სოსო ჯაჭვლიანი: "ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთი იყო, როგორც მისი კინოგმირი მარიტა"
ქართველი კინოვარსკვლავი, ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლიკა ქავჟარაძემ ხალხს ყველაზე მეტად "ნატვრის ხეში", მარიტას როლით დაამახსოვრა თავი.
ამ ფილმში მას პარტნიორობა სოსო ჯაჭვლიანმა და ზაზა კოლელიშვილმა გაუწიეს, ორივე მსახიობი მომხდარით შეძრულია. "ეს იყო თავზარდამცემი და ყოვლად მოულოდნელი. ჩვენ ვგეგმავდით გამოფენის მოწყობას და ვემზადებოდით აქტიურად. არანაირი მიზეზი მას თავის მოკვლის არ ჰქონია", - განაცხადა ზაზა კოლელიშვილმა.
kvirispalitra.ge ესაუბრა სოსო ჯაჭვლიანსაც, მასთან ვრცელი ინტერვიუ ხვალ გამოქვეყნდება, ახლა კი მის ფრაგმენტს გთავაზობთ.
სოსო ჯაჭვლიანი:
- დამუნჯებული ვარ, მიჭირს მომხდარის დაჯერება...
საბჭოთა მასშტაბით, 8-მილიონიანი ტირაჟით გამოდიოდა ჟურნალები, რომლის გარეკანზე ლიკა იყო. ყველას ეგონა ასეთი პოპულარული გოგო ძალიან ამაყი და მედიდური იქნებოდა, არადა, ყველასთან საოცრად უბრალო და მორიდებული იყო. ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთი იყო, როგორც მისი კინოგმირი მარიტა.
ჩემს ფილმში ვაპირებდი ლიკას გადაღებას, ამ ცოტა ხნის წინ დავურეკე, მკითხა, როდის იწყებ გადაღებას, ერთი სული მაქვს გადასაღებ მოედანზე დავდგეო... ენატრებოდა კინო.
ლიკას სახით ჩემთვის იმედი, მშვენიერება წავიდა... ძალიან მტკივა გული. (იხილეთ სრულად)
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)