რატომ ჩაუტარდათ პარლამენტის თანამშრომლებს ტრენინგები პარლამენტის აპარატის უფროსის კუთვნილ სასტუმროში (?!) - კვირის პალიტრა

რატომ ჩაუტარდათ პარლამენტის თანამშრომლებს ტრენინგები პარლამენტის აპარატის უფროსის კუთვნილ სასტუმროში (?!)

"პარლამენტის ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა აღნიშნულ ტრენინგებზე. ამას აფინანსებენ დონორები, თავად არჩევენ ადგილს, სადაც უნდა ჩატარდეს სემინარი და ჩემი ბრალი არ არის, რომ "ვარძია-რეზორტსი" არსებობს და ის ჩემი ოჯახის საკუთრებაშია"

პარლამენტის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის ფარგლებში, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლებს ტრენინგებსა და სემინარებს უტარებენ. ეს მისასალმებელი ტენდენციაა, თუმცა, იყენებენ თუ არა მიღებულ ცოდნას საჯარო მოხელეები პრაქტიკაში და რამდენად დაიხვეწა პარლამენტის მუშაობა, ეს სულ სხვა საუბრის თემაა.

ყურადღებას ერთ ფაქტზე გავამახვილებ, რომელიც 2017 წელს საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელად დანიშნულ ნიკოლოზ ნათენაძეს უკავშირდება. ქრონოლოგიურად მივყვეთ:

2017 წლის 18-19 ოქტომბერსა და 2-3 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის აპარატის 55 თანამშრომელს ტრენინგი გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციების საკითხებზე ჩაუტარდათ. ტრენინგში მონაწილეობდნენ საპარლამენტო კომიტეტების აპარატებისა და დეპარტამენტის, ასევე, დეპარტამენტების ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. ინფორმაციას "კვირის პალიტრასთან" საუბრისას გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენელი სოფო ჭიჭინაძე ადასტურებს. სწორედ გაეროს განვითარების ფონდის ორგანიზებით გაიმართა სასტუმრო "ვარძია-რეზორტსში" აღნიშნული ტრენინგები. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არც ჩვენი დაინტერესების საგანი გახდებოდა, პროცესში სასტუმრო "ვარძია-რეზორტსი" რომ არ ფიგურირებდეს, რომელიც დღესაც პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ნათენაძის საკუთრებაშია. როგორც ინფორმირებული წყარო გვიყვება, მსგავსი ტრენინგები 2017 წლამდე ყოველთვის კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში ტარდებოდა, თუმცა, ლოკაცია მიმდინარე წელს რატომღაც შეიცვალა, ანუ მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ნათენაძე პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელად დაინიშნა. წყარო გვიყვება, რომ თავად ნათენაძე იყო დაინტერესებული, პარლამენტში დაგეგმილი ტრენინგები მის საკუთრებაში არსებულ სასტუმროში ჩატარებულიყო. გაეროს განვითარების ფონდი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ადასტურებს, რომ სასტუმრო "ვარძია-რეზორტსთან" გრძელვადიანი ხელშეკრულება სწორედ 2017 წელს გაფორმდა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად უშუალოდ პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელ ნიკოლოზ ნათენაძეს დავუკავშირდით:

- სასტუმრო "ვარძია-რეზორტსი" დღესაც თქვენი ოჯახის საკუთრებაშია?

- კი ბატონო.

- ჩვენი ინფორმაციით, ოქტომბერსა და ნოემბერში სწორედ ამ სასტუმროში ჩატარდა პარლამენტის თანამშრომლების ტრენინგი, როდესაც ადრე სხვა სასტუმროებში იმართებოდა. თქვენი შეთავაზებით შეიცვალა ტრენინგების ლოკაცია?

- მინდა ვითარებაში გაგარკვიოთ - პარლამენტის ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა აღნიშნულ ტრენინგებზე. ამას აფინანსებენ დონორები, თავად არჩევენ ადგილს, სადაც უნდა ჩატარდეს სემინარი და ჩემი ბრალი არ არის, რომ "ვარძია-რეზორტსი" არსებობს და ის ჩემი ოჯახის საკუთრებაშია. ინტერესთა კონფლიქტს ამ საქმეში ვერ ვხედავ, უბრალოდ, ჩვენს თანამშრომლებს ჰქონდათ გამოხატული ინტერესი, რომ ტრენინგები მუდმივად კახეთში არ ჩატარებულიყო.

- პარლამენტის რომელ თანამშრომელს ჰქონდა მსგავსი პრეტენზია?

- ეს ჩემი თემა არ არის და არც კომპეტენცია, მე ვიცი, თანამშრომლებში ტენდენცია, რომ საქართველო მხოლოდ კახეთი არ არის და მთლიანად საქართველოა, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. როგორც გითხარით, დონორები თავად არჩევენ ლოკაციას. ამ შემთხვევაში, ტრენინგი სულ ორჯერ ჩატარდა და პირადად ვმონაწილეობდი. თუმცა, ვიმეორებ, პარლამენტის ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა. ეს იყო გაეროს განვითარების ფონდის ინიციატივა, არჩევენ შეღავათიან ადგილებს ტრენინგებისთვის. ნიკოლოზ ნათენაძესთან საუბრის შემდეგ გაეროს განვითარების ფონდს დავუკავშირდით.

სოფო ჭიჭინაძე, გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენელი: - ვადასტურებთ, რომ "ვარძია-რეზორტსთან" გრძელვადიანი ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ლოკაციების შერჩევა ეყრდნობა სასტუმროებსა და საკონფერენციო დარბაზებთან გაფორმებულ გრძელვადიან ხელშეკრულებებს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება ექცევა შეთავაზებულ ფასებს, მონაწილეთა რაოდენობას, ხელსაყრელ ადგილმდებარეობასა და ღონისძიების ხანგრძლივობას. ღონისძიების ჩატარების ადგილი არ თანხმდება ბენეფიციარებთან.

რუსუდან შელია