ALLWINE.GE - ღვინის ონლაინ მაღაზია და მედია პორტალი ღვინის შესახებ ერთ სივრცეში - კვირის პალიტრა

ALLWINE.GE - ღვინის ონლაინ მაღაზია და მედია პორტალი ღვინის შესახებ ერთ სივრცეში

ღვინის უნიკალური სახეობები, გარანტირებული ხარისხი, მისაღები ფასები, ღვინის ისტორია, ღვინის კერძებთან შეხამებასა და მიღებასთან დაკავშირებული რჩევები, სიახლეები ღვინის შესახებ, ქართული ღვინის წარმატების ისტორიები - ეს არის მრავალფუნქციური ვებგვერდი ALLWINE.GE, რომელიც ღვინის ონლაინ მაღაზიის და საინფორმაციო პორტალის სინთეზს წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ კი თბილისში, ბათუმსა და თელავში ამავე დასახელების ღვინის მაღაზიებიც გაიხსნა.

ALLWINE.GE-ს პროექტის მენეჯერის მარიამ ბიბილაშვილის განმარტებით, კომპანია მთავარ აქცენტს მცირე მარნების ღვინოებზე აკეთებს, რადგან ხშირ შემთხვევაში ისინი ღვინოს იშვიათი ჯიშების ყურძნისგან აკეთებენ.

- რატომ გადაწყვიტეთ მთავარი აქცენტის მცირე მარნების ღვინოებზე გაკეთება?

- ზოგადად, მცირე მარნებს არ აქვთ საშუალება, რომ დიდ საწარმოებს სათანადო კონკურენცია გაუწიონ. მათ მარკეტინგული კამპანიის, რეკლამირების, დისტრიბუციის გაკეთების მწირი რესურსი აქვთ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შევქმენით ონლაინ და ახლა უკვე ფიზიკური მაღაზია ALLWINE.GE. ჩვენ ერთ სივრცეში ვაერთიანებთ მცირე მარნების უნიკალური და გამორჩეული ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ ღვინოებს, რომელთაც უმეტესობას ვერ ნახავთ ღვინის მაღაზიათა ქსელებში, სუპერმარკეტებსა თუ რესტორნებში, რადგან მათი დისტრიბუცია დიდ სავაჭრო ქსელებში არ ხდება. ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობასა და უცხოელ სტუმრებს გავაცნოთ ქართული ღვინის კულტურა, ტრადიცია, დავაგემოვნებინოთ ორიგინალური ჯიშის ყურძნისგან დაწურული რჩეული ღვინოები. ამით აღნიშნულ მწარმოებლებს დიდ ასპარეზზე გამოსვლაში ვეხმარებით. საქართველოში 950-მდე მეღვინეა და პროდუქტის სათანადო რეალიზაციას მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს. სწორედ მათ დასახმარებლად შეიქმნა ჩვენი მაღაზია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან დიდი ქარხნების ღვინოები არ იყიდება.

- ვებგვერდის მედია ნაწილზე რა სახის მასალები იტვირთება?

- საიტის მეორე მხარე, მედია ნაწილი მუდმივად განახლებადია და მის შექმნაზე პროფესიონალი ღვინის ჟურნალისტები მუშაობენ. სამენოვანი საიტის მიზანია, ქართველ თუ უცხოელ მკითხველს საქართველოს მეღვინეობის ტრადიციები გააცნოს, დაეხმაროს სასურველი ღვინის შერჩევაში და მისცეს რჩევები, თუ როგორ და როდის მიიღოს ღვინო. რუბრიკაში ღვინოსთან დაკავშირებული ეტიკეტიცაა განხილული. აქვე წაიკითხავთ, ზოგადად როგორ უნდა მიირთვათ ღვინო, რა სარგებლობობა მოაქვს მას.

- რატომ გადაწყვიტეთ ამ ორი მიმართულების ერთ სივრცეში გაერთიანება? რა არის თქვენი მიზანი?

