შეცდომა, რომელიც სიცოცხლეზე მეტია
"სამედიცინო სფეროში არსებული ვითარება მძიმეა. ამის დასტურია დღემდე არსებული აქტუალური კითხვა: "ვინმე სანდო ექიმს ხომ არ მირჩევდი?"
"სამედიცინო შეცდომების სიმრავლისა და სიმძიმის მიუხედავად, უკვე წლებია, არც ერთ ექიმს ლიცენზია არ შესწყვეტია"
მხოლოდ მიმდინარე წელს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ პროფესიული პასუხისმგებლობა 157 ექიმს დააკისრა, აქედან სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 67 ექიმს შეუჩერდა. 2016 წელსაც მსგავსი სტატისტიკა გვქონდა - სააგენტომ 178 პაციენტის საქმე შეისწავლა და პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა 198 ექიმს, საიდანაც 105-ს "წერილობითი გაფრთხილება" მიეცა, ხოლო სხვადასხვა ვადით სერტიფიკატის მოქმედება 93 ექიმს შეუჩერდა. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ექიმის მიმართ არ იქნა გამოყენებული ყველაზე მკაცრი პროფესიული სანქცია - საექიმო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, მიუხედავად მრავალი შემთხვევისა, როცა პაციენტების ახლობლები სწორედ ექიმების შეცდომებზე მიუთითებდნენ. ამდენად, ლეგიტიმურია შეკითხვა: რამდენად ობიექტურია *პროფესიული განვითარების საბჭო კოლეგების შეცდომების შეფასებისა და მათთვის სანქციების დაწესებისას?
"ახმეტაში მცხოვრები 25 წლის მამუკა სახლთხუციშვილის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები და მეგობრები თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. როგორც გარდაცვლილის მეგობრები ჰყვებიან, მამუკა საავადმყოფოში თავის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, ექიმებმა მას გადასხმები ტომოგრაფიის გადაღების გარეშე გაუკეთეს, რის გამოც პაციენტს წნევამ აუწია და ინსულტი დაემართა. ახლობლების თქმით, ექიმების ვარაუდით, პაციენტს ვირუსი ჰქონდა და გადასხმების გაკეთებიდან რამდენიმე საათში საავადმყოფოდან გაწერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი თავის ძლიერ ტკივილს უჩიოდა, ექიმები ეუბნებოდნენ, იტყუები, ასეთი ძლიერი წამლები გაგიკეთეთ, აღარ გტკივაო. მას შემდეგ, რაც პაციენტი დამძიმდა, ექიმებმა ახლობლებს მისი თბილისში გადაყვანის უფლება მისცეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ეს შემთხვევა შესასწავლად სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაეცა".
"გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, 29 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, კონსულტაციებს გადიოდა თავის ექიმთან, ყველა ანალიზი დროულად ჰქონდა გაკეთებული. ექიმების განმარტებით, მშობიარობამ ნორმალურად ჩაიარა, თუმცა, შემდეგ აღირიცხა სისხლდენა, თირკმელმა შეწყვიტა ფუნქციონირება, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. პაციენტის ახლობლებმა ამ შემთხვევაშიც მიმართეს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს. შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო გამოძიება 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს".
"თერჯოლის საავადმყოფოში 2 წლის გოგონას გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, 2 დღის წინ ბავშვი საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი დაიზიანა, რის გამოც ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, თუმცა, ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა. ახლობლების ვარაუდით, გოგონას ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს. ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის შესწავლა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოშიც მიმდინარეობდა".
"ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ოჯახის წევრები და ახლობლები 19 წლის შოთა ცირდაიას გარდაცვალებაში ადანაშაულებენ. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ჰყვებიან, გართულებული პნევმონიის მკურნალობის შემდეგ, პაციენტი შინ გაეწერა, თუმცა, საავადმყოფოში მისი გადაყვანა განმეორებით გახდა საჭირო, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და აუცილებელი გახდა მისი თბილისში გადაყვანა. ავადმყოფი რეფერირებისას გარდაიცვალა, რაშიც ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. შემთხვევის შესწავლა სამეცნიერო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაიწყო".
"გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნის მკვიდრის, 59 წლის ქალის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. ადგილობრივების თქმით, ქეთევან ჩირიკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გულის შეტევის შემდეგ მიიყვანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ოპერაცია უნდა ჩატარებოდა, თუმცა, მეორე დღეს ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ პაციენტი გულის შეტევით გარდაიცვალა. სახლში გადასვენების შემდეგ ნათესავებმა გარდაცვლილის სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები და ჭრილობები შენიშნეს. ოჯახის მოთხოვნით, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს".
