კოკოითი სამთვიან შვებულებაში? - კვირის პალიტრა

კოკოითი სამთვიან შვებულებაში?

НЕЗАВИСИМАЯ

აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა გასულ ხუთშაბათს რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარების წლისთავი იზეიმეს. მართალია, ნიკარაგუის პრეზიდენტ

დანიელ ორტეგას გარდა სხვა არავის აუბამს რუსეთისთვის მხარი (არ დაგავიწყდეთ, რომ ნიკარაგუის პარლამენტს თავისი ლიდერის ბრძანების რატიფიცირება ჯერაც არ მოუხდენია), მაგრამ ამას სამხრეთ ოსეთისა და  აფხაზეთის პრეზიდენტები აინუნში არ აგდებენ. როგორც ეტყობა, ეს მაინცდამაინც არც რუსეთის ლიდერებს ადარდებთ. სერგეი ბაღაფშს და ედუარდ კოკოითის არაერთხელ უთქვამთ, - მოლაპარაკებები კი გვაქვს აზიის, ამერიკის და არაბული სამყაროს ზოგიერთ ქვეყანასთან, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა რუსეთმა აღიარაო...

ცხინვალში გამართულ ზეიმზე ვლადიმირ პუტინსა და მოსკოვის მერ იური ლუჟკოვს ელოდნენ, მაგრამ გაირკვა, რომ პუტინი ცხინვალში ჩასვლას არც აპირებდა, ლუჟკოვი კი 31 აგვისტოს საზეიმოდ გახსნის ცხინვალში მიკრორაიონ "მოსკოვსკის", რომლის მშენებლობაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ზეიმის დღეს რესპუბლიკაში არც პრეზიდენტი კოკოითი იყო, დამოუკიდებლობის წლისთავი მოსკოვში, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ხელშეკრულებების სოლიდური პაკეტის ხელმოწერით აღინიშნა. თუმცა კოკოითის მოსკოვში ჩამოსვლას სხვა მიზეზიც ჰქონდა - ამბობენ, კრემლს მისი კუნტრუში მოჰბეზრდა და სამთვიან შვებულებაში უშვებსო.

"გაზპრომის" დელეგაციასთან ერთად ცხინვალში რუსეთის სათბობისა და ენერგეტიკის მინისტრსაც ელოდნენ. ენერგეტიკოსებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს გაზსადენი ძაუჯიკაუ-ცხინვალი. რესპუბლიკა გაზმომარაგებით საქართველოზე აღარ იქნება დამოკიდებული. თუმცა მშენებლობის ბოლო ეტაპზე სამუშაოების გენერალურ მოიჯარესთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა - "სტროიპროგრესის" სპეცტექნიკა ერთდროულად დააკავეს სამხრეთ ოსეთის სხვადასხვა კუთხეში - რესპუბლიკის მთავრობა მას ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახადის გადაუხდელობას, ეკოლოგიისთვის მრავალმილიონიანი ზარალის მიყენებასა და მუშებისთვის ხელფასის გადაუხდელობას აბრალებს. კომპანია არც ერთ ბრალდებას არ ეთანხმება და ინციდენტის მიზეზს კოკოითისა და ჯუსოევის დაპირისპირებაში ხედავენ.

დამოუკიდებლობის დღე აფხაზეთშიც აღნიშნეს, ოღონდ რუსეთისადმი მადლობას, კოკოითისგან განსხვავებით, სერგეი ბაღაფში მშობლიურ სოხუმში წარმოთქვამდა.

პოლიტოლოგთა უმრავლესობის აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს კიდევ დიდხანს მოუწევთ მხოლოდ რუსეთისთვის მადლობის გადახდა.