"ტრამპის ადმინისტრაციამ ჯერ არ იცის ვინ დანიშნოს ფავორიტად უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში" - სააკაშვილი მეორე ფრონტს ხსნის?! - კვირის პალიტრა

"ტრამპის ადმინისტრაციამ ჯერ არ იცის ვინ დანიშნოს ფავორიტად უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში" - სააკაშვილი მეორე ფრონტს ხსნის?!

მსოფლიო მედია კვლავ აქტიურად წერს ოდესის ყოფილ გუბერნატორზე, მიხეილ სააკაშვილზე და მის სამომავლო გეგმებზე.

მიხეილ სააკაშვილი მეორე ფრონტს ხსნის?! - საქართველოს ექს-პრეზიდენტი ქვეყნის ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას Независимая газета.

გამოცემა საქართველოს პარლამენტის მიერ, მესამე მოსმენით მიღებულ კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე წერს და აღნიშნავს, რომ "როგორც ჩანს, სცენარი წინასწარ უკვე ცნობილია: რადგან გიორგი მარგველაშვილს ძირითად კანონში შეტანილი ცვლილებების მიმართ კრიტიკული დამოუკიდებლობა არ შეუცვლია, აშკარაა, რომ იგი დოკუმენტს ვეტოს დაადებს. ამის მიუხედავად, რადგან მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, არ გაუჭირდება ვეტოს გადალახვა და საბოლოო ჯამში კონსტიტუცია მაინც დამტკიცდება. სახეშეცვლილი კონსტიტუცია ძალაში შევა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, რომელიც 2018 წელს მოხდება".

პუბლიკაციაში მიმოხილულია ყველა ის ძირითადი ფაქტები და მოვლენები, რომლებიც თან ახლდა კონსტიტუციის რეფორმირების პროცესს...

"ხისტი კრიტიკის მიუხედავად, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აუღელვებლად აცხადებენ, რომ პარლამენტმა სწორედ ისეთი კონსტიტუცია მიიღო, როგორიც ქვეყანას სჭირდება. სწორედ ასეთი ძირითადი კანონი უზრუნველყოფს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას მრავალი წლის განმავლობაში და ა.შ.", - წერს ჟურნალისტი იური როქსი.

"საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებულ ამბებს უკრაინიდან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. მან "ფეისბუკში" ორაზროვანი ჩანაწერი გააკეთა: "ქართულ ოცნებას", როგორც ჩანს, არჩევნებით ხელისუფლებიდან წასვლა არ სურს, მაგრამ მოუწევსო". ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა, მაგალითად, ნინო ბურჯანაძემ აღიარა, რომ ბოლო ხანს მიხეილ სააკაშვილის მოქმედებამ და განცხადებებმა "ნაციონალები" და მათი მხარდამჭერები მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა, პარტია მარგინალიზებისაგან გადაარჩინა.

თუმცა იმის მტკიცება, რომ უახლოეს ხანში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ან სხვა რომელიმე პარტია მმართველ "ქართულ ოცნებას" ბრძოლაში გამოიწვევს და მასთან წარმატებას მიაღწევს, გულუბრყვილობა იქნებოდა. 21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების არჩევნები უნდა ჩატარდეს და როგორც გამოკითხვების შედეგები მოწმობს, მმართველი პარტია ოპოზიციას იოტისოდენასაც კი არაფერს დაუთმობს. მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე კი - 2020 წლამდე - ჯერ საკმაოდ დიდი დრო რჩება "ქართული ოცნების" პერსპექტივაზე რაიმე კონკრეტული პროგნოზის გასაკეთებლად.

გასაგებია, რომ თუ მმართველი პარტია მიუტევებელ შეცდომას არ დაუშვებს (რაც, პრინციპში, შესაძლებელია), "ქართული ოცნების" დამარცხება, ადმინისტრაციული რესურსის გათვალისწინებით, იოლი არ იქნება. გარდა ამისა, ისიც აშკარაა, რომ ოპოზიცია, რომელიც კონსტიტუციის შეფასების საკითხში

