უნაბი - უგემრიელესი ჩინური ფინიკი - კვირის პალიტრა

უნაბი - უგემრიელესი ჩინური ფინიკი

"სამკურნალო და დიეტური თვისებების გამო უნაბი ყველა გლეხის, ფერმერის, დასასვენებელი სახლების ეზოებისა თუ ბაღების აუცილებელი ბინადარი უნდა გახდეს"

ანაპი, ზიზიფუსი, ჩინური ფინიკი - ასე უწოდებენ უნაბს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ეს სასარგებლო მცენარე ყველაზე პოპულარული ჩინეთშია, იქ მისი 400-მდე სახეობაა ცნობილი. უნაბის მოვლასა და თვისებებზე გვესაუბრება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ გაბრიჩიძე.

- უნაბი საქართველოში გავრცელებულ ხეხილოვან კულტურებს შორის ერთ-ერთი უძველესია. ეს საუკეთესო ხილი არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის ფილტვების დაავადებების, ტუბერკულოზის, ასთმის, კატარული ხველის და ჰიპერტონიის დროსაც.

ნედლი ნაყოფი შეიცავს 20-25%-მდე შაქარს, ჩ ვიტამინსა და სასარგებლო მჟავებს, ხოლო ხმელ ნაყოფში შაქრის შემცველობა 65%-მდე ადის. უნაბის ნაყოფი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის.

ამ მცენარის სამშობლო ჩინეთია და მას ბევრგან ჩინურ ფინიკსაც უწოდებენ. თუმცა უნაბი ფართოდ არის გავრცელებული ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის, ხმელთაშუა ზღვის აუზში, შუა აზიასა და ამერიკის კონტინენტზე.

- საქართველოში რა დროიდან არის ცნობილი ეს მცენარე?

- უნაბის ველური ფორმები აქ ყოველთვის ხარობდა, თუმცა მსხვილნაყოფა უნაბის პირველი ჯიშები 1930 წელს შემოიტანეს კალიფორნიიდან და თავდაპირველად გაგრაში დარგეს, შემდეგ კი თბილისის დენდროლოგიურ პარკში. უნაბს სამკურნალოდ ძველ მსოფლიოში ფართოდ იყენებდნენ, თუმცა დღეს ის ქიმიურმა პრეპარატებმა დაჩაგრა - სამკურნალო მცენარეების ნაყოფს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ჩინეთში კი ამ მიზნით უნაბს ამჟამადაც იყენებენ. რადგანაც უხვად შეიცავს ჩ ვიტამინს, ის გრიპთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

- როგორ ამრავლებენ უნაბს?

- უნაბი მრავლდება თესლით, კალმით და ფესვის ამონაყარებით, ვეგეტაციური გზითაც, რომელიც სრულყოფილად ინარჩუნებს ჯიშურ ნიშან-თვისებებს. უნაბი კარგად იტანს მაღალ ტემპერატურას და უძლებს 25-28 გრადუს ყინვასაც. პლანტაციის გასაშენებლად უნაბის ნერგებს ერთმანეთისაგან 3-4 მეტრის დაშორებით რგავენ, ხოლო ინდივიდუალური ნარგაობის დროს მიზანშეწონილია უნაბის დარგვა გზების გასწვრივ, ქარსაფარ ზოლებსა და სხვა ადგილებში. მცენარეს ჩვეულებრივად უვლიან, ყოველწლიურად აფხვიერებენ ნიადაგს, ანოყიერებენ ორგანული და მინერალური სასუქებით. საუკეთესოა, თუ ფერმერი ერთი მცენარისთვის გამოიყენებს 15-20 კგ-მდე ტორფ-კომპოსტს ან გადამწვარ ნაკელს, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში სასურველია რთული მინერალური სასუქებით გამოკვებაც - ერთ ხეზე 600-700 გრამის ოდენობით. უნაბი მავნებელ დაავადებათა მიმართ საკმაოდ გამძლეა, რაც მისი კიდევ ერთი დადებითი თვისებაა.

- როგორი ნიადაგი სჭირდება უნაბს, რომ გაიხაროს?

