"ამ კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები" - ხმაური პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე - კვირის პალიტრა

"ამ კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები" - ხმაური პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა ხმაურით მიმდინარეობს. პროტესტის ნიშნად სხდომა "ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვეს.

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრები აცხადებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი არის ფარსი და ისინი ამ ფარსში მონაწილეობას არ აპირებენ.

"თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში. თქვენ იმსახურებთ რომ ამ ფარსში მარტო დარჩეთ. "ევროპული საქართველო" ტოვებს ამ სხდომას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეფასებით კი, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით "ქართულ ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი ამოძრავებს. რომან გოცირიძის განცხადებით,

რომან გოცირიძის განცხადებით, კონსტიტუცია, რომლის მიღებასაც "ქართული ოცნება" ცდილობს, არის კრიზისული დოკუმენტი, რომელსაც ქართველი ხალხი "არ აპატიებს".

"ეს არის კონსტიტუცია, რომელსაც არ ჰყავს არსად არც ერთი მხარდამჭერი გარდა, ერთადერთი პარტიისა. ვინ გიჭერთ გარეთ მხარს? ვენეციის კომისიის დასკვნა ნახეთ რომ არის უარყოფითი. თქვენ ერთი სატელიტი პარტიაც კი ვერ მოძებნეთ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი გაქვთ. ვერ მოძებნეთ ვერც ერთი, რომელიც იტყოდა, რომ ეს კონსტიტუცია მოსწონს. თქვენ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც კი ვერ მოძებნეთ რომელიც ელემენტარულად ნამუსზე აიღებდა ხელს და ამ დოკუმენტს გაამართლებდა. უფრო მეტიც, ერთი ექსპერტი ტელევიზიითაც კი ვერ გამოაჩინეთ, რომელიც იტყოდა, რომ ეს კონსტიტუცია კარგია.

არადა, არ გაკლიათ არც მასმედია და არც ექსპერტების ნაკლებობა. 2030 -ის მთელი საექსპერტო სამყარო შეკარით და 5-6 კაცი პარლამენტშიც არის. სად არიან ახლა ისინი?

აქ ხატოვანი გამონათქვამები გაისმა და ძველი კონსტიტუცია ადამიანის სხეულებს შეადარეთ. ამ კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები. აი ამაშია საქმე და თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ კონსტიტუციის შექმნაში.

ეს არის კრიზისული დოკუმენტი და ქართველი ხალხი ამ დოკუმენტის მიღებას არ გაპატიებთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დატოვებას ხმაური მოჰყვა.

თავდაპირველად, სხდომის დატოვების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დარბაზში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია უმრავლესობის წევრებს მიმართავდა, რის გამოც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მელია დარბაზში იწვევს ხმაურს და ჯერ თავად მას მოუწოდა დარბაზის დატოვებისკენ, შემდეგ კი მანდატურებს მიმართა, რომ მელია დარბაზიდან გაეყვანათ.

ამის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი თინა ბოკუჩავა ტრიბუნასთან მდგარ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ავიდა და საკუთარი უკმაყოფილება დააფიქსირა. ამის შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა სხდომის 5-წუთით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"