რომი, პარიზი, პრაღა და ბარსელონა - Wizzair-მა ქუთაისიდან ახალი ავიარეისები დაამატა
უნგრული ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისიდან ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაამატა.
კერძოდ, Wizzair-ის ავიარეისებს დაემატა: ქუთაისი-რომი, ქუთაისი-პრაღა, ქუთაისი-პარიზი და ქუთაისი ბარსელონა.
პირდაპირი ავიარეისები აღნიშნულ ქალაქებში 2018 წლიდან ამოქმედდება. მომხმარებელს ბილეთების ყიდვა უნგრული ავიაკომპანიის საიტზე უკვე შეუძლია.
ქუთაისი-ბარსელონას (ელ პრატის აეროპორტი) მიმართულებით პირველი რეისი 18 მაისს განხორციელდება და ბილეთის ფასი 79 ლარი იქნება; ქუთაისი-რომის (ფლუმიჩინოს აეროპორტი) მიმართულებით პირველი ფრენა 17 მაისს იქნება და ბილეთის შეძენა 111 ლარად არის შესაძლებელი.
ასევე 17 მაისს განხორციელდება ქუთაისი-პარიზისა (ბოვეს აეროპორტი) და ქუთაისი პრაღის პირველი პირდაპირი რეისი. რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, ორივე მიმართულებით 17 მაისის ბილეთის შეძენა 111 ლარად არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ პარიზში თვითმფრინავი "ბოვეს" აეროპორტში დაეშვება. აღნიშნული აეროპორტი პარიზიდან 85 კმ-ის დაშორებით, ტილეს კომუნაში მდებარეობს.