ეს ტრაგიკული ისტორიები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ბოლო 2 წელიწადში მომხდარი ასეულობით შემთხვევიდან, როცა პაციენტის ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ. თუმცა, ესეც ვერ ასახავს სრულ სურათს, რადგან პაციენტის ახლობლები ზოგჯერ არ ან ვერ მიმართავენ შესაბამის უწყებებს რეაგირების მოთხოვნით.
ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დღეს საქართველოს სამედიცინო სფეროში არსებული ვითარება მძიმეა. ამის დასტურია დღემდე არსებული აქტუალური კითხვა: "ვინმე სანდო ექიმს ხომ არ მირჩევდი?"
სანამ გამოსავალზე დაიწყებდეს ვინმე ფიქრს, ჯერ, ალბათ, მიზეზები უნდა ვეძიოთ, მათ შორის ექიმების არაპროფესიონალიზმში, გულგრილობაში, პაციენტების მიმართ დამოკიდებულებასა და მათი საქმიანობის რეგულირების ბერკეტების შეუსაბამობაში.
მანამდე კი, სანამ მაღალია ექიმების პროფესიული საქმიანობისას შეცდომების დაშვების რისკი, ყველა პაციენტის სიცოცხლის უფლება დაუცველია. შესაძლოა, ვინმემ ზემოთ მოყვანილი რიცხვებით, როგორც სტატისტიკით, სამედიცინო მომსახურების ხარისხი შეაფასოს, სხვა ქვეყნებს შეადაროს და დაასკვნას, რომ საქმე არც ისე ცუდად გვაქვს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი შემთხვევის მიღმა კონკრეტული ადამიანის, ოჯახის ტრაგედია დგას, ვისთვისაც ექიმისთვის სხვადასხვა სანქციის დაკისრებაც ბევრი ვერაფერი შეღავათია.
ხათუნა ზალდასტანიშვილი, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი: "ამ კონკრეტული სანქციების მიზეზი შესაძლოა იყოს ექიმების შეცდომები როგორც მკურნალობის, ისე დიაგნოსტირების თვალსაზრისით, ანდა სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწარმოებდნენ კანონის შესაბამისად. კონკრეტული შემთხვევების დასახელება არ შემიძლია, რადგან ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იყო პრობლემები დედათა და ბავშვთა მომსახურების სფეროში, არის პრობლემები ქირურგიული, დიაგნოსტიკის მიმართულებით და სხვ.
2017 წელს სამედიცინო რეგულირების სააგენტოში სულ 141 განაცხადი შემოვიდა და 103 საკითხი უკვე განიხილა პროფესიული განვითარების საბჭომ. მათ შორის იყო პაციენტის გარდაცვალებით დასრულებული შემთხვევებიც და უკმაყოფილო პაციენტებიც. პროფესიული საბჭოს წინაშე დაისვა 161 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, მათგან ოთხს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, 157-ს კი დაეკისრა. აქედან 90-ს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ხოლო 67-ს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება.
არსებობს პროფესიული პასუხისმგებლობის სამი სახე: წერილობითი გაფრთხილება, რომელიც გათვალისწინებულია შედარებით მსუბუქი დარღვევების დროს; სახელმწიფო სამედიცინო სერტიფიკატის შეჩერება 1-დან 6 თვემდე და მისი გაუქმება; სერტიფიკატის შეჩერება, რაც 2017 წელს 67 ექიმის მიმართ იქნა გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ მათ ამ კონკრეტული სპეციალობით გარკვეული ვადით არა აქვთ დამოუკიდებლად სამედიცინო საქმიანობის უფლება.
სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს კონკრეტულ შემთხვევებს, შემდეგ კვლევის შედეგები გადაეცემა პროფესიული განვითარების საბჭოს და ყოველ შემთხვევაზე სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას. ამ საბჭოს შემადგენლობა დამტკიცებულია მინისტრის ბრძანებით, სადაც წარმოდგენილი არიან დარგობრივი ასოციაციების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, თავად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. საბჭოს ხელმძღვანელობს მინისტრი. პროფესიული განვითარების საბჭო წარმომადგენლობითი ორგანოა, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მისი სანქციები ადეკვატური და ექიმების დაშვებული შეცდომების შესაბამისია. თუმცა, პაციენტს, მის ახლობლებს უფლება აქვთ, პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ".
