თბილისში მეტროს ახალი სადგური "სახელმწიფო უნივერსიტეტი" გაიხსნა
"20-წლიანი პაუზის შემდეგ 2015 წელს, ჩვენ განვაახლეთ ამ მეტროსადგურის მშენებლობა და დღეს ეს პროექტი წარმატებით დასრულდა"
მეტროს სადგური "სახელმწიფო უნივერსიტეტი" გაიხსნა. თბილისის 23-ე მეტროს სადგურის გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. მეტროს სადგური მგზავრებს დღის მეორე ნახევრიდან მოემსახურება.
"მინდა დედაქალაქის მცხოვრებლებს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგური გაიხსნა. 20-წლიანი პაუზის შემდეგ 2015 წელს, ჩვენ განვაახლეთ ამ მეტროსადგურის მშენებლობა და დღეს ეს პროექტი წარმატებით დასრულდა. მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა 84 მილიონი ლარის სახით. მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარევბის ბანკს, მათი დახმარებით მოხერხდა ამ პროექტის დაფინანსება. სამშენებლო სამუშაოები განახორციელა ერთ-ერთმა ცნობილმა კომპანიამ, რომელსაც უმსხვილესი პროექტები აქვს განხორციელებიული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მინდა მადლობა გადავუხადო მათ გაწეული შრომისთვის.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მეტროსადგურის მშენებლობის პროცესში 2000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული და დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. მათი შრომა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ წარმატების მისაღწევად. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ინჟინრებს, მშენებლებს, იმისათვის, რომ მათ იშრომეს და ასეთი მშვენიერი პროდუქტი შექმნეს ჩვენს დედაქალაქში, კომფორტული, თანამედროვე, სტანდარტებით მოწყობილი მერტროსადგური“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მეტროსადგური აღჭურვილია სრულიად თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, სადაც სრულად არის დაცული უახლესი თანამედროვე სტანდარტები.
დღეისათვის თბილისის მეტროსადგურით სარგებლობს 350 -400 ათასი ადამიანი. ამ სადგურის ამუშავება დღეში დამატებით 15 ათასზე მეტ ადამიანს გაუადვილებს დანიშნულების ადგილამდე მისვლას.
მოგეხსენებათ, რომ დღემდე "დელისისა“ და "ვაჟა-ფშაველას“ სადგურებს შორის ორი პარალელური გვირაბიდან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებდა. ამიერიდან ეს პრობლემაც გადაჭრილია. ორივე გვირაბი სრული დატვირთვით იმუშავებს.
იმედი მაქვს, სადგური "უნივერსიტეტი“ გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ არის ურბანული ტრანსპორტის განვითარება შესაძლებელი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის და თბილისის სტუმრებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით გარემონტებული და მოდერნიზებულია მეტროს 44 ვაგონი, განაცხლდა სამი მეტროსადგური, ხოლო სამი განახლების პროცესშია.
მეტროს სადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" მშენებლობა 21 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო და 2015 წლის გაზაფხულზე განახლდა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 84 მლნ ლარია. სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანია COBRA ASSIGNIA-მ განახორციელა.
იხილეთ ასევე: როგორი იქნება ახალი მეტროსადგური "უნივერსიტეტი"