"აქ რომ სკოლა იყოს, ქალაქში აღარ წავიდოდი" - კვირის პალიტრა

"აქ რომ სკოლა იყოს, ქალაქში აღარ წავიდოდი"

13 წლის ნიკა არაბული ოჯახთან ერთად, ყოველ ზაფხულს თავის სოფელში - ჯუთაში ატარებს.

ქალაქში ყოფნისას გული მთისკენ მიუწევს, ენატრება იქაურობა და ისეთი აღფრთოვანებით ლაპარაკობს მშობლიური სოფლის სილამაზეზე, გული სითბოთი აგევსება. 9 წლის იყო, როდესაც საკუთარი ცხენით მიჰყვებოდა ჯუთაში ჩასულ ტურისტებს და უფროსებს ტოლს არ უდებდა გიდობაში.

- თბილისში დავიბადე, ერთი კვირის ვყოფილვარ, ჯუთაში რომ წავუყვანივარ მშობლებს. მამა იქ დაბადებული და გაზრდილია და ჩვენც, 5 წლის მანძილზე, ზამთარ-ზაფხულ იქ ვცხოვრობდით. მახსოვს, ძალიან მიხაროდა თოვლის მოსვლა. ჩემთვის ეს სასწაულის ტოლფასი იყო. ბავშვები ყოველდღე ციგით ვსრიალებდით. ჯუთაში სკოლა არ არის და ამიტომ, 6 წლის რომ გავხდი, მშობლებმა საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლა გადაწყვიტეს, მაგრამ მე იქ ყოფნა მერჩივნა - მთაში უფრო მეტი თავისუფლებაა, არც შებოჭილი ვარ, მეგობარიც ბევრი მყავს და კარგადაც ვერთობი.

- მაინც როგორ ერთობით ხოლმე?

- ცხენებს ვაჭენებთ. მთაში ყველა ბავშვმა - ბიჭმაც და გოგომაც პატარა ასაკიდან იცის ცხენით ჯირითი. მე 6 წლისამ ვისწავლე. სოფელში სამი ცხენი მყავს: ჩემს ცხენს "ციგანა" ჰქვია, დანარჩენებს - "ჯერანა" და "ნიკორა". სექტემბრიდან ივნისის შუა რიცხვებამდე ვეღარ ვნახულობ "ციგანას" და ძალიან მენატრება...

...

- ნიკა, შენი არჩევანი რომ იყოს, ჯუთაში იცხოვრებდი?

- (დაუფიქრებლად მპასუხობს) იქ რომ სკოლა იყოს, აუცილებლად სოფელში ვიქნებოდი ზამთარ-ზაფხულ. სწავლა როგორც კი გვიმთავრდება, ჯუთაში მივდივართ და სექტემბრის შუა რიცხვებამდე ვრჩებით. იქ ბებია და ბიძა მყავს. ისინი პატრონობენ სახლსაც, საქონელსაც, ცხენებსაც. ბებო ძალიან მოხუცდა. ბოლო რამდენიმე წელია, ზამთარში თბილისში ჩამოგვყავს და გაზაფხულამდე ჩვენთან არის. სოფელში სულ 20-30 კომლია, მაგრამ ზამთარში მხოლოდ 8 ოჯახი რჩება, ძირითადად, მოხუცები. სოფლამდე მისასვლელი გზა 6-7 თვით იკეტება და ამიტომ ვისაც ბავშვები ჰყავს, მათთვის რთულია იქ გამოზამთრება.

- მითხარი, რატომ და როდის გადაწყვიტე გიდობა?

- ჩემი ერთი თანატოლი გოგო დაჰყვებოდა ცხენით ტურისტებს და მის შემხედვარეს, მეც გამიჩნდა გიდობის სურვილი. სამი წლის წინ სასტუმროდან მამამ უკრაინელი ტურისტი ჩამოიყვანა ცხენით. მოულოდნელად, აუცილებელი საქმე გამოუჩნდა და მკითხა, შენ თუ შეძლებო? - რატომაც არა-მეთქი, დავთანხმდი და ძალიან მომეწონა ცხენით უცხოელი სტუმრის გასეირნება. ინგლისური კარგად ვიცი, იქაურ ადგილებსაც ვიცნობ, ამიტომ ასაკის მიუხედავად, არც გიდობა გამჭირვებია. მინდა, ტურისტებს ჩემი სოფელი შევაყვარო...

...

- თუ გამიმხელ, რამდენი გამოიმუშავე ამ ზაფხულს ან რაში ხარჯავ საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს?

- (იცინის) სხვათა შორის, არ დამითვლია, მართლა არ ვიცი. ჩემს დას სასკოლო ნივთების ყიდვაში დავეხმარე, ხოლო ჩემს პატარა ძმას სათამაშოები ვუყიდე. (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 12 ოქტომბრის ნომერში)