- ALLWINE.GE ყველა არსებული რესურსით ხელს უწყობს ღვინის და განსაკუთრებით, ბოთლის ღვინის პოპულარიზაციას. საქართველოში ბოთლის ღვინის მოხმარების ტრადიცია არ არსებობდა. თუმცა ბოლო პერიოდში ტენდენცია იცვლება. ბოთლის ღვინის პოპულარობის ზრდასთან ერთად, გვინდა საქართველოში ვახშმად ჭიქა ღვინის დალევის ტრადიცია დავნერგოთ და გავაძლიეროთ. ამ სიტუაციაში ღვინო საუკეთესო ალკოჰოლური სასმელია. ეს ტრადიცია ძველად საქართველოში არსებობდა და მისი აღდგენა გვინდა.

- თქვენ იწყებთ ახალ პროექტს ”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!”. როგორ მოხდება ღვინოების შერჩევა და როდის გამოვლინდებიან გამარჯვებულები?

- 10 საუკეთესო ქართული ღვინის შერჩევა 15 ოქტომბერს, ქართული ღვინის ფესტივალზე დაიწყება. აღნიშნულ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 40-მდე ქართველი მწარმოებელი, რომლებიც წარადგენენ 1 თეთრ და 1 წითელ ღვინოს. წარდგენილი 80-მდე სახეობიდან ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე სახალხო ხმის მიცემა იქნება. შემდეგ ეტაპზე ხმის მიცემა ონლაინ იწარმოებს. საბოლოოდ კი ხალხის რჩეულებიდან 10 საუკეთესოს კვალიფიციური სომელიეების გუნდი გამოავლენს.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ღვინის მსხვილ მწარმოებლებს, ისე მცირე მარნებს. ჩვენ ვუკავშირდებით ყველას, ვისთანაც ხმა მიგვიწვდება და მონაწილეობას ვთავაზობთ. ასევე, ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია, დაუკავშირდეს ALLWINE.GE-ს და ჩვენ მივაწვდით მათთვის საინტერესო ინფორმაციას.

შერჩეული 10 ღვინის პოპულარიზაციას მაქსიმალურად შევეცდებით. ვფიქრობთ, რომ მათი გასაჯაროვება ეტაპობრივად მოხდება. ეს კიდევ უფრო საინტერესოს და ჩართულს გახდის პროექტს. ჩვენი საბოლოო მიზანი კი ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარობის ზრდა არის.

- ALLWINE.GE “თიბისი ბანკის“ მიერ ორგანიზებულ ბიზნესდაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას. რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა?

- კომპანიამ ბაზარზე ოპერირების მოკლე დროში მოახერხა 100-მდე ღვინის კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება, ინტერნეტ მაღაზიის და 4 ფიზიკური სადეგუსტაციო კუთხის გახსნა. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობას ცნობადობის გაზრდის კუთხით ძალიან პოზიტიური ეფექტი ექნება. გვჯერა, რომ ნამდვილად ვიმსახურებთ გამარჯვებულის სტატუსს რამდენიმე ფაქტორის გამო: ALLWINE.GE არის პირველი წარმატებული მცდელობა ქართველი და უცხოელი მომხმარებლებისთვის, რომ ახლოს გააცნოს უნიკალური ქართული მეღვინეობის ტრადიციები და მომხმარებელს საუკეთესო, იშვიათი ღვინის შეძენა ინოვაციური მეთოდების დახმარებით გაუმარტივოს. იგულისხმება: სამენოვანი ინტერნეტ მაღაზიის და ღვინის მედიაპორტალის შექმნა, მეღვინეების წარმოებული ღვინის ერთ სადეგუსტაციო სივრცეში თავმოყრა 3 ქალაქში საუკეთესო ლოკაციებზე. მცირე და ოჯახურ მარნებს ჩვენი დახმარებით დისტრიბუციის სრულიად უსასყიდლოდ გაკეთების საშუალებას ვაძლევთ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- კომპანიის უახლოეს გეგმებში სერვისის საზღვრებს გარეთ გატანა და ღვინის ექსპორტის დაწყება შედის. პირველ ეტაპზე გაფართოება მეზობელ ქვეყნებში, შემდეგ კი ევროპასა და აშშ-შიც იგეგმება. გაფართოების კიდევ ერთი ეტაპი იყო ფიზიკური მაღაზიის გახსნაც, რაც პირველ ეტაპზე არ იგეგმებოდა. უახლოეს მომავალში ფიზიკური მაღაზიების გახსნა საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც იგეგმება. ასევე, მალე გაიხსნება მაღაზია თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც წამსვლელ ტურისტებზე იქნება გათვლილი.