"ქმრის ერთგულებაში ეჭვი არასდროს შემპარვია, მაგრამ მისი ყოფილი ცოლის მაინც მეშინოდა"
"მოულოდნელად ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა, მისი არყოფნით ვისარგებლე და შეტყობინება გავხსენი. ნინა იყო. სწერდა, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთო. ვერც კი გადმოვცემ, რა დამემართა. გამოვიდა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, სანამ ვანო ჩემთან ცხოვრობდა, პარალელურად ნინას დაბრუნებას ცდილობდა? ეს ღალატი იყო"
"ქალებო, ეს ამბავი მხოლოდ ჩემმა საუკეთესო მეგობრებმა იციან, მაგრამ რატომღაც ძალიან მომინდა თქვენც მოგითხროთ და ამიტომაც ვგზავნი წერილს რედაქციაში. იმედი მაქვს დამიბეჭდავენ".
"ახლა უკვე ვიცი, რომ ვანოს ვუყვარვარ... სხვა შემთხვევაში ამ სამი წლის განმავლობაში აუცილებლად წავიდოდა, რადგან სიბრალული მისთვის უცხოა და მეც, ბუნებრივია, ვერ გავჩერდებოდი კაცთან, რომლისთვისაც სულერთი ვიქნებოდი. ზედმეტად თავმოყვარე ვარ.
ვანო რომ გავიცანი, ის უკვე ცოლგანაშორები იყო. მისი ყოფილი ცოლის ვინაობაც ვიცოდი და ქუჩაშიც ბევრჯერ შემხვედრია. უნდა გამოვტყდე და, იშვიათი სილამაზისა და გემოვნების გოგო იყო. თვითონ ის ფაქტი, რომ მას ჩემამდე ცოლი ჰყავდა, სულაც არ მაღელვებდა, სხვა რამე უფრო მაწუხებდა. ვაცნობიერებდი, რომ საქმე ღირსეულ მეტოქესთან მქონდა და ამიტომ საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევდი. სულ მეგონა, რომ ეს გოგო მის ცხოვრებაში ოდესმე ისევ გამოჩნდებოდა და მაშინ შესაძლოა საყვარელი ადამიანი დამეკარგა. ვანოს ერთგულებაში ეჭვი არასდროს შემპარვია, მაგრამ მისი ყოფილი ცოლის მაინც მეშინოდა.
როცა ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით, ერთ ჭერქვეშ გადავწყვიტეთ ცხოვრება. ყველაფერი, ასე თუ ისე, კარგად გვქონდა და შეხმატკბილებულადაც ვცხოვრობდით, თუმცა ის, რომ ვანო ჩვენი ურთიერთობის დაკანონებას არ ჩქარობდა, გარკვეულწილად მაწუხებდა. ყველამ იცოდა, რომ ფაქტობრივად ცოლ-ქმარი ვიყავით და, ადრე თუ გვიან, ამ ამბავს ქორწინებით დავაგვირგვინებდით. ძალიან მინდოდა ჯვარი დაგვეწერა და რამდენჯერმე ამაზე მასთან საუბარიც ვცადე. ვანო მპირდებოდა, რომ ჯვარს აუცილებლად დავიწერდით და ქორწილსაც გადავიხდიდით, მაგრამ ცოტა მოგვიანებით... მე კი ვჩქარობდი. მუდმივად ვოცნებობდი, როგორი ქორწილი უნდა მქონოდა და რამდენი შვილი უნდა გვყოლოდა.
ვანო ჩემზე ზრუნავდა, ვგრძნობდი, ნელ-ნელა როგორ მეჩვეოდა და მიხაროდა. სამუშაო დღის შემდეგ მანქანით სამსახურთან მხვდებოდა და სახლში ერთად ვბრუნდებოდით, თუმცა იმ საღამოს ასე არ მოხდა. დამირეკა და მომიბოდიშა, დღეს შენ თვითონ წამოდი, პატარა საქმე გამომიჩნდაო. ცოტა არ იყოს, მეწყინა, განა რა საქმე აქვს ასეთი-მეთქი, მაგრამ დავთანხმდი.
გვიანი შემოდგომა იყო და როცა სამსახურიდან გამოვედი, ბნელოდა. უცებ კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ქოლგა თან არ მქონდა და თავიდან ფეხებამდე დავსველდი. სამარშრუტო ტაქსის ლოდინმა დიდხანს მომიწია, რამდენიმემ გაიარა, მაგრამ ყველას მგზავრი ჰყავდა. შველის სათხოვნელად ისევ ვანოსთან დარეკვა გადავწყვიტე. ვიფიქრე, გადადებს საქმეს და წამიყვანს, აბა, ამ ამინდში საყვარელ ქალს ქუჩაში ხომ არ მიატოვებს-მეთქი.
