"G2a-ს სხვა სამშობლო არა აქვს... კავკასია გენეტიკურად ერთიანი რეგიონია"
"მხოლოდ აფხაზები და ქართველები კი არა, მთელი კავკასია ერთიანია. მიუხედავად სურვილისა, კავკასია წარმოადგინონ გენეტიკურად და ლინგვისტურად ჭრელ, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ერების ნაზავად, სრული დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ კავკასია გენეტიკურად ერთიანი რეგიონია"
ჩვენს გენეტიკაში მრავალი ათასი წლის ისტორია წერია. მისი შესწავლით შეგვიძლია უამრავ კითხვას ვუპასუხოთ. როგორია თანამედროვე საქართველოს გენოფონდი? როგორი იყო ის წარსულში? რა კავშირებზე შეიძლება ვისაუბროთ მეზობელ, ან თუნდაც მოშორებით მცხოვრებ ერებთან? საქართველოში ამ თემებს 2013 წლიდან კავკასიის მოსახლეობის გენოფონდის შემსწავლელი კომისია სწავლობს. ჩვენი რესპონდენტი, პროფესორი რამაზ შენგელია ამ კომისიის სწავლული მდივანია.
- კაცთა მოდგმა, გენეტიკური თავისებურებებით, რამდენიმე ძირითად ჯგუფად იყოფა... არსებობს გენეტიკური აპარატის ორი ნაწილი, რომელიც, წესით, განვითარების პროცესში არ უნდა იცვლებოდეს. ესენია: ქრომოსომა, რომელიც გადაიცემა მამის ხაზით შვილზე - ვაჟზე და ეს უნდა იყოს ადამის, ანუ ყველა მამაკაცის საერთო წინაპრის მატრიცა. მეორე კი მიტოქონდრიული დნმ-ია (მტდნმ), რომელიც დედისეული ხაზის -"ევას გენეტიკური ინფორმაციის გადამტანად გვევლინება. ორივე - ქრომოსომა და მტდნმ - თაობიდან თაობას უცვლელად უნდა გადაეცეს, თუმცა, საუკუნეების განმავლობაში, გამრავლებისას, ანუ გენეტიკური ინფორმაციის გადაწერისას, პერიოდულად მუტაცია ხდებოდა. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილება კი უკვე მემკვიდრეობით გადადიოდა... დღეს გენეტიკური ჯგუფები სწორედ ამ მუტაციით არის განსაზღვრული. მუტაცია გარკვეული დროის მონაკვეთში ხდება, მაგრამ რა განსაზღვრავს მას, არ ვიცით. ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, რომელი გენეტიკური ჯგუფი რამდენი ათასი წლისაა, მაგრამ ხშირად ამ ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტირება ხდება. მაგალითად, ვიღაცამ თქვა, ეგვიპტის ფარაონი ქართველი იყოო... ერი კულტურულ-მენტალური ფენომენია და გენეტიკურ კოდზე ახალგაზრდაა, ვიდრე... ათასწლეულები დასჭირდა, რათა კაცობრიობას დღევანდელი ჰაბიტუსი მიეღო. ეს ფენო და გენოტიპური ნაირგვარობა, როგორც ასაკობრივი რგოლები გადაჭრილ ხეზე, ისე აისახება ცვლილებათა ქრონოლოგიაში...
- დღეისთვის რამდენი გენეტიკური ჯგუფია ცნობილი?
- დღეისთვის დადგენილია მამისეული ხაზის 22 ჯგუფი - A,B,C,D,I,F,G,H და ა.შ., დედისეული ხაზისა კი - 29 ძირითადი ჯგუფი. ეს ჯგუფები, ძირითადად, აფრიკაშია გავრცელებული. C ჯგუფი მონღოლური რასისთვის არის დამახასიათებელი, D,I,F,G, H, I, K, L, T - უფრო ევრაზიულია. საქართველო ჯერჯერობით მეტად მოკრძალებულად არის მსოფლიო კვლევებში ჩართული. ინტერესი კი დიდია. ზოგჯერ კვლევები ტენდენციურია და პოლიტიკური მიზნების დანახვა რთული არ არის... არადა, ქართველებისა და ზოგადად, კავკასიის გენოფონდის შესწავლა გლობალური მასშტაბის სამეცნიერო ღირებულებებისაა, თანაც ფაქიზი თემაა. მონაცემთა შეჯერებით, დღეს ქართველებში დედისეული ხაზით მიღებული გენეტიკური სურათი მრავალფეროვანია, მამისეული ხაზით კი უმრავლესობას (49%) G2a შეადგენს. საქართველოს გარდა, G2a ჯგუფი გვხვდება კავკასიის, ანატოლიისა და ევროპის გარკვეულ რეგიონებში. იოჰანეს ბლუმენბახი თვლიდა, რომ მთელი ევროპეიდული რასა კავკასიიდან არის წამოსული. ძველი ევროპელები მონადირე-შემგროვებელი ხალხი იყო, მერე მოვიდნენ კავკასიელები - ჭკვიანები, ლამაზები, რომელთაც მოიტანეს სამიწათმოქმედო კულტურა და განვითარდა ევროპაო. ამ აზრს ყველა არ იზიარებს, თუმცა, დღეს მსოფლიოში აღიარებულია, რომ G2a არის ის გენეტიკური კოდი, რომლის მატარებელმა ხალხმა მისცა მიწათმოქმედების კულტურა ევროპას. აღსანიშნავია, რომ G ჯგუფის ასაკი 30 000 წელია, ხოლო მისგან წამოსული G2a ჯგუფისა - 15 000 წელი.
- როგორც ვიცი, პენსილვანიის უნივერსიტეტთან თქვენი თანამშრომლობით მოეწყო ექსპედიციები საქართველოს ზოგიერთ რეგიონში.
