"დედების სადღეგრძელო დაულევიათ, დათოს უთქვამს, დედას საფლავზე ავიდეთო" - ავტოავარიას შეწირული 4 ლამაზი სიცოცხლე
"გარდაცვლილი ბიჭების დედები ორი თვის ინტერვალით დავკრძალეთ და ჯერ წელიწადიც არ არის გასული მათი გარდაცვალებიდან"
26 სექტემბერს, თბილისში, კუკიიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ავტომანქანა, რომელშიც 7 ადამიანი იჯდა, ხეს შეასკდა. ადგილზე დაიღუპა 4 ახალგაზრდა - ძმები: ტატო და დავით ხუნჯუები და მათი მეგობარი ასევე ძმები: სერგო და ლევან ლაშქარავები, მანქანაში მყოფმა კიდევ სამმა ახალგაზრდამ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ისინი სასწრაფოს ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულებს ოპერაციები ჩაუტარდათ, მათ გადარჩენას ექიმები დღემდე ცდილობენ, როგორც ამბობენ, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ოთხივე ახალგაზრდა ერთ უბანში - კუკიაზე გაიზარდა, მათზე წარსულ დროში საუბარი ყველას უჭირს. როგორც გაირკვა, ხუნჯუების და ლაშქარავების დედები კუკიის სასაფლაოზე არიან დაკრძალულები და იმ საბედისწერო დღეს შვილები მათ საფლავზე მივიდნენ. იქიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა.
ქალბატონი მანანა გულიაშვილი ლაშქარავების მეზობელია, ის საშინლად განიცდის მომხდარს. ტირილით მითხრა, თქვენ არ იცით რა ახალგაზრდები დაკარგა საქართველომ, ოთხი საჯიშე ქართველი დაიღუპა და ყველანი შოკირებულები ვართო.
მანანა გულიაშვილი:
- მთელი უბანი, მთელი სანაცნობო გლოვობს ამ ბიჭებს, იმდენად კარგი ადამიანები იყვნენ, რომ დაზაფრულები ვართ მომხდარით. გამორჩეულები, საჯიშე ბიჭები აღარ არიან. სერგო 38 წლის იყო, ლევანი 37 - ის, მათ კიდევ ერთი უფროსი ძმა ჰყავთ, რომელიც რუსეთშია და იქ შეიტყო ეს საშინელი ამბავი. ლევანს 11 წლის შვილი დარჩა. საოცარი ძმობა ჰქონდათ ლაშქარავებს, სულ ერთმანეთის გვერდით იყვნენ. მამა ადრე გარდაეცვალათ და დედა და ბებია ზრდიდნენ. ფაქტობრივად, ბიჭები ბებიის გაზრდილები არიან, რადგან დედა სულ მუშაობდა. სამწუხაროდ, ბიჭების დედას სიმსივნე ჰქონდა და ერთი წელი არ არის, რაც გარდაიცვალა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ უვლიდნენ შვილები დედას, ევლებოდნენ.
ბიჭების დედა ზრდიდა ლევანის შვილს და მისი გარდაცვალების შემდეგ ბავშვს ბიჭები უვლიდნენ. სერგოს საცოლე ჰყავდა, ცოლის მოყვანას უკვე მალე აპირებდა, ბედნიერი უნდა ყოფილიყო და ეს საშინელება მოხდა. ამის გააზრებაც არ შემიძლია, ძალიან განვიცდი.
ასევე ძალიან კარგად ვიცნობ ხუნჯუების ოჯახს, გამორჩეული, კარგი ხალხია. 5 შვილი გაზარდეს მშობლებმა. ტატო 26 წლის იყო, დათო - 36 - ის, ბიჭებს სამი და ჰყავთ, ყველანი საკუთარ პროფესიაში წარმატებულები არიან, ერთ-ერთი და გერმანიაში ცხოვრობს, ამ საშინელი ამბის მერე ჩამოვიდა.
საოცრად კარგი მამა ჰყავთ, მომხდარმა გაანადგურა... არ ვიცი, რა უნდა გითხრათ, სიტყვები არ მყოფნის იმ ემოციის გამოსახატად, რასაც განვიცდი. რატომ უნდა ხდებოდეს ასე? დათო ხუნჯუა ძმები ლაშქარავების თანატოლია და ბავშვობიდან სულ ერთად იყვნენ, ერთ უბანში გაიზარდნენ და მეგობრობდნენ. ხუნჯუების დედაც სიმსივნით ავადმყოფობდა და ისიც წელს გარდაიცვალა. მათი დედები ორი თვის ინტერვალით დავკრძალეთ და ჯერ წელიწადიც არ არის გასული მათი გარდაცვალებიდან.
იმ საბედისწერო დღეს დათოს დაბადების დღე იყო. ბიჭი გვიან დაბრუნებულა სამსახურიდან. სუფრა გაიშალა და ბიჭები აღნიშნავდნენ ერთად იუბილეს, სუფრასთან ახალ დამსხდრები, მალევე წამოშლილან და სწრაფად გასულან სახლიდან. როგორც მითხრეს, დედების სადღეგრძელო დაულევიათ და დათოს უთქვამს, დედას საფლავზე ავიდეთო და ყველანი ერთად წასულან კუკიის სასაფლაოზე. მანქანაში 7 ადამიანი იჯდა. დაშავებულებიდან ერთი ჩვენი უბნელი ბიჭია, ხოლო ორი ხუნჯუების ახლობელი. სახლამდე მოსასვლელად 3, მაქსიმუმ, 5 წუთი სჭირდებოდათ და მოხდა ეს საშინელება... სახლამდე ვეღარ მოაღწიეს. არც ტატოს და დათოს ჰქონდა ოჯახი შექმნილი. ულამაზესი, ჯიშიანი ბიჭები დავკარგეთ. ძნელია ასეთ დროს რაიმე სანუგეშო თქვა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)