ინგლისური დილემა - კვირის პალიტრა

ინგლისური დილემა

კაპელოს იუბილე ჩაუშხამეს

დღე მერვე

გერმანია – სერბეთი 0:1

აშშ – სლოვენია 2:2

ინგლისი – ალჟირი 0:0

პირველ ტურში სერბეთის მარცხმა განის ნაკრებთან ბალკანელთა თავკაცი რადომირ ანტიჩი საგონებელში ჩააგდო. ჯერ ერთი, აფრიკელებთან სერბები სამ ქულას გეგმავდნენ და ასეთი "ცივი შხაპის” მიღების შემდეგ უაღრესად გაირთულეს საქმე, მეორეც – მომდევნო თამაში გერმანიასთან უწევდათ, იმ გერმანიასთან, რომელმაც გაილაღა და წაივარჯიშა ავსტრალიის წინააღმდეგ. როგორც შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, ანტიჩმა გუნდის შოკიდან გამოყვანა შეძლო, განსხვავებით გერმანელთა დამრიგებელ ლიოვისაგან, რომელიც სერბებთან შეხვედრამდე თავის სამწყსოს მხოლოდ ერთ რამეს უჩიჩინებდა – დაევიწყებინათ ავსტრალიელთა განადგურება და ეფიქრათ სერბებთან დაპირისპირებაზე. როგორც ჩანს, გერმანელებს ეიფორიიდან გამოსვლა გაუჭირდათ და სერბებთან რომ ხუმრობა არ შეიძლება, პირველ ტაიმშივე გამოჩნდა, როცა იოვანოვიჩმა გოლი გაუტანა ნოიერს. ამის შემდეგ ინებეს "მიწაზე დაშვება” ლიოვის შეგირდებმა და ხელი გამოიღეს, მაგრამ სერბები კბილებით იცავდნენ მოედნის თითოეულ გოჯს და უსიკვდილოდ არ უთმობდნენ არაფერს მრისხანე მეტოქეს. ან კი რა ჰქონდათ დასათმობი, სასწორზე ჯგუფიდან გასვლა-არგასვლის საკითხი იდო და ერთი წაფორხილება ძვირად დაუჯდებოდათ. გერმანელები გაშვებული გოლის გარდა კლოზეს გაძევებამაც დაშოკა. მირომ ძალიან გაუფრთხილებლად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ყვითელი მატჩის დასაწყისშივე ჰქონდა "წამოკიდებული”, ბურთისთვს ბრძოლაში ვერ მოზომა ნახტომი და მეტოქის ფეხებზე "გაიარ-გამოიარა”.

ასეთი უიღბლობის შემდეგ ნებისმიერი გუნდი მოიშლებოდა, მაგრამ გერმანიაზე ამის თქმა არ შეიძლება. მეორე ტაიმში მათ თავი გადადეს და რაც შეეძლოთ იბრძოლეს, რათა წაგებული თამაში შემოეტრიალებინათ. ორი მშვენიერი საგოლე მომენტი ჰქონდა პოდოლსკის, მაგრამ მის დარტყმები მიზანს ასცდა. და სწორედ ამ დროს დადგა კულმინაცია: ხომ გახსოვთ წინა შეხვედრაში, განელებთან, რაც დაემართათ სერბებს, საკუთარ საჯარიმოში `კალათბურთის” თამაში რომ აიტეხეს? სწორედ იმ შეცდომის გამო მიღებული პენალტით დამარცხდნენ პირველ ტურში. ლამის იგივე შედეგი მიიღეს ახლაც. ვიდიჩმა თავი მოიკლა და გაშლილი ხელებით მაინც წაეპოტინა ფლანგურ ჩაწოდებას. ანტიჩი თუ არ გადაყვებოდა ამ მომენტს, არავის ეგონა. 11-მეტრიანი და სასწორზე შეგდებული მატჩის ბედი სერბთა გოლკიპერმა გადაწონა, როცა ნახტომში მოიგერია ბურთი. და ვინ იყო ის უიღბლო, რომელმაც პენალტი გააფუჭა? – რა თქმა უნდა ლუკას პოდოლსკი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქარს გაატანა ორი საგოლე შანსი. როგორც ჩანს, ეს დღე პოლდისთვის დაწყევლილი იყო. არც ამის მერე გატეხილა გერმანია, მაგრამ ის ჯიგარი რომ აღარ იდო მათ შეტევებში, როგორც 11-მეტრიანამდე, ცხადზე ცხადი გახლდათ. სერბეთმა ამ გამარჯვებით ფაქტობრივად გაინაღდა მერვედფინალი, რადგან ბოლო ტურის მატჩი ავსტრალიელებთან უწევს და ძნელი წარმოსადგენია, რომ შანსი ხელიდან გაუშვას. თუმცა, ვინ იცის, რა მოხდება. ერთი კი ნათელია, რომ ბოლო ტურში გერმანია და განა ერთმანეთს ისე შეასკდებიან, რომ კორიდა მონაგონი იქნება.