- ყველა ტიპის ნიადაგზე ხარობს, თუმცა არ უყვარს ჭაობიანი და მძიმე ნიადაგები. აღმოსავლეთ საქართველოში ისეთი ნოყიერი მიწებია, რომ უნაბის გახარება იოლია, გურიაში, ანასეულში, სამეგრელოდან მოტანილი ნერგები დავრგე, მშვენივრად გაიხარა, გაიზარდა და ნაყოფიც გამოიღო, მაგრამ იმის გამო, რომ აჭარა-გურიაში სინესტეა, მისი ნაყოფი ბოლო კონდიციამდე მაინც ვერ მივიდა. უნაბი ჰაერის მაღალ ტენიანობას ვერ იტანს, ამიტომ კარგად ხარობს მშრალ ადგილებში, მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოში, იმერეთის მშრალ ზონაში ან აფხაზეთის ზოგიერთ ადგილას, სადაც შედარებით მზიანი და მშრალი კლიმატია.

- ნაყოფს როდის ისხამს?

- მსხმოიარობს უნაბი მესამე-მეოთხე წელს, ნაყოფი ნოემბერ-დეკემბერში მწიფდება. კარგად მოვლილი თითოეული ხიდან 10-15 კილოგრამი ნაყოფის მიღება შეიძლება. დასაკონსერვებლად ნაყოფი იკრიფება ადრე, სექტემბერ-ოქტომბერში, როცა კანი მოწითალო-მოყავისფროდ შეიფერება. თუ ნაყოფი შესანახავად გვინდა, ხეზე შესაჭკნობად უნდა დავტოვოთ. შემჭკნარი უნაბის ნაყოფი მოკრეფის შემდეგ დიდხანს ინახება და მას სხვადასხვა მიზნით იყენებენ. სამწუხაროა, რომ ასეთ უნიკალურ მცენარეს დღეს ნაკლები ყურადღება ექცევა. არადა, სამკურნალო და დიეტური თვისებების გამო ეს მცენარე ყველა გლეხის, ფერმერის, დასასვენებელი სახლების ეზოებისა თუ ბაღების აუცილებელი ბინადარი უნდა გახდეს. არ დაიზაროთ, შეიძინეთ უნაბის ნერგები, დარგეთ და გაახარეთ თქვენს მიწაზე. ის ბევრ სიამოვნებას მოგიტანთ თქვენც და თქვენს ოჯახსაც.

- სად შეიძლება უნაბის ნერგების შოვნა?

- აბაშაში, ხობში, სენაკსა და სამეგრელოს სოფლებში ამ მცენარეს ყველგან ნახავთ. საქართველოს ამ ულამაზეს რეგიონში უნაბს დიდ პატივს სცემენ. უნაბს ძირში ამონაყარები უვითარდება, რომელიც შეიძლება პირდაპირ მიწიდან ამოიღოთ და სხვა ადგილას გადარგოთ. უნაბი გვალვაგამძლე მცენარეა და მაღალ ტემპერატურას კარგად იტანს, მაგრამ თუ ძალიან გვალვიანი ამინდებია, მორწყვაც სჭირდება. სხვა დადებით თვისებებთან ერთად, უნაბი დეკორატიული მცენარეა, რადგან ძალიან ლამაზი, პრიალა ფოთლები აქვს, რომლებიც ადრე შემოდგომაზე მომწვანო-მეწამულ ფერს იღებს. ეს უნაბის ხეს მეტად სასიამოვნო იერს ანიჭებს.

უნაბის მურაბა

უნაბის ნაყოფისგან უგემრიელეს მურაბას ამზადებენ. გთავაზობთ ამ მშვენიერი ნუგბარის რეცეპტს.

შემადგენლობა:

500 გრამი უნაბი; 450 გრამი შაქარი; 150 გრამი თხილი; 2 ჩხირი დარიჩინი; 3 ანისის ვარსკვლავი; 10 მარცვალი მიხაკი.

მომზადების წესი:

მოამზადეთ შაქრის ვაჟინი: 450 გრამ შაქარს დაუმატეთ 300 მლ წყალი და დადგით ცეცხლზე ასადუღებლად. ვაჟინში ჩაყარეთ დარიჩინის ჩხირი, ანისის ვარსკვლავი, მიხაკი და გარეცხილი უნაბი. ადუღებისას წარმოქმნილი თეთრი ქაფი მოხადეთ ქაფქირით ან კოვზით. ადუღეთ 40 წუთი. ბოლოს დაუმატეთ მოხალული კანგაცლილი თხილი და გადაიტანეთ ქილებში.

ხათუნა ჩიგოგიძე