#გაუფრთხილდიბუნებას – "ბიბლუსმა" პოლიეთილენის პარკების წინააღმდეგ პროპაგანდა დაიწყო - კვირის პალიტრა

#გაუფრთხილდიბუნებას – "ბიბლუსმა" პოლიეთილენის პარკების წინააღმდეგ პროპაგანდა დაიწყო

იცოდით, რომ პოლიეთილენის პარკს უკვდავ ნაგავს უწოდებენ და გარემოს ყველაზე მეტად სწორედ ეს პროდუქცია აბინძურებს? ეკოლოგების მოკვლევით, პოლიეთილენის პარკი თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო 400–1000 წელზე მეტხანს რჩება ბუნებაში, არ არის ბიოდეგრადირებადი, რთულად იშლება, დაახლოებით 96% არ ექვემდებარება მეორედ გამოყენებას, დაშლის დროს კი (თუ ასეთი ხდება) ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებს ტოქსიკური ნივთიერებებით აბინძურებს და მეტიც, აღწევს კვებით ჯაჭვში. ბევრმა ალბათ არც იცის, რომ პოლიეთილენი ჩვეულებრივი ნავთობპროდუქტია და ის არანაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სხვა ტიპის ნავთობპროდუქტების ნარჩენების პირდაპირ ცოცხალ ბუნებაში მოხვედრა. ამასთან, აღნიშნული პროდუქცია არამხოლოდ აბინძურებს ბუნებას, საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებასაც - პოლიეთილენის გადაყლაპვის გამო, წელიწადში, დაახლოებით, მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება.

პოლიეთილენის პარკის სწორედ ასეთი საშიში შედეგების გამო, განვითარებულმა სახელმწიფოებმა სწრაფი ზომების მიღება დაიწყეს - პოლიეთილენის მოხმარების შემცირებისა და მისი ქაღალდის პარკებით ჩანაცვლების პროპაგანდა მთელს მსოფლიოში უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს, საქართველოში კი ამ მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე მხოლოდ 2010 წელს დაფიქრდნენ. საბოლოოდ, შემუშავდა საკანონმდებლო დოკუმენტიც, რომლის მიხედვითაც 2017 წლის პირველი სექტემბრიდან, საქართველოში 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების იმპორტი და წარმოება აიკრძალა, 2018 წლის პირველი იანვრიდან კი 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკის წარმოება და იმპორტი უნდა აიკრძალოს.

ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელიც გარემოს დაცვის პროპაგანდაში ამ მიმართულებითაც აქტიურად ჩაერთო და უკვე წლებია ცდილობს მომხმარებელს მავნე პოლიეთილენის პარკის ნაცვლად, ქაღალდის პარკების გამოყენება შესთავაზოს - "ბიბლუსია". მეტიც, იმისთვის, რომ ქაღალდის პარკებზე მოთხოვნა საზოგადოებაში გაიზარდოს და ეს ჯანსაღ ტრადიციად ჩამოყალიბდეს, შესაბამისად, ნაკლები ზიანი მივაყანოეთ გარემოს, სადაც ვცხოვრობთ, წიგნების მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს უვნებელ პროდუქციას სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს.

თინათინ ფეიქრიშვილი, "ბიბლუსის" მარკეტინგის ხელმძღვანელი: "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელი ცხრა წელზე მეტია კეთილ და საპასუხისმგებლო საქმეს ემსახურება - გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი მთელ საქართველოში. მკითხველებისგან ყოველდღიურად ვიღებთ დადებით შეფასებებს, ვისმენთ მათ მოსაზრებებს და შესაბამისად, ვცდილობთ, მათთვის უფრო მეტი გავაკეთოთ.

რამდენიმე წლის წინ, გარემოს დაცვის კამპანია #გაუფრთხილდიბუნებას დავიწყეთ, რომლის ფარგლებშიც ქსელში ქაღალდის პარკები შემოვიტანეთ და აქტიურად დავიწყეთ პროპაგანდა, რომ ჩვენს მომხმარებელს პოლიეთილენის პარკების ნაცვლად, რომელიც გარემოს უდიდეს ზიანს აყენებს, ქაღალდის პარკები გამოეყენებინა. მიხარია, რომ "ბიბლუსის" ამ ნაბიჯს დადებითად შეხვდა მომხმარებელიც, თუმცა სტატისტიკის მიხედვით, პოლიეთილენის პარკებზე მოთხოვნა მაინც დიდი იყო. სწორედ ამიტომ, მეტი სტიმულისთვის, გადავწყვიტეთ, ვინც "ბიბლუსში" პროდუქციას შეიძენდა, ქაღალდის პარკი სრულიად უსასყიდლოდ გადაგვეცა, პოლიეთილენის პარკებზე კი სიმბოლური ფასი დაგვეწესებინა. აღნიშნული პრეცედენტის შემდეგ, საკმაოდ დაიკლო პოლიეთილენის პარკებზე მოთხოვნამ და დაახლოებით გასამმაგდა ქაღალდის პარკების მოხმარების მაჩვენებელი, რაც გვახარებს. სხვათა შორის, ქაღალდის პარკები ვიზუალურადაც უფრო მიმზიდველად გამოიყურება და უფრო პრაქტიკულიცაა -"ბიბლუსს" თავისი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გარემოს დაცვაში და ამას ჩვენი ერთგული მომხმარებლების დახმარებით ვაკეთებთ. კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებთ, არ გამოიყენონ პოლიეთილენის პარკი და ერთად გავუფრთხილდეთ ბუნებას".

რუსუდან შელია