"შაჰინშაჰმა მითხრა, ჩემშიც ქართული სისხლია, ბებიაჩემი ახალციხელი აბაშიძე იყოო" - ვინ იყო მოჰამედ რეზა ფეჰლევი - ტრაგიკული რეფორმატორი თუ დიქტატორი?!
ირანის შაჰის შეხვედრა სტალინთან და ქართველ ფეხბურთელებთან თეირანში; ვიზიტი თბილისში; ფერეიდანის საკითხი
1968 წლის 3 ოქტომბრის დილა. ხუთშაბათი. ქართული შემოდგომა თანდათან ძალას იკრებს. თითქოსდა ჩვეულებრივი დღეა, არაფრით გამორჩეული. თბილისელები მეხიკოს ოლიმპიური თამაშების დაწყებას ელოდებიან. ერთი შეხედვით, დედაქალაქი გარეგნულად აუღელვებელი, გამოზომილი და მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თბილისელებს და საქართველოს ხელმძღვანელებს წინ უმაღლესი დონის მეტად საპასუხისმგებლო მოვლენა ელოდებათ - ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი ერევანში ვიზიტით მყოფი ირანის შაჰინშაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი თბილისში მოფრინავს, მრავალრიცხოვანი დელეგაციის თანხლებით...
და აი, ირანის შაჰის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. მოჰამედ რეზა ფეჰლევს დიდი პატივისცემითა და სტუმართმოყვარეობის გრძნობით ხვდებიან რესპუბლიკის ხელმძღვანელები - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ძოწენიძე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ ჩოგოვაძე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორია სირაძე, უმაღლესი საბჭოს საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დევი სტურუა, მინისტრები, მათთან ერთად კი საქართველოს სხვა სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები.
შაჰინშაჰი იმავე დღესვე ესაუბრა გიორგი ძოწენიძესა და გრიგოლ ჩოგოვაძეს, მათ ისაუბრეს ქართულ-ირანულ ურთიერთობებზე, ქართული და სპარსული კულტურის შესახებ. სტუმარმა მოინახულა ხელნაწერთა ინსტიტუტი და იქ დაცული სპარსული უძველესი ხელნაწერები, სპარსულად თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი". გიორგი ძოწენიძემ შაჰიშაჰს მიართვა ქართულად თარმნილი სპარსული ლიტერატურის ნაწარმოები და სპარსულად თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი".
შეიტყო რა ის ფაქტი, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში ჩაის 97%-ს აწარმოებს, მოჰამედ რეზა ფეჰლევი დაინტერესდა ჩაის მოსავლიანობით და ნასიამოვნები დარჩა, რომ საქართველოში ჰექტარზე 4 ათას კილოგრამი ჩაის ფოთოლი მოიწეოდა. "ჩვენთან, ირანში, მნიშვნელოვნად ნაკლებ მოსავალს ვიღებთ", - უთქვამს შაჰს.
მოჰამედ რეზა ფეჰლევმა დაათვალიერა თბილისის ღირსშესანიშნაობები, იყო ვაკის პარკში, სპორტის სასახლეში. თბილისელები მას ქუჩაში ტაშით ეგებებოდნენ. ირანელ სტუმარს ქართველმა მასპინძლებმა სადილი მთაწმინდის პლატოზე გაუმართეს.
არავინ იცის, გაახსენდა თუ არა მოჰამედ რეზა ფეჰლევს თბილისში ყოფნისას თითქმის 25 წლის წინათ თეირანში მომხდარი ამბები - იოსებ სტალინის სტუმრობა შაჰის სასახლეში, თბილისის "დინამოელთა" გაცნობა თეირანის სტადიონზე - ქართველებისა და ირანელების საფეხბურთო მატჩის წინ... თუმცა, როგორც სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, შაჰმა კარგად იცოდა თავისი ქართული წარმომავლობის შესახებაც... უფრო მეტიც - მისი მეუღლის, დედოფალ ფარაჰის ბებიაც თურმე წარმოშობით ქართველი ყოფილა...
ამ ისტორიებზე და საერთოდ, შაჰის პირადი ცხოვრების ამსახველ ფაქტებზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი ჩვენს მკითხველს მოჰამედ რეზა ფეჰლევის მიერ ირანის ისტორიაში დატოვებულ კვალს, მის მიერ გატარებულ სახელმწიფო პოლიტიკას გავაცნობთ.
ფეჰლევთა დინასტიის დასაწყისი
იგი 1919 წლის 26 ოქტომბერს თეირანში დაიბადა. მამამისი პოლკოვნიკი რეზა-ხანი იყო, რომელიც ჯერ სპარსეთის კაზაკთა ბრიგადის მეთაური, შემდეგ კი - სამხედრო მინისტრი და პრემიერ-მინისტრი გახდა. 1925 წელს რეზა ხანმა სპარსეთის შაჰი აჰმედ ყაჯარი დაამხო, თავი სპარსეთის შაჰად გამოაცხადა და დინასტიის გვარად ფეჰლევი აირჩია.
