რა სიახლეები იქნება 2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც 2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე იქნება.
მიმინოშვილის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის დავალებები გამარტივდება: "ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როცა მცირდება იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც მათემატიკას ირჩევენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათემატიკა იმდენად მარტივი იქნება, რომ ვეღარ მოვახერხოთ იმის შეფასება, რისი შეფასებაც გვინდა".
როგორც მაია მიმინოშვილმა განაცხადა, აბიტურიენტებს გამოცდაზე თავიანთი კალმის მიტანა შეეძლებათ.
"ვიფიქრე, რომ შეიძლება შევთავაზოთ აბიტურიენტებს, აპლიკანტებს, თუ ზუსტ მონაცემებს მივცემთ და ვეტყვით, რომ აუცილებლად ტუშიანი უნდა იყოს კალამი და არა ბურთულიანი, მოიტანონ, თუ აქვთ ამის სურვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავახვედრებთ. მეორე მხრივ მაინც ვშიშობ, როცა ასეთი რაოდენობის ნაშრომებზეა საუბარი და სკანირება ხდება ყველა ნაშრომის, შესაძლებელია უბრალოდ ვერ წაიკითხოს ნაშრომი სკანერმა და პრობლემა შეექმნება აპლიკანტს. მას თუ შეექმნება პრობლემა, ეს ჩვენი პრობლემაა პირველ რიგში", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მიმინოშვილი კალმებთან არსებულ პრობლემებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში შეუძლებელია რამის შეცვლა.
"შეუძლებელია რამე შევცვალოთ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში. როდესაც ასეთი მოცულობის შესყიდვა გვინდა, ბუნებრივია, ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ და ტენდერში დაბალი ფასი იმარჯვებს. 90-თეთრიან კალმებს ვყიდულობთ, არ გვაქვს შესაძლებლობა უფრო ხარისხიანი კალამი ვიყიდოთ რა თქმა უნდა, 12 000-ში და 15 000-ში აღმოჩნდება გარკვეული რაოდენობა კალმებისა, რომელიც არ მუშაობს. რეზერვი გვაქვს ყველა საგამოცდო ცენტრში, ყველა აპლიკანტს რომ დასჭირდეს კალმის გამოცვლა, შეგვიძლია ყველას გამოვუცვალოთ", - განაცხადა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, 2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არგუმენტირებული ესე 20-ის ნაცვლად 24 ქულით შეფასდება.
თავის მხრივ, ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ჯანგურიამ განმარტა, რომ პირველ დავალებას, ტექსტის რედაქტირებას, რომლის მიზანიც შეცდომების გასწორებაა, მოაკლდა 4 ქულა - 20-ის ნაცვლად უმაღლესი ქულა 16 იქნება, ასევე „ცოტა ნაკლები შეცდომები იქნება დაშვებული ტექსტში და შემცირდება ტექსტის მოცულობაც“.
ამის პარალელურად, მისივე თქმით, არგუმენტირებულ ესეს დაემატება 4 ქულა და 20-ის ნაცვლად 24 ქულით შეფასდება.
"20 ქულა ცოტა ნაკლები იყო შეფასების დროს, რადგან ისე კარგ რანჟირებას ეს ვერ აკეთებდა, როგორც 24 ქულიანი შეფასების კრიტერიუმები გააკეთებს. უფრო კარგად გამოჩნდება ანალიტიკური აზროვნებით დაჯილდოებული ადამიანები", - განაცხადა კახა ჯანგურიამ.
მისივე თქმით, არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმებშიც არის გარკვეული კორექტირება.
"ემატება კრიტერიუმები და ცოტა კორექტირებულია. უფრო მეტი ყურადღება ექცევა მსჯელობის არაშაბლონურობას, დამოუკიდებელ აზროვნებას, სათანადო არგუმენტების მოყვანას, დამატებულია კიდევ ერთი კრიტერიუმი - ფაქტობრივი სიზუსტე, ფაქტობრივ შეცდომას თუ დაუშვებს აბიტურიენტი, მას ერთი ქულა დააკლდება", - გაანცხადა კახა ჯანგურიამ.
ზოგადად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის უმაღლესი ქულა არ შეიცვლება და 80 იქნება.
მიმინოშვილის ინფორმაციითვე, 2018 წელს ეროვნული გამოცდები, შესაძლოა, ტექნიკურ უნივერსიტეტში აღარ ჩატარდეს და მას სავარაუდოდ, რომელიმე სკოლის შენობა ჩაანაცლებს.
"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით