საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრა 08:00 საათიდან დაიწყო და 20:00 საათამდე გაგრძელდება.
საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა თბილისის მერობის რამდენიმე კანდიდატმა. მათ შორის იყვნენ კახი კალაძე, ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი.
კახა კალაძე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო":
"მე არჩევანი გავაკეთე, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ურბანულად იყოს გამართული და არ ხდებოდეს ქაოტური განაშენიანება... ქალაქში უნდა იგრძნობოდეს სიცოცხლე. ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით სავსე, ისტორიით სავსე, კულტურით სავსე და მჯერა, რომ ჩვენ ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ და მოვახერხებთ".
ელენე ხოშტარია, "ევროპული საქართველო":
"ხმა მივეცი იმ რწმენის დაბრუნებას, რომ ჩვენი ქალაქი ჩვენვე შეგვიძლია გავხადოთ მოხერხებული, სამართლიანი, ადამიანებზე ორიენტირებული და იმ ხედვას, რომელიც მგონია, რომ სწორედ ამას მოიტანს. ძალიან გულანთებული ვარ იმისთვის, რომ ეს მანდატი მივიღო და შევუდგე საქმის გაკეთებას".
ზაალ უდუმაშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა":
"მე მივეცი ხმა წარმატებულ თბილისს, მე მივეცი ხმა ჩვენი შვილების მომავალს და ადამიანებზე და თბილისელებზე ორიენტირებულ ქალაქს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მე მინდა ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ აუცილებლად იაქტიურეთ, მოდით არჩევნებზე, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, ვინაიდან სწორედ თქვენ განსაზღვრავთ ახლა ამ ქალაქის ბედს. თქვენი აქტიურობა იქნება იმის გარანტია, რომ გაყალბებას თავიდან ავიცილებთ. ნამდვილად კარგი საარჩევნო ამინდია დღეს, მობრძანდით ყველა არჩევნებზე".
დილიდან საკუთარი არჩევანი გააკეთეს ქვეყნის პირველმა პირებმა. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე მივიდა.
"ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ. სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია და სადაც არის ძალიან მაღალი ეკონომიკური დინამიკა. სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება და სადაც სიცოცხლე ჩქეფს. მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით კი, "მე ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს, შემდეგნაირად გამოვიყენე: ამ სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე. ეს იყო ჩემი არჩევანი".
"ინტერპრესნიუსი"