არჩილ მორჩილაძე, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი: "ბოლო წლებში გახშირდა ექიმის შესაძლო შეცდომასთან დაკავშირებით პაციენტის ახლობლების მიმართვა სამედიცინო რეგულირების სამსახურისთვის. ჩემი აზრით, მიზეზი ის არის, რომ პაციენტი უფრო მომთხოვნი და ინფორმირებული გახდა და ასეთ შემთხვევებს რეაგირების გარეშე არ ტოვებს. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი შემთხვევების რიცხვი გაიზარდა და წლეულს სამედიცინო დახმარების ხარისხი გაუარესდა, ასე ნამდვილად არ არის. მთავარი ახლა ის არის, რომ გლობალურად შევხედოთ ამ პრობლემას და ვიფიქროთ, როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო ექიმების სამედიცინო შეცდომებს. ერთ-ერთი სწორი გამოსავალი უწყვეტი სამედიცინო და პოსტდიპლომური განათლებაა. 2004 წლამდე ეს სავალდებულო გახლდათ, თუმცა, მაშინ ეს კორუფციის წყარო იყო. ფაქტობრივად, ექიმი მხოლოდ ფულს იხდიდა და არანაირ ცოდნას არ იძენდა. ამიტომ მაშინ ეს მექანიზმი გაუქმდა, თუმცა, ყველასთვის მისაღები მოდელის შემუშავება ვეღარ მოხერხდა.
მედიცინა დინამიკურად ვითარდება. თუ 10 წლის წინ აღებული სერტიფიკატის შემდგომ ექიმს გადამზადება არ გაუვლია, არ გასცნობია თანამედროვე მიღწევებს, წარმოუდგენელია, უმკურნალოს პაციენტს. ყოველ 2 წელიწადში ნებისმიერი მკურნალობის პროტოკოლი იცვლება, გადაიხედება და ეს ინფორმაცია ყოველ ექიმამდე უნდა მივიდეს.
რა თქმა უნდა, არიან ექიმები, რომლებიც თავად ცდილობენ ახალ-ახალი ცოდნის მიღებას, მაგრამ არ არსებობს მწყობრი სისტემა ყველასთვის.
ინფორმაციისა და ცოდნის დეფიციტი განსაკუთრებით რეგიონებში, საშუალო და დაბალ სამედიცინო მედპერსონალში შეინიშნება, რაც, ბუნებრივია, იწვევს და შემდეგშიც გამოიწვევს ხარვეზებს სამედიცინო მომსახურებაში. რადგან დღეს დიპლომის შემდგომი განათლება ექიმებისთვის სავალდებულო არ არის, კონფერენციებსა და სხვა სახის საგანმანათლებლო შეხვედრებს ხშირად სხვადასხვა ფარმაცევტული წარმომადგენლობა მართავს, სადაც, ბუნებრივია, მათ თავისი ინტერესი აქვთ. შესაძლოა, ასეთ შეხვედრებზე ობიექტურადაც განიხილებოდეს საკითხი, მაგრამ რაღაც საზღაურის გაღება ფარმაცევტული კომპანიის სასარგებლოდ მაინც უწევს სამედიცინო საზოგადოებას, რაც შემდეგ აისახება ყველა ჩვენგანის ჯიბეზე და შესაძლოა, ჯანმრთელობაზეც. ამ თვალსაზრისით არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ ექიმები ამა თუ იმ ფარმაცევტული კომპანიის სასარგებლოდ პაციენტისთვის გაუმართლებლად ბევრ წამალსა და სამედიცინო პროცედურას ნიშნავენ. აგრეთვე, ხშირად პრობლემაა პაციენტის ახლობლებთან ექიმის ურთიერთობის დეფიციტი. ბევრ ქვეყანაში ეს პროტოკოლით არის გაწერილი, ჩვენთან კი მსგავსი არაფერი არსებობს. ამ თვალსაზრისითაც გვაქვს სამუშაო, რომ პაციენტმა კარგად გაიგოს, რა ელოდება და არა ისე, როგორც ახლა ხდება - მისცემენ ერთ ფურცელს, სადაც ხელმოწერით თანხმდება იმას, რის შესახებაც სრული ინფორმაცია არა აქვს, და შემდეგ ეს უამრავ პრობლემას ქმნის.
