მე სამარცხვინო ბიჭი ვარ...!
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ, აი შენი და შენი მახინჯი საზოგადოების შექმნილ ყველა სტერეოტიპს რომ ვამსხვრევ ისეთი…
დედაშენი ბებიაჩემს შეძრწუნებული რომ დაურეკავს და საბჭოთა კავშირისთვის შეუფერებელ ვაჟკაცად შემრაცხავს - ისეთიც.
- მე ის ბიჭი ვარ, ყველაზე დიდ ცხოვრებისეულ სიძნელეებს უშიშრად რომ ლახავს, მაგრამ კალიების და მიცვალებულების რომ ეშინია
- ის ბიჭიც მე ვარ, უფრო მეტი გოგონა მეგობარი რომ ჰყავს და ბირჟაზე ფურთხების რადიუსის სიგრძეში შეჯიბრების ნაცვლად, სახლში მარტო ფორტეპიანოზე დაკვრა, ათივე თითით აკვარელში ამოთხვრა და ხატვა ან სევდიანი ლექსის ან პროზის წერა რომ ურჩევნია
- მე ის ბიჭი ვარ, "ფეხბურთი და ლუდი კაცს რომ არ უყვარს ის რა კაცია" და მაინც რომ თქვენზე ძლიერია
- როცა ტკივა ტირილითაც რომ გამოხატავს და ამის რომ არ ეშინია, არც რცხვენია
- სახლში საოჯახო საქმეებს თანაბრად რომ იყოფს ცოლთან და კაცის და ქალის ფუნქციებს ცა და დედამიწის კონტექსტში არ განიხილავს, საერთოდ რომ არ განიხილავს.
- ზოგჯერ სუსტიც რომ არის და იმდენად ძლიერია, რომ ამ სისუსტის აღიარების არ ეშინია
- მე ის ბიჭი ვარ, სექსუალური პარტნიორების რაოდენობით რომ არ ამაყობს, ყველას და ყველაფერს სექსის ობიექტად რომ არ აღიქვამს და უარიც ბევრჯერ უთქვამს
- ცოლიც რომ ჰყავს, საყვარელიც, მეგობარი გოგონაც, "ნაშაც" და ეს ყველაფერი მისთვის ერთადერთ ქალში რომ არის მოქცეული
- სითბოსაც რომ გამოხატავს, გოგოსაც ჩახუტებია, ბიჭსაც, მოფერება რომ არ ერიდება და ყველანაირ პოზიტივს პირდაპირ რომ გამოხატავს
- გეისთან ერთ ოთახშიც და ერთ საწოლშიც რომ უძინია და არ შეშინებია, რომ ღამით ვინმე ფარულად "გააბახებდა" (ვტფ)
- მე ის ბიჭი ვარ, რომელიც ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების შემთხვევაში გიჩივლებთ და ციხეში ამოგალპობთ, ნაცვლად ჩაცუცქული, "კაიბიჭური" საუბრებისა. არავაჟკაცურად გეჩვენებათ? აბა ხელი მოისვით…
- მე ის ბიჭი ვარ, ვისთვისაც საზღვრების გადმოწევა არის პრობლემა და არა ათი ლესბოსელის ლოზუნგებით გასეირნება რუსთაველის გამზირზე
- ის ბიჭიც ვარ, გულზე მჯიღს რომ არ იცემს ფეისბუქზე მოჭარბებული პატრიოტიზმისგან და ომის დროს ბუნკერებში არ იმალება, უბრალოდ მშვიდად დგება და მის წილს პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის წინაშე.
- მე ის ბიჭი ვარ, რომელიც ბედნიერია, იმიტომ რომ ზუსტად ისეთია, როგორიც სინამდვილეში, ტკბება თავისუფლებით და მისი ბედნიერების ყველა რეცეპტორი გამოკვებილია, განსხვავებით "ქართველი ვაჟკაცის" ნიღბის უკან დამალული მხდალი და სუსტი "კაცებისა"
ჰო, მე სტერეოტიპული, მარწუხებში მოქცეული, ყალბი და სახეზე მტკივნეულად შემოჭერილ ნიღბებში მცხოვრები საზოგადოებისთვის სამარცხვინო ბიჭი ვარ და ეს მეამაყება.
…საკმაოდ ბევრი წელი მანგრევდნენ სტერეოტიპები, დადგა დრო, რომ ახლა უკვე მე დავანგრიო ისინი.
ჰოდა, წარმატება მისურვეთ!