რაში სჭირდება საპატრიარქოს გასროლილი ჰილზები? - "ამას კანონმდებლობა არ კრძალავს" - კვირის პალიტრა

რაში სჭირდება საპატრიარქოს გასროლილი ჰილზები? - "ამას კანონმდებლობა არ კრძალავს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5000 კილოგრამი გასროლილი თითბრის ჰილზები საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადაეცემა.

პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, გასროლილი თითბრის ჰილზების გადასაცემად საპატრიარქოს თავდაცვის სამინისტროსთვის არაერთხელ მიუმართავს.

დეკანოზის თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, აღნიშნულს კანონმდებლობა არ კრძალავს. 5 ტონა გასროლილი თითბრის ჰილზები მახათას მთაზე მშენებარე ტაძრისთვის მეორედ ითხოვეს. პირველ ჯერზე გადამუშვების შემდეგ ტაძრის გუმბათის ჯვარი ჩამოისხა.

„ასეთი პრაქტიკა სხვა დროსაც გამოგვიყენებია, როდესაც თავდაცვის სამინისტროსთვის მიგვიმართია თხოვნით, განასროლი ჰილზების გადმოცემის თაობაზე. გასროლილ ჰილზებს საპატრიარქო შემდეგ ჯვრის, ზარების, ტაძრის კარის, შანდლებისა და სხვა საეკლესიო ნივთების დასამზადებლად იყენებს. მე მახსენდება, შემთხვევა, როდესაც ვარკეთილში, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდებოდა, სამაჩაბლოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინა გზირიშვილი ტაძრის მშენებლობაზე აქტიურობდა. მათაც რამდენჯერმე გადავეცით ეს მასალები. თავდაცვის სამინისტრო თავად იყო დაინტერესებული ამ ტაძრის კეთილმოწყობაში გამოყენებული ყოფილიყო ეს მეორადი პროდუქტი. ეს პრაქტიკა მანამდეც არსებობდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამას კანონმდებლობა არ კრძალავს“, – განაცხადა მამა მიქაელმა.

"ინტერპრესნიუსი"