"ამინამ ადამი სამჯერ გადაარჩინა, მესამედ საკუთარი სიცოცხლის გაწირვით"
"კიდევ ერთი ძლიერი ფეთქვა შეწყდა უტეხი სულისა... ქალი ლეგენდა... ყველა გზას ეძებდა ადამის გადასარჩენად... დედასთან ერთად მესტუმრა სამსახურში, ქართულ მხარეს სთხოვდა დახმარებას მეუღლის, ჩეჩენი მერძოლის გადასარჩენად. მიჭირს დაჯერება იმისა, რომ ამინას მკლავი აღარ იმარჯვებს თავისუფლებისათვის ბრძოლაში!.. და მაინც რამდენს უნდა გაუძლოს გულმა, რამდენი მეგობრის ცხედრის გასვენება უნდა შეძლოს სულიდან", - დაწერა "ფეისბუკის" პირად გვერდზე უფლებადამცველმა მექა ხანგოშვილმა ამინა ოკუევას მკვლელობის ამბის გავრცელების შემდეგ.
30 ოქტომბერს, კიევის ოლქში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც აღმოსავლეთ უკრაინაში ცენტრალური ხელისუფლების მხარეს მებრძოლი ცოლ-ქმარი, ამინა ოკუევა და ადამ ოსმაევი იმყოფებოდნენ. შემთხვევა კიევიდან 35 კილომეტრის მოშორებით მოხდა. როგორც კი ოსმაევისა და ოკუევას ავტომობილი რკინიგზის გადასასვლელზე გაჩერდა, ბუჩქებიდან უცნობმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.
ერთ-ერთი ტყვია ამინა ოკუევას თავში მოხვდა, ის ადგილზევე გარდაიცვალა. ადამ ოსმაევი, რომელიც ფეხში დაიჭრა, აცხადებს, რომ მათზე თავდასხმის კვალი კრემლში მიდის.
"ნუ ეძებთ დათვის კვალს, როდესაც თვითონ დათვი თქვენს წინაშე დგას! კიევში შესანიშნავად იციან, რომ ნიკიფოროვა (ოკუევას გვარი ისლამის მიღებამდე) საკუთარმა სპეცსამსახურებმა ჩაცხრილეს. როგორც ტარას ბულბა იტყოდა - "მე გშობე, მევე უნდა მოგკლა!" - განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა.
მისი თქმით, "უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ერთბაშად არა ორი, არამედ სამი კურდღლის მოკვლა გადაწყვიტეს - მოიშორეს მშობლიური ბოროტმოქმედი, დასავლელი პატრონების ყურადღება ანტისამთავრობო მიტინგებისგან სხვა თემაზე გადაიტანეს და რუსეთს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს".
უკრაინის ოფიციალური პირები კი მომხდარში ღიად რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ.
"რუსეთი აგრძელებს უკრაინის აღმოსავლეთში აგრესიას და პარალელურად ტერორი გააჩაღა შუაგულ უკრაინაში, სადაც ჩვენი სამშობლოს მამაც დამცველებს კლავს. ამინა ოკუევას მკვლელობა არის გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ხისტი და ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა.
მისივე თქმით, ამინა ოკუევა უკრაინელი და ჩეჩენი ხალხის ნამდვილი გმირი გახდა, ამიტომ "მტერმა ჩვენი დის მკვლელობისთვის პასუხი უნდა აგოს".
ამინა, ანასტასია, ნატალია
ნატალია ნიკიფოროვა (შემდეგში ამინა ოკუევა) ოდესის ოლქში, 1983 წელს დაიბადა. დაამთავრა ოდესის სამედიცინო უნივერსიტეტი და გარკვეული პერიოდი ქალაქის საავადმყოფოშიც მუშაობდა.
გოგონას ცხოვრება რადიკალურად სწორედ მაშინ შეიცვალა, როცა 17 წლის ასაკში ისლამი მიიღო. ის ატარებდა ჰიჯაბს და სახელად ანასტასიაც დაირქვა. მოგვიანებით ცოლად ჩეჩენ სამხედრო მოსამსახურეს გაჰყვა და ამინა მუსტაფინოვად იქცა. მისი პირველი მეუღლე გარდაიცვალა.