ტელეფონს რომ არ უპასუხა, დავიძაბე, მაგრამ მაშინვე ცუდი ფიქრების განდევნა ვცადე. ბედად ერთმა ღვთისნიერმა ტაქსისტმა გამიჩერა, საით მიბრძანდებითო, მკითხა. ვუთხარი, სადაც მივდიოდი და წაგიყვანთ, ოღონდ უკან ერთი მგზავრი მიზის, ისიც იქით მოდის და თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თქვენც წამობრძანდითო. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი და მანქანაში მძღოლის გვერდით მოვკალათდი.
ერთხანს სამივე ჩუმად ვისხედით, უეცრად უკნიდან ახალგაზრდა ქალის ხმა გავიგონე,"უკაცრავად, თქვენ ქეთა არ ბრძანდებითო?" მოულოდნელობისგან გავშრი. როცა უკან მივიხედე, სიბნელეში მგზავრის სახის ნაკვთების გარჩევა გამიჭირდა. მძღოლი გამხიარულდა, აი, თურმე ერთმანეთსაც იცნობთო. მე ვერ გიცანით-მეთქი, ვუთხარი. კატო მქვიაო, გამეცნო, ნინას, ანუ ვანოს ყოფილი ცოლის მეგობარი აღმოჩნდა, რამდენჯერმე ვანოსთან ერთად ვუნახავვარ და სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ფოტოებიდანაც გიცნობთო, მითხრა.
სიურპრიზიც ასეთი უნდოდა. კიდევ უფრო დავიძაბე. სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდი, კატომ კიდევ ბევრი ილაპარაკა. ვანოსა და ნინას ქორწილის ამბებიც კი გაიხსენა და მერე სინანულით თქვა, ნინას პრინციპული ხასიათი რომ არა, ისინი დღემდე ერთად იქნებოდნენო.
ხასიათი საბოლოოდ გამიფუჭდა. ვანოც გვიან დაბრუნდა და მაშინვე კითხვები დავაყარე. თავი იმართლა, სამსახურიდან უფროსმა გამგზავნა რაღაც საქმეზეო. ვენდე, მაგრამ ნაწყენი მაინც დავრჩი. როცა დასაძინებლად დავწექით, ფრთხილად შევაპარე ნინაზე საუბარი. ბოლოს როდის ნახე-მეთქი, თითქოს შეცბა, მაგრამ არც კი მახსოვსო, მიპასუხა, მერე მაგრად მომეხვია და სისულელეებზე ნუ ფიქრობო, დამამშვიდა.
მეორე დილას შეუძლოდ გავხდი. თავი ძალიან მტკიოდა და შუადღისას სიცხემაც ამიწია. ვანო დილით ადრე სამსახურში წავიდა. იმდენად სუსტად ვიყავი, წასვლამდე ყავაც ვერ მოვუდუღე. არა უშავსო, დამამშვიდა, სამსახურში დავლევო.
დღის განმავლობაში რამდენჯერმე დამირეკა, როგორ ხარ და საღამოს რა წამოგიღოო. ალუბლის წვენი და წამალი დავაბარე. როგორც კი საქმეს მოვრჩები, წამოვალო, დამპირდა.
საღამოს უფრო ცუდად გავხდი, მაციებდა, ეტყობა, სიცხე კიდევ უფრო ზემოთ იწევდა. ვანოს მოსვლის დრო იყო, მაგრამ არა და არ ჩანდა. მაშინ დავურეკე, უფროსმა გამაჩერაო, მომიბოდიშა, მალე მოვალო. ბედად მეზობლის გოგო შემოვიდა და სიცხის დამწევი დამალევინა. გვიანობამდე სასთუმალთან მეჯდა, მერე ძილი მომერია და წავიდა.
როცა გამომეღვიძა, ღამის 1-ლი საათი იყო. მობილურ ტელეფონს დავეძგერე და ვანოს ნომერი ავკრიფე, მაგრამ გამორთული აღმოჩნდა. ელდა მეცა, ვერ მივხვდი, რა უნდა მეფიქრა. მოსვენება დავკარგე, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ მის ნომერს ვკრეფდი. შუაღამე იქნებოდა, როცა კარი გაიღო და პარკებით დატვირთული ვანო შემოვიდა."სად იყავი-მეთქი, ვეცი გაღიზიანებული. ნასვამი იყო, რაღაც ჩაიდუდღუნა, პროდუქტი მომაჩეჩა და საძინებელში გავიდა. მივხვდი, საუბარს აზრი არ ჰქონდა და თავი დავანებე.
დილით მომიბოდიშა, უფროსის დაბადების დღე იყო და არ გამოდიოდა, რომ არ წავსულიყავიო. გულმა რეჩხი მიყო, რატომღაც გამიჭირდა ამის დაჯერება. ყავა მოვუდუღე, დამუნჯებული და ჩაფიქრებული სვამდა."როგორ მინდა, რომ მოგიარო და როგორ არ გამომდისო, რატომღაც თქვა ბოლოს და წასასვლელად გაემზადა.