ამერიკის ნაკრებმა კი პატარა სასწაული მოახდინა სლოვენიასთან. წინა ტურში იანკებმა მშვენიერი თამაში აჩვენეს და ინგლისელებთან ფრეს გამორჩნენ. რა დაემართათ სლოვენიელებთან პირველ ტაიმშიში, ძნელი სათქმელია, მაგრამ ისინი თავის თავს არ ჰგავდნენ. ამისათვის დაისაჯნენ კიდეც და სლოვენიელები 2:0 დაწინაურდნენ. ეს მუნდიალია, ლუდზე და ბატკანზე ხომ არ არის თანაუბნელთა ბურთაობა, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს? მაგრამ შეიცვალა და ამაში, უპირველესად, სლოვენიაა დამნაშავე, რომელმაც ადრე ირწმუნა გამარჯვება. თუმცა, ამერიკელებმა იმდენად თავგანწირულად ითამაშეს, რომ ნამდვილად ალალად დაუფასდათ გარჯა. მეტიც, რომ არა მალელი მსაჯის სრული უვიცობა, მათ ეს თამაში უნდა მოეგოთ. რატომ არ ჩათვალა არბიტრმა ამერიკელთა მიერ მატჩის მიწურულს გატანილი გოლი, ყველასთვის გამოცანად დარჩა. ყველაფერი წესების სრული დაცვით მოხდა. მოკლედ, სლოვენიამ მესამე ტურის წინ ისეთი ნაღმი მოუმზადა საკუთარ თავს, რომ ფაქტიურად განწირულია. თავად განსაჯეთ – გადამწყვეტ შეხვედრაში ინგლისელებთან მოუწევთ დაპირისპირება, იმ ინგლისელებთან, რომლებმაც გასაცოდავებულ ალჟირს ვერ მოუგეს და ახლა მხოლოდ გამარჯვება აძლევთ ხელს ბოლო ტურში, რათა სირცხვილნაჭამნი არ აიბარგონ მუნდიალიდან. შანსი ყოველთვის არის, მაგრამ ძალზე საეჭვოა, რომ სლოვენიამ შეძლოს და გამგელებულ კაპელოს ბიჭებთან სასურველი შედეგი მიიღოს.

რაც ინგლისს დაემართა, მართლაც საკვირველია. ჯერ ამერიკელებთან ვერ შეძლეს მოგება და ახლა ალჟირთან შერცხვნენ. ყველა ელოდა, რომ ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლები ალჟირელებს `ბართლომეს ღამეს” მოუწყობდნენ, მაგრამ მსგავი არაფერი! ალჟირელთა გოლკიპერი დამაჯერებლად ანეიტრალებდა მეტოქის უკბილო შეტევებს. აბა სხვა რა უნდა დაარქვა ქაოსურ ზეწოლას, რასაც ინგლისელები მიმართავდნენ. მათი დარტყმებიდან(სულ შვიდჯერ წავიდა ბურთი კარში) მხოლოდ ლამპარდისა იყო, ასე თუ ისე, სახიფათო, თორემ დანარჩენი მეკარისთვის მშვენიერი ვარჯიში გამოდგა. არ ვიცი, რატომ დაარქვეს ამ გუნდს ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, მაგრამ ასეთი უსახური ინგლისი კარგა ხანია არ გვინახავს. კაპელოს დაბადების დღე ჩაუშხამდა, მაგრამ ეს კიდევ არ არის კატასტროფა. თუ სლოვენიასთან ვერ მოიგო ინგლისმა, მას გაჩენის დღეს ნამდვილად დაავიწყებენ და დააწყევლინებენ. არავინ არ აპატიებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელს, რომ ასე უსუსურად წარმოაჩინოს ამბიციური ინგლისის ნაკრები მუნდიალზე.