მეორედ ისლამ ტუხაშევზე გათხოვდა, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, ისლამ ოკუევის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტიც ჰქონდა, სწორედ ამ გვარს ატარებდა ამინა სიცოცხლის ბოლომდე.
რუსი სამართალდამცავების მტკიცებით, ამინას პირველი ქმარი ჩეჩნური დაჯგუფების წევრი იყო, მეორე კი დივერსიულ-ტერორისტული დაჯგუფების. რამდენიმე წლის შემდეგ ამინას მეორე ქმარი ინგუში სამართალდამცავის მკვლელობაში დაადანაშაულეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
როგორც ცნობილია, ამინა მესამე ქმარს ადამს 2009 წელს კიევში შეხვდა. ისინი ცოტა ხნის განმავლობაში ოდესაში ცხოვრობდნენ. როგორც ამბობენ, ადამი გამოძიებას ემალებოდა, ამინა კი ამაში ხელს უწყობდა.
2012 წლის თებერვალში ადამი მის თანამებრძოლთან ერთად იარაღის უკანონო ხმარებისთვის დააკავეს, სწორედ ამ დროს ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა, ადამის თანამებრძოლი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ადამი კი უკრაინის სპეცსამსახურებმა დააკავეს. რამდენიმე ხანში კი მათ წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას გულისხმობდა. როგორც ამბობდნენ, ამინას ქმარი რუს პოლიტიკოსებზე თავდასხმას ამზადებდა. რუსულმა სასამართლომ მას დაუსწრებლად გამოუტანა სასჯელი, თუმცა ადამმა უკრაინის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარისთვის მიმართა, მას მოუხსნენ ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდება და აფეთქების დროს სხვისი საკუთრების დაზიანების გამო, სამი წელი მიუსაჯეს.
2017 წლის 1-ელ ივნისს ცოლ-ქმარზე თავდასხმა განხორციელდა. თავდამსხმელი მათ ფრანგული გამოცემა Le Monde-ს ჟურნალისტად გაეცნო, მანქანაში კი ადამის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. როგორც ცნობილია, ეს საქმე ჯერ კიდევ არ დახურულა, რუსი სამართალდამცავების აზრით, ქილერის კვალი შესაძლოა რამზან კადიროვთან მიდიოდეს.
"მას ადამის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. ამინამ ადამი სამჯერ გადაარჩინა, ერთხელ როცა რუსეთის ფედერაციისგან იხსნა, მეორედ როცა კილერი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და მესამედ, როცა თავი გაწირა", - წერს ერთ-ერთი უკრაინელი ჟურნალისტი.
ამინა ოკუევა ბატალიონ "კიევ-2"-ის მოხალისე მეუღლის ციხიდან გათავისუფლებამდე იყო. ის ბატალიონში მედდად იყო გაფორმებული, თუმცა საბრძოლო შეტაკებებისას მამაკაცებთან ერთად იბრძოდა. ამინას მეუღლე ბატალიონში თავდაპირველად მოხალისე იყო, 2015 წელს კი ამ ბატალიონის ხელმძღვანელი გახდა, ამინა ამ დროს პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა. როგორც ცნობილია, 2013-14 წლებში ამინა აქტიურად იყო ჩართული მაიდანზე გამართულ აქციებში. შემდეგ ის უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, პარლამენტში ვერ მოხვდა, თუმცა უკრაინელ პარლამენტართან ერთად, "კრემლის საწინააღმდეგოდ განწყობილი ერების ბლოკი" შექმნა, ბლოკი კავკასიელებს მოუწოდებდა, რომ მათ თავისუფლებისთვის ებრძოლათ და არ დამორჩილებოდნენ რუსეთს. (წყარო)
იხილეთ ფოტოგალერეა
ეკა გადახაბაძე