მორიგი ვეტოს მოლოდინში... - რას პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას პრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

მორიგი ვეტოს მოლოდინში... - რას პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას პრეზიდენტი?

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების - ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრებს და ოპოზიციას კონსულტაციები შესთავაზა. უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზად არის, თუმცა მას შეხვედრის საკუთარ ფორმატს - მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრას სთავაზობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ მზაობა გამოთქვა საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს თავადაც შეხვდეს.

ოპოზიციური პარტიების შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტისადმი პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის შეთავაზება არათანმიმდევრული და არაადეკვატურია.

თავად გიორგი მარგველაშვილის თქმით კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კარი სათათბიროდ ღიაა. ამის შესახებ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"მე დღეს როგორც ვხედავ, არ არის "ქართული ოცნების" წარმომადგენელი. ეს დასანანია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ როცა საუბარია რთული ვითარებიდან გამოყვანაზე, მე ყოველთვის მზად ვარ - ჩემი კარი ღიაა სათათბიროდ. ჩვენ გვაქვს კარგი გამოცდილება იმისა, რომ შეძლეს განსხვავებული შეხედულებების პოლიტიკოსებმა 5 საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელიც ჩასწორების სახით არის შემოთავაზებული. ვეტო არის რთული ვითარებიდან გამოსავალი, მგონი ამაზე ყველა თანხმდება - კონსტიტუციის მიმღები "ქართული ოცნებაც" და ამაზე თანხმდება პოლიტიკური სპექტრიც. ვფიქრობ, ჩვენ ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის ლევან თარხნიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტი "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრას აპირებს. თუკი ეს შეხვედრა გაიმართება, პარტიებთან შეხვედრის ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება.

"პარტიებმა პრეზიდენტთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზაობა დიალოგისთვის, თუ ასეთი შესაძლებლობა კიდევ გაჩნდება. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ მზად ვართ განვაგრძოთ მუშაობა ამ რეჟიმში, რა რეჟიმშიც პრეზიდენტთან ვმუშაობდით. პრეზიდენტს ვთხოვეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამოიყენოს ვეტოს უფლება, ხოლო ვეტოს საწყის ვარიანტად ის ხუთპუნქტიანი შეთანხმება აიღოს, რომელიც პარტიებმა და პრეზიდენტმა ერთობლივად შევიმუშავეთ. პრეზიდენტი "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრას აპირებს, თუკი ეს შეხვედრა იქნება, ასეთ ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა დაიგეგმება, ამის შემდგომ მიიღებს პრეზიდენტი საბოლოო გადაწყვეტილებას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან თარხნიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით