"ასე თუ გაგრძელდა 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 170 000 კაცით შემცირდება"
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2014 წელს ჩატარებული აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3,7 მილიონია. აღსანიშნავია, რომ 2002 წელს ჩატარებული აღწერის დროს მოსახლეობის რაოდენობა 4,3 მილიონი იყო, ხოლო 1989 წლის აღწერის მონაცემებით - 5,5 მილიონი. თუ ამ მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა პერმანენტულად იკლებს.
2017 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა.
რთულ დემოგრაფიულ მდგომარეობასა და მოსალოდნელ სავალალო შედეგებზე kvirispalitra.ge-სთან დემოგრაფები საუბრობენ. მათი თქმით, დემოგრაფიული პრობლემების გამომწვევ მიზეზებს შორის აღსანიშნავია 1990-იანი წლებისა და 2000-იანი წლების მიგრაციის მაღალი დონე, შობადობის შემცირება, აბორტებისა და განქორწინებების ზრდა.
ანზორ თოთაძე, დემოგრაფი:
"პირველად საქართველოს ისტორიაში, 2017 წელს სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა, ასეთი რამ ადრე არ მომხდარა, დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილზე ყოველთვის მეტი იყო. ჩვენ რაც არ უნდა წავახალისოთ წყვილები და ოჯახები, მომავალ წლებში მაინც შემცირდება შობადობა, ამას ვეღარ შევაკავებთ, ახლა ჩვენი მიზანია, შემცირება დიდი არ იყოს და რამდენიმე წლის შემდეგ ისევ დაიწყოს მოსახლეობის რაოდენობის ზრდა.
უნდა ითქვას, რომ იზრდება განქორწინების სტატისტიკა. მაგალითად, ბოლო წლის თბილისის მონაცემებით, ყოველ მეორე ქორწინებაზე მოდის ერთი განქორწინება, მაშინ როდესაც 80-იან წლებში სოფლად ყოველ 49 ქორწინებაზე მოდიოდა 1 განქორწინება, ხოლო ქალაქად ყოველ 6 ქორწინებაზე 1 განქორწინება, განქორწინება კი მოგეხსენებათ, შობადობის რაოდენობას ამცირებს. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს დემოგრაფიული გაუმჯობესების პროგრამა. თუ არაფერი ვიღონეთ, დაახლოებით 25 წელიწადში საქართველო ქართველებისგან დაცარიელდება. უკვე დაცარილებულია რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი. ძალიან მცირდება იმერეთის რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა. დღეს ქვეყანა მძიმე დემოგრაფიული ვითარების წინაშე დგას და თუ ერმა ამას ყურადღება არ მიაქცია, მოხდება მოსახლეობის ფიზიკური წყვეტა, რომელსაც მერე არაფერი ეშველება".
"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" თავმჯდომარის, თამარ ჩიბურდანიძის თქმით, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის შემცირებით, კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსი ირღვევა, რაც გავლენას ახდენს სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე.
თამარ ჩიბურდანიძე: "2010 წელს გამოქვეყნდა გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის შედეგები, რის მიხედვითაც საქართველოს 2050 წლისათვის ემუქრებოდა დემოგრაფიული კატასტროფა, ანუ მათი პროგნოზით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა შემცირდება 28%-ით, ანუ 1 170 000 კაცით და ამით ამიერკავკასიაში ირღვევა დემოგრაფიული ბალანსი. იმავე პროგნოზის მიხედვით, აზერბაიჯანის მოსახლეობა გაიზრდება 33%-ით, სომხეთის 7%-ით. თუკი ამ ტენდენციით გაგრძელდა დემოგრაფიული მაჩვენებლები საქართველოში, ქვეყანა კარგავს ლიდერი სახელმწიფოს პოზიციას ამიერკავკასიაში.
80-იან წლებში საქართველოში გაჩნდა 455 000 გოგონა, ხოლო 1990-იან წლებში დაიბადა ამის ნახევარი 233 000, სწორედ 90-იან წლებში დაბადებული გოგონები შედიან ახლა უკვე დედობის ასაკში და ბუნებრივია განახევრებული დედები განახევრებულ შობადობას გვაძლევენ.
საქართველოს ისტორიას აქვს მსგავსი ფაქტები, მაგალითად, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა გამუდმებული ომების და შავი ჭირის გამო დავიდა 400 000-ზე, ხოლო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში ანუ ერთ საუკუნეში მოსახლეობის რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა".
კითხვაზე, როგორ უნდა მოგვარდეს დემოგრაფიული პრობლემა, თამარ ჩიბურდანიძე ამბობს, რომ ვითარება 1-2 წელში არ გამოსწორდება და ამისათვის სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი.
"რა თქმა უნდა, მიგრაცია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა დემოგრაფიულ პრობლემებს შორის. სამწუხაროდ რეპროდუქციული ასაკის ხალხი - მამაკაცები, ქალები და ახალგაზრდები გადიან ქვეყნიდან, მათ დაბრუნებას უნდა შევუწყოთ ხელი, აქ უნდა შეიქმნას მათთვის სამუშაო ადგილები, ამას გარდა აუცილებელია ხალხის ინფორმირება, სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება, რა არის აბორტი, რატომ არ უნდა გაკეთდეს ის, რა ხდება 13-14 წლის მოზარდებში პირველადი აბორტების კუთხით, რატომ გადააჭარბა განქორწინებათა რაოდენობამ ქორწინებას, რატომ ინგრევა ახლადშექმნილი ოჯახები პატარა ასაკში და ა.შ."
თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)