გაერთიანდა, არჩევნებში ერთიანი ფრონტით არ გამოვა: ჯერ ერთი, რომ საარჩევნო ბლოკებად გაერთიანებას თვით ახალი კონსტიტუცია კრძალავს (რითაც ოპოზიციონერები უკმაყოფილონი არიან), მეორე - ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ვთქვათ, "პატრიოტებს", "ნაციონალებს" და ნინო ბურჯანაძის პარტიას შორის რაიმე მდგრადი პოლიტიკური კავშირი ჩამოყალიბდეს. ანუ ერთიანი სტრატეგიული მიზნის მიღწევაში წამყვან ოპოზიციურ ძალებს ძალიან განსხვავებული ტაქტიკური მიდგომები აქვთ: თუ "ნაციონალებს" და მათგან გაქცეულ "ევროპელ ქართველებს" ხელისუფლებაში დაბრუნება და ბიძინა ივანიშვილის ოლიმპოდან გადმოგდება სწყურიათ, სხვა ოპოზიციონერებს სრულიად აწყობთ ხელისუფლებაში მოსვლაც და იგივე ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი ლიდერობის შენარჩუნებაც. სხვათა შორის, ამგვარი ვარიანტი შეიძლება თვითონ ხელისუფლებისაგან ვითომდა ჩამოშორებულ მილიარდერსაც აწყობდეს. ალბათ, ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ბიძინა ივანიშვილის ქმნილება "ქართული ოცნება" არამარტო ოპოზიციის, არამედ მთელი ქართული საზოგადოების გამღიზიანებელი გახდება, ხოლო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ვერსია ჰიპოთეტური კატეგორიიდან "სრულიად შესაძლებელში" გადავა. თუ მანამდე იგი უკრაინაში იმას არ მიიღებს, რისი მიღებაც სურს", - აღნიშნავს ავტორი სტატიის დასასრულს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის უკრაინაში საქმიანობის შედეგებზე საუბარია Голос Армении-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. პუბლიკაციაში განხილულია ე.წ. მიხეილ სააკაშვილის ფენომენი: როგორ მოხდა, რომ სამშობლოდან საჩქაროდ გაქცეულმა სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა ჯერ უკრაინაში ჰპოვა თავშესაფარი, ქვეყნის ხელისუფლებისაგან მოქალაქეობა მიიღო, მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნა, ახლა კი იმავე ხელისუფლებას ებრძვის.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მომხდარი ამბები, კერძოდ კი მიხეილ სააკაშვილის მოქმედება ყველაზე კარგად დაახასიათა ქართველმა პოლიტიკოსმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ, რომლის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ზურგს უკან აშშ-ის "ცეერუს" შენობა მოჩანსო.

"მართლაცდა, აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარზე კი არ გადაიყვანეს, არამედ "კონტრაბანდული საქონლის" სახით გადაიტანეს. ერთი ვერსიით, ეს იყო ამერიკის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ოპერაცია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს რეიტინგის წარმოუდგენელი დაცემით არის ნაკარნახევი, ანუ მისმა კრახმა განაპირობა ის, რომ თეთრმა სახლმა და კონგრესმა თვალი კვლავ მიხეილ სააკაშვილს მიაპყრო. მეორე ვერსიით, ვაშინგტონის "ობკომი" ფსონს კვლავ პეტრო პოროშენკოზე დებს და მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ იმიტომ ჭირდება, რომ უკრაინის პრეზიდენტი "მოკლე თოკით ჰყავდეს დაბმული". რასაკვირველია, ორივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა არის მესამე ვერსიაც: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯერ არ იცის, თუ ვისზე გააკეთოს არჩევანი, ვინ დანიშნოს ფავორიტად უკრაინის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის ნათქვამის მიხედვით, აშშ სხვა ქვეყნებისაგან იმით განსხვავდება, რომ მას აქვს უნარი მრავალუცნობიან სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა... ყველა სხვა ვარიანტს გამოიყენებსო", - წერს ავტორი, მარინა მკტჩიანი.

პუბლიკაციაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის როლზე უკრაინის საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში, მის პერსპექტივაზე: "გარეგნული აჟიოტაჟისა და ექს-პრეზიდენტის ირგვლივ ვითომდა ოპოზიციის გაერთიანების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს სერიოზული გუნდი არ ჰყავს. მას მხარს უჭერენ მხოლოდ ნაციონალისტები და ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, ანუ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოწინააღმდეგეები, რომლებიც, სხვათა შორის, იმავე ცენტრიდან ფინანსდებიან, საიდანაც ფულს მიხეილ სააკაშვილი იღებს. სიტუაცია წინასწარ გარიგებას მოგვაგონებს, როცა ყველა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ თამაშშია ჩაბმული.

...

ბევრს აწუხებს კითხვა - რატომ დასჭირდა აშშ-ს მზიური საქართველოდან გაქცეული დიდი კომბინატორის დახმარება? განა ვაშინგტონი უკრაინის თვალუწვდენელ ყანებში ისეთ ადამიანს ვერ იპოვიდა, რომელიც პერმანენტულად გააგრძელებდა რევოლუციას და ქვეყანას დაშლიდა? პასუხი მარტივია: იმიტომ დაჭირდა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილს აქვს რუსეთთან ომის გამოცდილება, ანუ სწორედ ის გამოვა რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინელი პოლიტიკოსები, რომლებთაც, მიხეილ სააკაშვილისაგან განსხვავებით, თავიანთი სამშობლო უყვართ, რუსეთთან ომის პროვოცირებას არ მოახდენენ, რადგან იციან, რა კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება. ჰოდა, აგერაა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დავალებას კარგად შეასრულებს... იგი ვერსად გაექცევა ამერიკულ სპეცსამსახურებს, რომლის ინტერესებსაც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა. აი, ამ მიზეზის გამო იყენებს ვაშინგტონი საქართველოს ექს-პრეზიდენტს", - აღნიშნულია სტატიაში. (წყარო)

თარგმნა სიმონ კილაძემ