როგორ ცხოვრობდნენ "ვაკელი ლტოლვილები" - გივი თუშიშვილი და ოთარ რამიშვილი
"ერთხანს ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა ოთარი, მეგობრობდნენ კიდეც და შემოქმედებითი თვალსაზრისითაც ორივეს ერთნაირი ხაზი ჰქონდა, იუმორისტული განხრით.
გივი თუშიშვილი ქალაქის კოლორიტი, არაერთი მუზის მსახური: მეცნიერი, გამომგონებელი, პუბლიცისტი, პოეტი და მუსიკოსი გახლდათ, მაგრამ რაც მთავარია, ყველა საქმეს დიდი სიყვარულითა და ხალისით აკეთებდა. ის ღირსეული თბილისელი იყო - ალალი, წესიერი, შეყვარებული თავის ქვეყანაზე, ქალაქზე, მეგობრებზე, ლაღი და ხალასი იუმორით აღსავსე. როგორც მისი ახლობლები და მეგობრები ამბობენ, მასთან ყოფნა დღესასწაულს უდრიდა, წუთითაც არ მოგცემდა მოწყენის საშუალებას; მეგობრების სული და გული გახლდათ და ამიტომაც აღნიშნავენ, რომ ის იყო კაცი, რომელიც დააკლდა არა მარტო ახლობლებს, არამედ თბილისს...
დალი თუშიშვილისთვის ერთადერთი ძმის ტრაგიკულად გარდაცვალება ცხადია, დღემდე მტკივნეულია. ის სინანულით ამბობს, რომ გივისნაირ ადამიანებს საზოგადოება მალე ივიწყებს. ქალბატონ დალის შინ ვესტუმრე და დიდხანს ვისაუბრეთ გივი თუშიშვილის მრავალმხრივ შემოქმედებასა და მათ ოჯახზე.
- მამაჩემი - იროდიონ თუშიშვილი იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ლექტორი, პროფესორი და ერთ-ერთი კათედრის გამგე. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურ დარგში კითხულობდა ლექციებს, მთელი არსებით ხელოვანი იყო და არა მხოლოდ ის: დედა პროფესიით პროვიზორი, მაგრამ ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. ბიძა - ნიკოლოზ თუშიშვილი შესანიშნავად მღეროდა. მამიდაჩემი - თამარ თუშიშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობი, ერთ-ერთი პირველი ლენინისორდენოსანი მსახიობი ქალი იყო. გარდა ამისა, მამაჩემის ძმის ცოლი გახლდათ ოპერის ცნობილი მომღერალი, სახალხო არტისტი ეკატერინე სოხაძე და ამიტომ, ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ კინოსა და თეატრის იმდროინდელი ლეგენდები, ცნობილი მხატვრები, პოეტები. ამან განაპირობა ჩემი ხელოვნებისადმი სიყვარული და პატარა წვლილი მეც შევიტანე ქართულ კინოხელოვნებაში - რამდენიმე ფილმში ვითამაშე, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ჩემს პროფესიას გავყევი - ვარ ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი.
- როგორც ჩანს, მასაც სწორედ ოჯახიდან გამოჰყვა ხელოვნების სიყვარული და შემოქმედებითი ნიჭი...
- რა თქმა უნდა, იმ გარემოს, რომელშიც იზრდები, დიდი მნიშვნელობა აქვს. მამა ცნობილი ორატორი და თამადა იყო. წერდა არაჩვეულებრივ სხარტულებსა და ლექსებს, რომლებიც წლების მანძილზე იბეჭდებოდა გაზეთ "კომუნისტსა" და "სოფლის ცხოვრებაში". გივის ალბათ მამისგან გამოჰყვა ლექსების წერის ნიჭი. რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, ოჯახში პროფესიონალი მუსიკოსი არავინ გვყოლია, თუმცა დედის მხრიდან ბებიაც კარგად მღეროდა და დეიდაც. გივი იყო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თავის დარგში არაერთი უნიკალური გამოგონება ჰქონდა, წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს პატენტმცოდნეობის დარგში, მაგრამ ამის მიუხედავად, მუსიკა მისთვის ყველაფერი იყო. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაინტერესდა გიტარით და თანაც ისე, რომ ძალიან მალე თავისი დროის ერთ-ერთი პირველი კლასიკოსი გიტარისტი გახდა. თვითნასწავლი იყო, ფანატიკურად შეყვარებული ამ საკრავზე. ასეთი ლექსიც კი მიუძღვნა: "ჩემი ცხოვრების თანაზიარო,/ გულში ისარი ვინ გაგიტარა;/ საოცრად თბილო, დაფნისგან ქმნილო,/ სათუთად თლილო ჩემო გიტარა!/ ვინ მოგაპკურა ცრემლი ურიცხვი,/ ტრფობის ისარი ვინ გაგიტარა,/ ქართული სუფრის დასამშვენებლად,/ მუდამ გემღეროს, ჩემო გიტარა!"