უსიამოვნო განცდა დამრჩა. ერთ მშვენიერ დღეს ჩემი შიში არ გამართლდა. დილით, როგორც წესი, გაღვიძებისთანავე სააბაზანოში შევიდა. მე ჯერ კიდევ ვიწექი. მოულოდნელად ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა, მისი არყოფნით ვისარგებლე და შეტყობინება გავხსენი. ნინა იყო. სწერდა, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთო. ვერც კი გადმოვცემ, რა დამემართა. გამოვიდა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, სანამ ვანო ჩემთან ცხოვრობდა, პარალელურად ნინას დაბრუნებას ცდილობდა? ეს ღალატი იყო.
თავს მოტყუებულად და შეურაცხყოფილად ვგრძნობდი. დამალვას აზრი არ ჰქონდა, როცა ვანო სააბაზანოდან გამოვიდა, მივახალე, შეტყობინება წავიკითხე-მეთქი.
სანამ ნივთებს ვაბარგებდი, ოთახიდან ოთახში დამდევდა და თავის გამართლებას ცდილობდა, მაგრამ მე აღარაფერი მესმოდა. აი, თურმე ცოლად რატომ არ მოგყავდი-მეთქი, გაცეცხლებულმა ესეც მივახალე.
მოკლედ, დავშორდით და ცხოვრება ცალ-ცალკე გავაგრძელეთ. თუმცა ამას ცხოვრება არ ერქვა. პირველი ორი დღე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მისი დანახვაც არ მინდოდა. მესამე დღეს ცოტა დავმშვიდდი და სინანული ვიგრძენი. იქნებ მე ვერ გავიგე რამე სწორად-მეთქი, ვფიქრობდი. მომდევნო დღეებში საშინლად მომენატრა, მაგრამ ვითმენდი და გულის სიღრმეში ველოდი.
ვფიქრობდი, რომ მოვიდოდა და პატიებას მთხოვდა, მეტყოდა, რომ ძალიან ვუყვარვარ და უჩემოდ არ შეუძლია, ცოტა ხანი ხომ არ გავატარეთ ერთად...
როცა ესეც არ მოხდა და მისგან მხოლოდ დუმილს ვიღებდი, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. გამოსავალს ვეღარ ვპოულობდი. ისიც კი ვიფიქრე, რომ მასთან მივსულიყავი და ყველაფერი ერთხელ კიდევ გაგვერკვია, მაგრამ ეს აზრი მაშინვე უარვყავი, ეს უთავმოყვარეო ქალის საქციელი გამოდიოდა. დღედაღამ ვტიროდი, ვტიროდი სახლშიც და სამსახურშიც კი... დედამიწის ზურგზე არავინ და აღარფერი მინდოდა.
ერთ დღესაც სამსახურიდან გამოსვლისას შორიდან ვანოს მანქანა შევნიშნე და გული გამალებით ამიძგერდა. როცა მივუახლოვდი, თვალის არიდება და გვერდის ავლა ვიფიქრე, მაგრამ არ დამაცადა, მანქანიდან გადმოვიდა და გამაჩერა. სევდიანი იყო, დამელაპარაკეო, მთხოვა. გულმა ვერ მომითმინა და სალაპარაკოდ მანქანაში ჩავსხედით. მიყვარხარო, მითხრა პირდაპირ. ირონიულად ჩამეცინა, მაგრამ როცა თვალებში ჩავხედე, გულწრფელი მზერა დავიჭირე. ბევრს მელაპარაკა, ყველაფერში გამომიტყდა. ისიც კი მითხრა, რომ იმ წვიმიან საღამოს, როცა სახლში დაბრუნება მარტოს მომიწია, ნინა ნახა. არც ის დამალა, ნასვამი ვიყავი, ვნება მომეძალა და თავი დავკარგეო. რა თქმა უნდა, ამის მოსმენა ძალიან არ მომეწონა და უფრო მეტიც, გული მეტკინა. ვანო გულწრფელი ჩანდა, შეუძლებელი იყო მისთვის გეყურებინა, მოგესმინა და მის ნათქვამში ეჭვი შეგეტანა."
- მივხვდი, რომ მარტო შენ მიყვარხარ, - მითხრა ისე, რომ მზერა არ მოურიდებია,"- მეგონა, ნინა ისევ მიყვარდა, თურმე ვცდებოდი. შენ სულ სხვანაირი ხარ, თბილი და საიმედო, -"მომეხვია და არ გავუძალიანდი.
მეორე დღეს ჯვარი დავიწერეთ."
ანა ყარალაშვილი