სამედიცინო შეცდომების დროს სიმართლის დადგენას ხელს უშლის ამ ფაქტებზე მყისიერად სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. იმას კი არ ვამბობ, რომ რამე უნდა იმალებოდეს, პირიქით, ყველა ასეთი შემთხვევის შესწავლა და მასზე რეაგირება უნდა ხდებოდეს, შემდეგ კი პრევენციის მიზნით ისინი სამედიცინო წრეებს ეცნობოდეს, რათა მსგავსი რამ არ განმეორდეს. როცა თავიდანვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ნათქვამია, რომ ექიმმა გაუფრთხილებლობით ჩაიდინა მკვლელობა ან იყო მკვლელობის მცდელობა, ამით უკვე, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია ყველაფერი. არც ერთ ექიმს არ უნდა შეცდომის დაშვება. ამიტომ მდგომარეობა ჯერ უნდა შეაფასონ ექსპერტებმა, პროფესიულმა საბჭომ და თუ ისინი მიიჩნევენ, რომ იყო დანაშაულის ნიშნები, შემდეგ ეს საქმე პროკურატურასაც გადაეცემა. ცხადია, კოლეგიალობის მომენტი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ კოლეგებიც კი, თუ დაინახავენ, რომ ექიმმა უხეში შეცდომით ან გაუფრთხილებლობით შეცდომა დაუშვა, არავინ ხელს არ დააფარებს".
სერგო ჩიხლაძე, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში: "ეს საბჭო სრულფასოვნად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შემოსული საჩივრების რაოდენობას თავს ვერ ართმევს და ამის გამო განხილვის პროცესი ხანგრძლივია. გარდა ამისა, გონივრული ეჭვის საფუძველს იძლევა ის, რომ წლებია, სამედიცინო შეცდომების სიმრავლისა და სიმძიმის მიუხედავად, არც ერთ ექიმს ლიცენზია არ შესწყვეტია. მართალია, კონკრეტული მტკიცებულებები არა გვაქვს, მაგრამ
ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, საბჭომ ვიღაცას ხელი დააფაროს, რადგან მკაცრი სანქციის მაგალითები არა გვაქვს.
ამიტომაც ვფიქრობთ, სამინისტროს ასეთი ტვირთი უნდა ჩამოეხსნას და როგორც მიღებულია საზღვარგარეთ, დარგობრივი ასოციაციები თვითონ უნდა წყვეტდნენ, ვის მიანიჭონ და ვის ჩამოართვან სერტიფიკატი, სახელმწიფო აპარატი კი ამისგან თავისუფალია. ასეთი რამ საქართველოში დღეს-ხვალ ვერ მოხდება, რადგან მანამდე ეს ასოციაციები უნდა განვითარდეს. ახლა კი დარგში ასობით ასოციაციაა შექმნილი. აუცილებელია ექიმების პროფესიული განვითარება, ეს არ უნდა იყოს ფორმალურად გამოცდის, ტესტის ჩაბარება. ფორმალური ტესტები ბევრი ჩატარებულა ბოლო 20 წელიწადში, რაც გადაყრილი ფულია და ეფექტიც არა აქვს. სამინისტრომ უნდა დააწესოს მოთხოვნა, რომ წლის განმავლობაში ექიმმა უნდა მიიღოს ამდენი და ამდენი კრედიტქულა, გაიაროს ამდენი და ამდენი ტრენინგი ან დაესწროს საგანმანათლებლო კონფერენციას. შესაბამისად, ექიმიც მოტივირებული იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კერძო დამსაქმებელიც კი არ იქნება დაინტერესებული მისთვის შრომითი კონტრაქტის გაგრძელებით. ეს რაც შეეხება თეორიულ ნაწილს, ხოლო რაც შეეხება პრაქტიკულს, თუ ქირურგი წელიწადში 10 ოპერაციას აკეთებს, ესე იგი, ვერ არის კვალიფიციური. როგორც საავადმყოფოებს წაუყენეს მოთხოვნა - თუ რაღაც ზღვარზე ნაკლებია მოთხოვნა, ესე იგი, ვერ არის კვალიფიციური სამედიცინო ობიექტი. აქაც შეიძლება ასეთი მიდგომა და თავად კლინიკები და მენეჯერები იქნებიან დაინტერესებული თავიანთი ექიმების პროფესიული განვითარებით. ეს იქნება ყველაზე კარგი მოტივატორი, რომ ექიმებმა გაიარონ პოსტდიპლომური განათლება და ნაკლები სამედიცინო შეცდომა დაუშვან".
ემა ტუხიაშვილი