გივი დაინტერესებული იყო გიტარის ისტორიით. მისი წარმოშობისა და განვითარების შესახებ წიგნიც გამოსცა. ასევე, იყო ავტორი გიტარის თვითმასწავლებლისა. კონსერვატორიასთან არსებული საგიტარო კლასი დააარსა და პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა, გარდა ამისა, ასწავლიდა სხვადასხვა მუსიკალურ სკოლაში. მისი მოწაფეები იყვნენ ძმები კვარაცხელიებიც, რომლებიც ამჟამად უცხოეთში მოღვაწეობენ და ცნობილი გიტარისტები არიან. ასწავლიდა სუფრულ, ქალაქურ სიმღერებსა და კლასიკურ მელოდიებს, განსაკუთრებით უყვარდა ესპანური ფლამენგო და საოცრად ასრულებდა. მეგობრობდა და თანამშრომლობდა ცნობილ მუსიკოსებთან და მომღერლებთან.
- როგორც ვიცი, ოთარ რამიშვილთანაც მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა, არა?
- ერთხანს ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა ოთარი, მეგობრობდნენ კიდეც და შემოქმედებითი თვალსაზრისითაც ორივეს ერთნაირი ხაზი ჰქონდა, იუმორისტული განხრით. ხალხში პოპულარული ბევრი სიმღერა სწორედ ჩემი ძმის ტექსტებზეა შექმნილი და ბევრმა ეს არც იცის. საოცრად უკრავდნენ დუეტში. მათ მოსმენას არაფერი სჯობდა. გივის არაერთი ხალასი და სასიამოვნო მოგონება აკავშირებდა ოთართან. მახსოვს, სულ ჰყვებოდა ხოლმე მის ენამოსწრებულობასა და იუმორზე.
ოთარი ლექსების კრებულს ამზადებდა გამოსაცემად და თურმე, რამდენიმე ცნობილ პოეტს წააკითხა. ერთ-ერთს დაუწუნია: შენს ლექსებს ცოტა ფორმა აკლიაო. - ფორმა რა, პოლიციელიაო? - განაწყენებულა მომღერალი. ერთხელ ქუჩაში შეხვედრია ახალგათხოვილი ნაცნობი გოგონა. ოთარს მიულოცია გაბედნიერება და თან, ეშმაკურად უკითხავს: აბა, ხომ კარგი ყოფილა ქმარიო? - ქმარი კია კარგი, მაგრამ ჩემთვის და ჩემი დედამთილისთვის ერთი სამზარეულო ცოტა ვიწროაო, - უპასუხია პატარძალს. - შვილო, ერთ კამერაში სამოცი პატიმარი ეტევა და ორი ქალი ერთ "კუხნაში" როგორ ვერ დაეტიეთო? - მოუჭრია ოთარს. ვინ მოსთვლის, რამდენ ასეთ ამბავს ჰყვებოდნენ ერთად ყოფნისას. გივიმაც და ოთარმაც 90-იან წლებში ერთსა და იმავე პერიოდში გაყიდეს სახლები: ოთარი საბურთალოზე დასახლდა, გივი - დიდუბეში. ეს ამბავიც გალექსა ჩემმა ძმამ: "არასოდეს გვქონია,/ კოშკები და ვილები,/ რაც გაგვაჩნდა, გავყიდეთ,/ დავასახლეთ შვილები./ ჩვენ რა დაგვრჩა? ყუთივით,/ ვაგონივით ბინები,/ მაგრამ მაინც მაგრად ვართ,/ ვაკელი ლტოლვილები". აი, ასეთი იყო გივი, არასასურველ ამბავშიც კი პოზიტივი შეჰქონდა... (გაგრძელება)