The Washington Post: "ტირანი, რომელიც საზღვრებს არ სცნობს" - კვირის პალიტრა

The Washington Post: "ტირანი, რომელიც საზღვრებს არ სცნობს"

"განა ევროკავშირისაკენ მიმავალი და დემოკრატიული მიზნების მქონე ქვეყანა აზერბაიჯანის ჟურნალისტის გატაცებისა და საზღვარზე გადაყვანის თანამონაწილე უნდა იყოს?"

2017 წლის 29 სექტემბერის ნომერში ამერიკულმა გამოცემა The Washington Post-მა გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია, რომელიც ეხება საქართველოში, თბილისში 29 მაისს მომხდარ ფაქტს - აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. პუბლიკაციაში მწვავედაა გაკრიტიკებული აზერბაიჯანის ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

გთავაზობთ მასალის თავისუფალ თარგმანს, მცირე შემოკლებით:

"29 მაისს, საქართველოს დედაქალაქ თბილიში მცხოვრებმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ კაფედან ცოლს დაურეკა და უთხრა, რომ მეგობართან იმყოფებოდა და შინ ბრუნდებოდა... მაგრამ აფგან მუხთარლი სახლში არ დაბრუნებულა. ერთი დღის შემდეგ მისმა ცოლმა გაიგო, რომ მეუღლე აზერბაიჯანის ციხეში იმყოფებოდა.

დამოუკიდებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ორი წლის წინათ აზერბაიჯანიდან გაიქცა. როგორც ჩანს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, პოლიციური სახელმწიფოს მსგავსად, რომელიც საზღვრებს არ სცნობს, იგი უკან დააბრუნა. აფგან მუხთარლი მწვავედ აკრიტიკებდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და თავდაცვის სამინისტროში კორუფციის ფაქტებს იკვლევდა.

გატაცების ჟამს აფგან მუხთარლი დაინტერესებული იყო ილჰამ ალიევის ფინანსური აქტივებით საქართველოში. იგი ხშირად გამოდიოდა აგრეთვე დამოუკიდებელი მედიასაშუალების "მეიდან ტვ"-ის ეთერში. აფგან მუხთარლი, თავის კოლეგა ჟურნალისტ ჰაჯიდა ისმაილოვასთან ერთად, აზერბაიჯანში ყოფნისას პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას განიცდიდა და საბოლოოდ იგი ქვეყნიდან გაიქცა.

როგორც ირკვევა, აფგან მუხთარლი სახლში დაბრუნების დროს გზიდან გაიტაცეს, სცემეს და თვალებახვეული გადაიყვანეს აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, მას ბრალი კონტრაბანდისა და საზღვარზე უკანონოდ გადასვლის მცდელობისთვის წაუყენეს. გარდა ამისა, ჯიბეში მას თითქოსდა 10 ათასი ევრო აღმოაჩნდა. დაპატიმრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ აფგან მუხთარლი ისევ ციხეში იმყოფება.

აფგან მუხთარლის საქმეს "სხვა სუნი ასდის": პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი მმართველობის მეთოდები სხვა ქვეყნის - საქართველოს ტერიტორიაზეც განახორციელა. მართალია, ევროპარლამენტმა მომხდარი ფაქტი დაგმო, მაგრამ ამას საერთაშორისო დონეზე ილჰამ ალიევის მოქმედების ისეთი მკვეთრი კრიტიკა არ მოჰყოლია, რასაც იგი იმსახურებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოკლე განცხადებაში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ "ვაშინგტონი შეშფოთებულია ჟურნალისტის გატაცებით" და მეტი არაფერი. ასეთი მორიდებული რეაქცია პრეზიდენტს ილჰამ ალიევს იმ აზრს განუმტკიცებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისათვის სულ ერთია და არ ადარდებს, თუ როგორ ირღვევა და ფეხქვეშ ითელება ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა საზღვარგარეთ.

ჩვენ ვხედავთ, რომ დიქტატორების მეთოდები და მოქმედების ტაქტიკა ერთნაირია: არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა, მათი შერაცხვა "უცხოელ აგენტებად", თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა... მისტერ ილჰამ ალიევმა, ალბათ, კარგად აითვისა ჩინეთის გამოცდილება არალიბერალურ ქმედებებში და, როგორც ჩანს, მას შეუძლია სემინარი ჩაატაროს დიქტატორობის თაობაზე.

სამწუხაროა, რომ კლასში ყველა ადგილები უკვე შევსებულია.

კიდევ ერთი მომენტი, რითაც ეს საქმე გამოირჩევა, იმაში გამოიხატება, რომ მასში საქართველომ ბნელი, საეჭვო როლი შეასრულა. განა ევროკავშირისაკენ მიმავალი და დემოკრატიული მიზნების მქონე ქვეყანა აზერბაიჯანის ჟურნალისტის გატაცებისა და საზღვარზე გადაყვანის თანამონაწილე უნდა იყოს? მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ უარყო გატაცებაში თანამონაწილეობა და განაცხადა, რომ ამ საქმეს გამოიძიებდა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი ძალიან მცირეა. საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს, რომ იგი გატაცებაში ჩარეული არ არის, აზერბაიჯანმა კი აფგან მუხთარლი უნდა გაათავისუფლოს, როგორც საერთაშორისო სახელმწიფო საზღვარზე იძულებით გადაყვანის მსხვერპლი. კარგი იქნებოდა, თუ უფრო მეტი სახელმწიფო და მთავრობა დაგმობს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხრიკებს. ასეთი რეაგირება ტირანების მოქმედებას შეზღუდავს".

იხილეთ ასევე:  "სილამაზე დედისგან მერგო" - აზერბაიჯანის ყველაზე მოდური და გავლენიანი პირველი ლედი