- 2012 წლიდან ერთობლივად ვეწევით კვლევას. შევისწავლეთ სვანეთი (200-მდე ინდივიდი), სამეგრელო (500-მდე ინდივიდი) და უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები. სვანების 80% G2a ჯგუფისა აღმოჩნდა. სამეგრელოში ცოტა ნაკლები... ეს ბუნებრივია, რადგან აქ ბარიცაა. მთა ტუმბოსავით იწოვდა მოსახლეობას - მოვიდოდა მტერი, ყველა მთაში იხიზნებოდა, წავიდოდა - ისევ ჩამოდიოდნენ ბარში და მრავლდებოდნენ. პროფესორმა როლანდ თოფჩიშვილმა დაადგინა, რომ ქართლში სამ ათეულამდე გვარი გიგაურებიდან მოდის, რაც ბარიდან მთაში და მთიდან ბარში მოძრაობის შედეგია. ქართლი, ჩანს, არასდროს ყოფილა სუბეთნიკური ჯგუფი. ის იყო ცენტრი, სადაც თავს იყრიდა მთელი საქართველო, შესაძლოა, მისი საუკეთესო ნაწილიც. ამიტომ ამბობენ, ქართლის თავადაზნაურობა გამორჩეულად ლამაზი და წარმოსადეგი იყოო. ქართლი სამეფოს ცენტრს წარმოადგენდა.
- კიდევ რა კვლევები ჩაატარეთ?
- აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრი 140 კაცი შევისწავლეთ, რომელთა შორის იყვნენ სომხები, აზერბაიჯანელები, წალკელი ბერძნები, თუშები და ფერეიდნელები. ძალიან საინტერესო სურათი მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ სომხები და აზერბაიჯანელები ახლოს არიან გენეტიკურად, რისი ახსნაც ვცადეთ. წალკელი ბერძნების ლაზურ წარმოშობაზე ეჭვი ჯერ კიდევ გიორგი მელიქიშვილს ჰქონდა. მათი უმრავლესობა L ჯგუფისა აღმოჩნდა, ლაზების 20%-იც სწორედ ამ ჯგუფისაა, როდესაც თვით ბერძნებში სხვა ჯგუფები დომინირებს. თუშები და ფერეიდნელები ძირითადად ჟ2 ჯგუფისაა, რაც ასევე ქართული პოპულაციისათვის არის დამახასიათებელი.
G2a -ს სხვა სამშობლო არა აქვს, მათი უმრავლესობა კავკასიაში გვხვდება: მაღალი პროცენტულობით - ჩერქეზებში, ადიღელებში, ყარაჩაელებში, ბალყარელებში, ინგუშებში. ცოტა ნაკლებად - ჩეჩნებსა და დაღესტნელებში, თუმცა, მათში მაღალია ასევე კავკასიისთვის დამახასიათებელი ჟ2 ჯგუფი. არაერთი კვლევით დადგენილია G2a-ს მაღალი შემცველობა ოსებში. ისინი ჩვენი ძმები არიან.
- აფხაზები რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან?
- 82% არის G2a. აფხაზეთში დავით არშბა სწავლობს გენეტიკას და წერს, ჩვენ და ქართველებს ერთი და იგივე გენი გვაქვს, ეტყობა, უწინ მთელი საქართველო აფზახეთი იყოო(?!). ასეც რომ იყოს, ეს ხომ მაინც იმას ნიშნავს, რომ ერთნი ვართ. ყველას აქვს უფლება, საკუთარი ეროვნება ნებისმიერი ტერმინით განსაზღვროს, მაგრამ მთავარია, ლოგიკას და ისტორიულ სამართლიანობას ემყარებოდეს და არ იყოს პოლიტიკური იძულების შედეგი. მხოლოდ აფხაზები და ქართველები კი არა, მთელი კავკასია ერთიანია. მიუხედავად სურვილისა, კავკასია წარმოადგინონ გენეტიკურად და ლინგვისტურად ჭრელ, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ერების ნაზავად, სრული დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ კავკასია გენეტიკურად ერთიანი რეგიონია, სადაც ახლო აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის კულტურული ანარეკლებია აღბეჭდილი.
არქეოლოგ კიაზო ფიცხელაურის ხელმძღვანელობით, შირაქში აღმოჩენილმა უძველესმა ქალაქმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიის შესწავლაში ახალი ფურცელი დაიწყო. დგინდება, რომ ჩვ.წ.-მდე XIII საუკუნის ქალაქი უდიდესი და უძველესია მთელ კავკასიაში. ის ტროას ეპოქისაა და ტერიტორიით ტროაზე ბევრად დიდია.
ბიოარქეოლოგიური მასალის გენეტიკური შესწავლა ბევრ საკითხს მოჰფენს ნათელს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა აღვადგინოთ ქალაქის ისტორიული ყოველდღიურობა, მისი მოსახლეობის გენეტიკური კუთვნილება (მასალა გაიგზავნა სტოკჰოლმის უნივერსიტეტში და ველით პასუხს).
ჩვენი უცხოელი კოლეგები მზად არიან, დაგვეხმარონ, მაგრამ მაშინ, თუ ქართველი მეცნიერები გამოიკვლევენ და მოახდენენ ფაქტების ანალიზსა და კომენტირებას. ვაპირებთ, ეს საკითხი დავაყენოთ უმაღლეს დონეზე, რათა გამოხატული იქნეს სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური ნება!
"ქართველების დნმ-თან ყველაზე ახლოს და თითქმის იდენტური აფხაზების დნმ-ია" - როგორია ქართველების დნმ-ის კვლევის შედეგები?
ეკა სალაღაია