გელათი
სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს
ქართველთა ისტორიის ერთ-ერთი განსაკუთრებულად საამაყო ეტაპის უმნიშვნელოვანესი და საუკეთესოდ შემორჩენილი ძეგლია გელათის მონასტერი. მეთერთმეტე საუკუნეა, ის არ კარგავს არც ისტორიულ და არც მხატვრულ ღირებულებას.
სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაშია: ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, აკადემია, გალავანი.
სამონასტრო კომპლექსი გამორჩეულია სიწმინდეთა და ისტორიულ სიმბოლოთა სიმრავლით, თუმცა უმთავრესი, რის გამოც მომლოცველთა და ტურისტთა მიმოსვლა არ წყდება, ქართველთა უდიდესი მეფის – დავით აღმაშენებლის საფლავია. ამ საფლავის უზარმაზარი ქვა, დავით აღმაშენებლის ანდერძის თანახმად, მოთავსებულია სამხრეთ კარიბჭეში. გარდა დავითისა, გელათის მონასტრის მთავარ ტაძარში დაკრძალულია საქართველოს თითქმის ყველა სახელოვანი მეფე. მათ შორის: დემეტრე I, გიორგი III, იმერეთის მეფეები – ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I. სავარაუდოდ, აქვე უნდა იყოს კიდევ ერთი უდიდესი მეფის – თამარის საფლავიც.
სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს იმერეთში, ქალაქ ქუთაისიდან 11 კმ-ში. მდინარე წყალწითელას მარცხენა ნაპირზე.
გელათის ისტორია იწყება 1106 წელს, დავით აღმაშენებლის მიერ გელათის აკადემიის დაარსებით, რომელიც იმ პერიოდის საეკლესიო და საერო განათლების ცენტრი და ფილოსოფიური აზროვნების კერა იყო.
სამონასტრო კომპლექსი მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. არქიტექტურულად იგი ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობებს მიეკუთვნება. მხატვრული თვალსაზრისით, ეკლესიის ფასადები სისადავით გამოირჩევა, მათ ერთადერთ გაფორმების ელემენტს მწყობრი თაღედი წარმოადგენს.
ფასადებისგან განსხვავებით, შიდა სივრცე უხვად არის შემკული მხატვრული მოტივებით. ქართული კედლის მხატვრობის სხვადასხვა პერიოდის ნიმუშებთან ერთად აქ გვხვდება XII საუკუნის მოზაიკაც. ის ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს, საკურთხევლის კონქშია განთავსებული. ოქროსფერ ფონზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები: მიქაელი და გაბრიელი.
ფრესკების ძირითადი ნაწილი გვიან პერიოდს განეკუთვნება. XII საუკუნის ფრესკები შემორჩენილია დასავლეთ სტოაში, სადაც ძირითადი თემაა მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრება, რაც დავითის ეპოქისთვის აქტუალურია. მოხატულობის ტრადიციულ საღვთო თემატიკაში ჩართულია ისტორიულ პირთა პორტრეტებიც (XVI ს.). ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები.
საყურადღებოა დავით აღმაშენებლის ფრესკა, რომელიც, შესაძლოა მოხატულობის თავდაპირველ პროგრამას მიეკუთვნებოდეს, თუმცა იგი გვიან, XVI საუკუნეში თავიდან გადაუწერიათ. იმეორებს თუ არა იგი დიდი მეფის გარეგნობის შტრიხებს, რთული სათქმელია. მას ცალ ხელში, ნიშნად ქტიტორობისა, ეკლესიის მოდელი უჭირავს, ხოლო მეორეში – გრაგნილი. ტაძრის სამხრეთ ეკვდერში გამოსახულია დავით ნარინის ორი, XIII საუკუნის პორტრეტი.
ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან ერთად, კომპლექსში კიდევ ორი ტაძარია. ერთი მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით დგას, განეკუთვნება XII საუკუნეს და წმინდა გიორგის სახელობისაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, თუმცა მასშტაბით უფრო მცირეა. ინტერიერში XVI საუკუნის მოხატულობაა.
მთავარი ტაძრის დასავლეთ მხარეს XIII-XIV საუკუნეების წმინდა ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესიაა.
ჩრდილო-დასავლეთით ერთ-ერთი ადრეული, XIII საუკუნის სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი თაღებით არის გახსნილი და წყაროზეა დაშენებული. აქვეა გელათის აკადემიის შენობა, რომელმაც ჩვენამდე ფრაგმენტების სახით მოაღწია და რამდენიმე წლის წინ აღადგინეს.
დღეს მიმდინარეობს კომპლექსის ფუნდამენტური რეაბილიტაცია. რესტავრაციის გენერალური გეგმა შემუშავდა ორჯერ – 2008 და 2015 წლებში. სამუშაოებს კი აფინანსებს აშშ-ის საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, მსოფლიო ბანკი და მუნიციპალური განვითარების ფონდი. რესტავრაციის პროცესზე რამდენიმე ქართული ორგანიზაცია მუშაობს.
ამ ეტაპზე სარესტავრაციო პროექტი ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს – არქიტექტურის სტრუქტურის რეაბილიტაცია და ქვის კონსერვაცია. პირველი გულისხმობს გადახურვის შეცვლას, ამისთვის ხდება ლავგარდანების (კარნიზების) აღდგენა, რომლებზეც უკვე დაწყებულია კრამიტის დამაგრება.
რესტავრატორთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო სწორედ XI საუკუნის ისტორიული, ავთენტიკური კრამიტის აღდგენაა ზუსტი ასლების დამზადების გზით, რომელიც წინასწარი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა.
თავდაპირველად აღდგენილი კრამიტი გამოიყენეს წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა გიორგის ეკლესიის გუმბათებსა და სამრეკლოს გადასახურავად. ამჟამად უკვე გადახურულია მთავარი ტაძრის გუმბათიც და მკლავების გადახურვა მიმდინარეობს.
სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპია ქვის კონსერვაცია, რისი მიზეზიც გახდა გელათის ტაძრის საპირე ქვების საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ყოფნა.
სავარაუდოდ, ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია 2018 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა კიდევ ცალკე, დამატებითი ეტაპია მონასტრის ტერიტორიის რეაბილიტაცია.
გელათი დღეს, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, გადატანილია საფრთხის ქვეშ მყოფთა კატეგორიაში, ოღონდ ბაგრატის ტაძრის სტატუსისთვის შექმნილი პრობლემის გამო – გელათი და ბაგრატი იუნესკოს ნუსხაში ერთად იყო წარდგენილი. გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის დასრულების შემდეგ კი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში მას უკვე დამოუკიდებლად წარადგენენ.
მარიტა სახლთხუციშვილი
ჟურნალი "ისტორიანი",#79