ხერხები, რომელიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს - ეს ყველას შეუძლია პროფილაქტიკის მიზნით გააკეთოს. თუ ადამიანს ცელულიტის დაშლა სურს, კოსმეტიკურ პროცედურებს უნდა მიმართოს. ასაკოვანი ქალების 80-90%-ს აქვს ცელულიტი და ყველას ვერ ურჩევ ოპერაციის გაკეთებას.

- სწორ კვებას ერთ-ერთ დადებით ფაქტორად ასახელებენ ცელულიტის მკურნალობისას.

- ჯანსაღი ცხოვრება, ცელულიტის საწინააღმდეგო კრემები - ეს ყველაფერი ერთად დადებით შედეგს იძლევა, თუმცა, მდგომარეობის გაუმჯობესება არ ნიშნავს, რომ ცელულიტი მომავალში აღარ გაჩნდება: გარეგანი ფაქტორები მასზე ნაკლებად მოქმედებს, რადგან ეს პროცესი კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში მიმდინარეობს. თუ ცელულიტის მკურნალობისას სასურველი შედეგის მიღება გვსურს, ახალი, თანამედროვე აპარატების გამოყენება ყველაზე ეფექტიანი და კარგი გზაა.

ხათუნა ჩიგოგიძე