"რუსული ეკლესია კატეგორიულად არ აღიარებს ქორწინებად ერთი სქესის პირთა კავშირებს" - კვირის პალიტრა

"რუსული ეკლესია კატეგორიულად არ აღიარებს ქორწინებად ერთი სქესის პირთა კავშირებს"

რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ერთსქესიან კავშირებსა და ქორწინებებს კატეგორიულად არ აღიარებს. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში "საეკლესიო ქორწინების კანონიკური ასპექტების შესახებ", რომელიც რუსული ეკლესიის სამღვდელმთავრო კრებამ მოსკოვში გუშინ მიიღო.

"ეკლესია კატეგორიულად არ აღიარებს ქორწინებად ერთი სქესის პირთა კავშირებს, მიუხედავად იმისა, თუ რა წერია ამის შესახებ სამოქალაქო კანონმდებლობაში, ისევე როგორც თანაცხოვრების სხვა ფორმებს, რომლებიც არ შეესაბამება ქორწინების არსებულ განსაზღვრებას - ქალისა და მამაკაცის კავშირს", - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ეკლესია ცალსახად უარს ამბობს ისეთი ქორწინებების დაკანონებაზე, რომლებიც ეკლესიის კანონიკურ ნორმებს ეწინააღმდეგება. ასეთებად ახლო ნათესავებს შორის, დედობილ-მამობილსა და შვილობილს შორის, ნათლიებსა და ნათლულებს შორის კავშირებია მიჩნეული. გარდა ამისა, ეკლესიურ ქორწინებაში სქესშეცვლილი პირები ვერ შევლენ.

საეკლესიო განქორწინებისთვის მისაღებ არგუმენტებად დასახელდა მრუშობა, ქრონიკული ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, ერთ-ერთი მეუღლის ახალ ქორწინებაში შესვლა.

"ინტერპრესნიუსი"