"მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" - უნიკალური პროექტი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არა აქვს
"თუ უცხოეთში გამგზავრებასა და რომელიმე მუზეუმის დათვალიერებას გეგმავთ, უნიკალური გამოცემის მეშვეობით, მას ცოდნით შეიარაღებული ესტუმრებით"
თუ ხელოვნების მოყვარული ხართ, ხშირად სტუმრობთ სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებს ან მომავალში გეგმავთ მათ დათვალიერებას, ან სულაც, ვერ ახერხებთ მოგზაურობას, მაგრამ გსურთ მსოფლიოს მუზეუმებზე დეტალური ინფორმაციის მიღება, "პალიტრა L"-ის უნიკალური პროექტი "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" შეუცვლელ მეგზურობას გაგიწევთ - გამომცემლობა მსოფლიოს 12 მუზეუმში დაცულ ხელოვნების ნიმუშებთან ერთად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიასაც მოგითხრობთ. სერიაზე ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები მუშაობენ და ის "კვირის პალიტრასთან" ერთად ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება. "კვირის პალიტრა" ხელოვნებათმცოდნეებსა და მთარგმნელებს ესაუბრა, რომლებიც ამ პროექზე მუშაობდნენ:
მაია დონაძე, მთარგმნელი, ფილოლოგი: - პროექტ "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" საქართველოში ანალოგი არა აქვს. მართალია, სამეცნიერო ენციკლოპედიებისა თუ ნაშრომების კითხვისას გარკვეულ ინფორმაციას იღებთ, თუმცა, ასეთი მარტივად აღსაქმელი ტექსტითა და მაღალი ხარისხის ფოტოებით დატვირთული წიგნი ხელოვნების ნიმუშებისა და ისტორიის შესახებ საქართველოში არ გამოცემულა. მიხარია, რომ პროექტში წვლილი შემაქვს. ვფიქრობ, ის უამრავი მკითხველის საოჯახო ბიბლიოთეკას დაამშვენებს. "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" ერთგული მეგზური გახდება არა მხოლოდ მკითხველისთვის, რომელსაც მსოფლიო მუზეუმების შესახებ ინფორმაცია აინტერესებს, მაგრამ შესაბამისი განათლება არა აქვს, არამედ ხელოვნებათმცოდნეებისთვისაც, რადგან სერიაში თითოეული ნაშრომისა და მათი ავტორების შესახებ საინტერესო ბიოგრაფიული კვლევების გარდა, მსოფლიოში ცნობილი იტალიელი ხელოვნებათმცოდნის ანალიზს გაეცნობით.

ეკატერინე კობახიძე, მთარგმნელი, პროფესორი: - ეს პროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ მასზე პროფესიონალთა გუნდი მუშაობს. ბუნებრივია, ასეთ გამოცემაზე მოყვარული მთარგმნელი ან ხელოვნებათმცოდნე ვერ იმუშავებდა - უამრავი დეტალია, რომელიც საფუძვლიან ცოდნასა და გადამოწმებას მოითხოვს, განსაკუთრებით, ისტორიული ტერმინების.
მოგეხსენებათ, პროექტი თავდაპირველად იტალიურმა გამოცემამ მოამზადა და მასზე ცნობილმა ხელოვნებათმცოდნე დავირიომ იმუშავა. მისი ნაშრომები მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს და მის ანალიზს ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები ითვალისწინებენ, ახლა კი ქართველ მკითხველსაც უჩნდება შესაძლებლობა, დავირიოს კვლევებს გაეცნოს და მისი დახმარებით შეუცვლელი გზამკვლევი ჰქონდეს სხვადასხვა მუზეუმის გაცნობისას. დავირიო თითოეული ნახატისა და მისი ავტორის ბიოგრაფიაზე საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. მეტიც, მუზეუმების დაფუძნების შესახებ ცნობები იმ ქვეყნებზეც მოგვითხრობს, სადაც ეს მუზეუმებია დაარსებული... შესაბამისად, ამომწურავ ინფორმაციას ყველა მიმართულებით მიიღებთ, თუ გამგზავრებასა და რომელიმე მუზეუმის დათვალიერებას გეგმავთ, მას ცოდნით შეიარაღებული ესტუმრებით.
ლუვრის, უფიცის, ლონდონის ეროვნული გალერეის, ორსეის, ვენის ხელოვნებისა და სხვა მსოფლიოში ცნობილი მუზეუმების გარდა, გამომცემლობის გადაწყვეტილებით, სერიას ერთ-ერთ წიგნად საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესახებ გამოცემაც დაემატა. მეტიც, ამ წიგნის გამოცემაში "პალიტრა L"-ის გუნდთან ერთად საქართველოს ეროვნული მუზეუმიცაა ჩართული. შესაბამისად, თუ ჯერ კიდევ არ იცით, საქართველოში რა ტიპის უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა - ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი, პირველხარისხოვანი აღმოსავლური ძეგლები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები ინახება, წიგნი საქართველოს ისტორიის უკეთ შეცნობაშიც დაგეხმარებათ.
ნინო ხუნდაძე, ხელოვნებათმცოდნე, დოქტორი: - საქართველოს ეროვნული მუზეუმი არაერთ მსოფლიო საგანძურს ინახავს. ვგულისხმობ კრანახის "მაჭანკალს", ასევე ჰოლანდიელი მხატვრების შემოქმედებასა და ვენეციანოს დიპტიქს. აქვე გადაშლილია ქვეყნის მთელი ისტორიაც, რომლის შესახებ, შესაძლოა, მკითხველს ინფორმაცია არ ჰქონდეს. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ნამდვილად იმსახურებს 12 საუკეთესო მუზეუმთან ერთად გამოცემას და მიხარია, რომ "პალიტრა L"-მა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. პროექტი "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არსით, მისი დანიშნულებითაც - რაც უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება მსოფლიო შედევრების შესახებ, მით მეტად ავიმაღლებთ კულტურას და გავიჯანსაღებთ წარმოდგენას სამყაროზე.
რუსუდან შელია