"არ მივცემთ თბილისის ტერიტორიებს ბიძინა ივანიშვილს" - ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოში - კვირის პალიტრა

"არ მივცემთ თბილისის ტერიტორიებს ბიძინა ივანიშვილს" - ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოში

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო და რამდენიმე წუთში შეწყდა. ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ლოჟიდან დაცვამ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები და ლიდერები ძალის გამოყენებით გაიყვანა.

სხდომის დაწყებიდან დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში საკრებულოს სხდომა შეწყვეტილი იყო.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ლოჟაში მყოფ "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, კერძოდ ელენე ხოშტარიას არაერთხელ მიმართა, მიეცათ მათთვის მუშაობის საშუალება. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა უარი განაცხადეს აღნიშნულზე, კერძოდ ელენე ხოშტარია აცხადებდა, რომ საკითხი მოუმზადებელია და სხდომა უნდა გადაიდოს.

ლოჟაში დაცვის სამსახურის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რომლებმაც ძალის გამოეყნებით დარბაზიდან გაიყვანეს ისინი. სხდომა ამ წუთებშიც არ განახლებულა.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა დაპირისპირებულებს 10 წუთი მისცა სიტუაციის განსამუხტად, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადა, რომ პატრულს გამოიძახებს.

"ყველაფერზე ხელისმომწერები არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ოღონდ ასიამოვნონ ბიძინა ივანიშვილს, ოღონდ დაუკანონონ ის მიწები, რომელსაც ითხოვს. ამის გამო ყველაფერზე წამსვლელები არიან.

ორ ქალაქში ერთად მიიტანეს შეტევა ბოტანიკურ ბაღებზე – ბათუმში და თბილისში. ერთ დღეს უნდათ რომ დაუკანონონ, მაგრამ არ გამოუვათ. სამოქალაქო საზოგადოება დგას ახლა ზევით, ის ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგია და არ გავატანინებთ ამ წინადადებას. არ მივცემთ თბილისის ტერიტორიებს ბიძინა ივანიშვილს. სხდომას ისინი თვითონ შლიან, შემოდიან და შეურაცხყოფას გვაყენებენ. ეს უნამუსოები, როგორ ბედავენ და თბილისის მიწებს ასე ურცხვად ასხვისებენ და კიდევ ხმას იღებენ", – განუცხადა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საკრებულოში.

"ინტერპრესნიუსი"