"საქართველოში სიმინდის იმდენი ჯიში არსებობს, რამდენი მესიმინდეცაა"
ზურაბ ჯინჯიხაძე აგრონომის ოჯახში გაიზარდა. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მცხეთის სასელექციო სადგურში, სიმინდის სელექციის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. იმხანად სადგური სიმინდის საკავშირო ინსტიტუტს ეკუთვნოდა, რომელიც უკრაინაში იყო, დნეპროპეტროვსკში. წლების შემდეგ ამ ინსტიტუტის ასპირანტი გახდა და მას შემდეგ სიმინდის კულტურაზე მუშაობა არ შეუწყვეტია. დღეს 83 წლის არის და ამჟამადაც მუშაობს კომპანიაში, რომლის საქმიანობის სფერო სიმინდისა და ხორბლის სელექციაა.
- საქართველოში სიმინდი მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში შემოვიდა, სწრაფად გავრცელდა და ადრინდელი კულტურები - ფეტვი და ღომი განდევნა. აქ სიმინდმა მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია განიცადა. სხვადასხვა კუთხესა და ზონაში ჩამოყალიბდა თავისებური ჯიშები, მთის სიმინდი და ისეთიც, რომელიც ბარში ითესება. საქართველოში არის ჯიშები, რომელთაც სავეგეტაციო პერიოდისთვის - აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე, 90-დან 145 დღემდე სჭირდება.
- რამდენი ჯიშის სიმინდია ჩვენთან?
- შემორჩენილია ბევრი ადგილობრივი ჯიში, რომლებიც შექმნილია ხალხური სელექციის შედეგად. თითქმის ყველა კუთხეს, განსაკუთრებით - დასავლეთ საქართველოს, თავისი ჯიში აქვს. საქართველოში სიმინდის იმდენი ჯიში არსებობს, რამდენი მესიმინდეცაა.
350 წელიწადს მიმდინარეობდა ხალხური ჯიშების სელექცია, შემდეგ კი მოვიდა მეცნიერული სელექციის ჯერიც. მეცნიერული სელექცია უფრო ჰიბრიდებზე მუშაობს. 30-იან წლებში ძველი თაობის სელექციონერებმა უამრავი მასალა შემოიტანეს ამერიკიდან და აქ აწარმოებდნენ სელექციას. მასობრივად შემოტანა კი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო. როცა სიმინდის ჯიში შემოდის, ის ადგილობრივ ჯიშებს დევნის.
ჰიბრიდი არის საგანგებოდ გამოყვანილი ჯიში ძალიან მაღალი პროდუქტიულობით. უფრო ადვილია ჰიბრიდის კომბაინით აღება, უფრო გამძლეა დაავადებების მიმართ და სხვ. ჩვენი ჯგუფი რამდენიმე ჰიბრიდის ავტორია. მე მხოლოდ "ლომთაგორაში" ექვსი ჰიბრიდი მაქვს გამოყვანილი.
ბოლო დროს ისე განვითარდა უცხოეთში სელექცია, რომ გენური ინჟინერიით ქმნიან ჰიბრიდებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის არ არის სასარგებლო.
ისეთი გაჭირვება არ გვაქვს, რომ გენმოდიფიცირებული ჰიბრიდები ვთესოთ, მიუხედავად იმისა, რომ მოსავლიანობა მეტი აქვს.
უნდა შემოვიტანოთ ჰიბრიდები, რომლებიც არ იქმნება გენმოდიფიცირებული მასალით.
- ბოლო წლებში რაც შემოვიდა, როგორია?
- მომწოდებლები ირწმუნებიან, რომ არ არის გენმოდიფიცირებული. ახლა საქართველოში კანონიც კრძალავს ასეთი პროდუქტების შემოტანას. სასურსათო გამოყენებისთვის ჩვენი, ადგილობრივი ჯიშები უნდა ვთესოთ.
80-იანი წლების ბოლომდე თუ სიმინდი საქართველოში 200-250 ათას ჰექტარზე ითესებოდა, ახლა 80-100 ათას ჰექტარს თუ იკავებს. შარშან, როგორც ამბობენ, 50 ათას ჰექტარზე იყო მხოლოდ დათესილი. ეს საშინელებაა. მარცვალს უცხოეთში ვყიდულობთ, ამ დროს საშუალება გვაქვს, თვითონ ვაწარმოოთ.
ჰიბრიდები რომ შემოვიდა, გაჩნდა აზრი, ჰიბრიდს დავთესავ და მჭადისთვის ბაზარში ვიყიდი ადგილობრივი სიმინდის ფქვილსო. რას იყიდი, თუ არავინ დათესავს?! ჰიბრიდები უნდა შემოვიტანოთ, მაგრამ არ უნდა მოხდეს ადგილობრივი ჯიშების გადამტვერვა. ჰიბრიდს ვინც თესავს, ქართული სიმინდი მოშორებით უნდა დათესოს.
- სიმინდი პირადად თუ მოგყავთ, ოჯახისთვის?
- მცხეთის რაიონში მაქვს ნაკვეთი, სადაც ადრე სხვადასხვა კულტურა მომყავდა. ახლა "ლომთაგორაში" 10-15 ჰექტარი მაქვს გამოყოფილი სიმინდისთვის და სულ იქ ვტრიალებ.
- არსებობს ყვითელი და თეთრი სიმინდი, რომელი რა თვისებებით გამოირჩევა?
- ყვითელი სიმინდი მეცხოველეობაში უფრო სასარგებლოა, რადგან ფერმენტი, რომელიც ამ ფერს აძლევს, ცხოველის ორგანიზმისთვის აუცილებელია. თეთრ სიმინდში ეს ფერმენტი არ არის და ამიტომაც მეცხოველეობაში არ გამოიყენება.
- რა და რა ფერის სიმინდი არსებობს მსოფლიოში?
- არსებობს მოშავო, წითელი, იისფერი - ეს დეკორატიული ფორმებია.
ქართული სიმინდი უნიკალურია და დეგუსტაციებზეც უმაღლეს შედეგებს იღებს. სიმინდის ბევრი კოლექცია მინახავს და დაშიფრულ დეგუსტაციებზე ჩვენი სიმინდი ყოველთვის მაღალ შეფასებას იღებდა. სტუმრები გვყავდა საფრანგეთიდან და როცა ჩვენი მოხარშული სიმინდი გასინჯეს, თქვეს, რომ მათი სიმინდი ასეთი გემრიელი არ არის. სერბეთიდან ჩამოსულმა ცნობილმა სელექციონერმაც აღნიშნა ქართული სიმინდის განსაკუთრებული საგემოვნო თვისებები.
ეკა სალაღაია