1925-1938 წლებში მოჰამედ რეზა ფეჰლევი სწავლობდა როგორც სპარსეთში, ასევე შვეიცარიაში. მან დაამთავრა თეირანის ოფიცერთა უმაღლესი სასწავლებელიც. უნდა ითქვას, რომ მამამისმა ქვეყანაში ბევრი პროგრესული რეფორმა გაატარა: გარდაქმნა სასამართლო სისტემა, შექმნა სამოქალაქო კოდექსი, შეცვალა ქვეყნის სახელი (ირანი - 1935 წლიდან), გააუქმა ჩადრის ტარება სპარსელი ქალების მიერ და ა.შ.
1941 წლის სექტემბერში, როცა დიდმა ბრიტანეთმა საბჭოთა კავშირმა, ერთმანეთთან შეთანხმებით, ირანის ჩრდილოეთი და სამხრეთი პროვინციების ოკუპირება მოახდინეს, რეზა-შაჰი ტახტიდან გადააყენეს, 22 წლის მოჰამედ რეზა ფეჰლევი ირანის შაჰინშაჰი გახდა.
შეხვედრა იოსებ სტალინთან...
თავდაპირველად ახალგაზრდა შაჰი ქვეყნის მართვაში ნაკლებად მონაწილეობდა, მთავრობა უმეტესად ირანის მეჯლისს (პარლამენტს) ექვემდებარებოდა. უცხოელი დიდი პოლიტიკოსები, კერძოდ - ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი მას გამოუცდელ და გაუბედავ პიროვნებად მიიჩნევდნენ და აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც დიდ პატივს არ სცემდნენ: ცნობილია ისტორიული ფაქტი, რომ თეირანის კონფერენციის დროს (1943 წელი) შაჰი მათ პირადად ეწვია, ორივემ კი დიდხანს ალოდინა მიღებაზე, რაც, პრინციპში, ქვეყნის მეთაურისთვის შეურაცხმყოფელი იყო. სულ სხვაგვარად მოიქცა საბჭოთა ლიდერი იოსებ სტალინი, რომელმაც შაჰთან თვითონ ითხოვა აუდიენცია, თვითონვე წავიდა სასახლეში და 1943 წლის 1 დეკემბერს მოჰამედ რეზას შეხვდა. ეს ირანის შაჰისათვის ერთობ შთამბეჭდავი ფაქტი იყო. იოსებ სტალინისა და მოჰამედ რეზა ფეჰლევის შეხვედრის შესახებ დღეს ბევრი ვერსიაა გავრცელებული, ზოგიერთ მათგანში საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი ცალკეული ნიუანსი, ვთქვათ, ასეთი: "როცა იოსებ სტალინი ლავრენტი ბერიასა და სახელმწიფო უშიშროების გენერლის გრიგოლ კარანაძის თანხლებით სატახტო დარბაზში შევიდა და ახალგაზრდა შაჰს მიუახლოვდა, ირანის ლიდერს მუხლები მოეკეცა და საბჭოთა ბელადის წინ ჩაიჩოქა. სტალინი დაეხმარა შაჰს ფეხზე წამომდგარიყო, შემდეგ მიუბრუნდა ბერიასა და კარანაძეს და ქართულად უთხრა: "აფსუს, რომ ამ სურათს გიორგი სააკაძე და ერეკლე მეფე არ ხედავენო". თუმცა ამ ფაქტის ირგვლივ უფრო რეალური და სინამდვილის ამსახველი მოგონებებიც არსებობს - მაგალითად, ქართველი ირანისტისა და დიპლომატის, აწ უკვე გარდაცვლილ ჯემშიდ გიუნაშვილის მიერ ქართულ პრესაში გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც მოჰამედ რეზა ფეჰლევის დედის - ბაქოში დაბადებულ-გაზრდილი ტაჯ ოლ-მოლუკის (ნიმჯათ ხანუმის) მოგონებებია გადმოცემული. საინტერესოა აგრეთვე ნაკლებად ცნობილი ფაქტი: შაჰის მე-3 ცოლის - ფარაჰის ბებია ქართველი ყოფილა: ფარაჰის პაპა, ანუ შაჰის სიმამრის მამა ირანის ელჩი იყო რუსეთში (1890-იან წლებში) და იქ გაუცვნია...
...და "თბილისის დინამოს" ფეხბურთელებთან
1944 წლის 28 ოქტომბერს ირანის შაჰი დაესწრო თეირანის სტადიონზე გამართულ თბილისის "დინამოსა" და ირანის საფეხბურთო გუნდის მატჩს. სხვათაშორის, ამის თაობაზე არსებობს საინტერესო საარქივო დოკუმენტური კინომასალა, როცა მოჰამედ რეზა ფეჰლევი ხვდება ქართველ ფეხბურთელებს, მათ შორის - ბორის პაიჭაძეს. აი, როგორი ინფორმაცია გაავრცელა "საკდეს"-მა ("საკავშირო დეპეშათა სააგენტომ") 1944 წლის 31 ოქტომბერს:
"თეირანი, 28 ოქტომბერი. (საკდესი). ირანის დედაქალაქში შესდგა საფეხბურთო მატჩი თბილისისა და თეირანის ნაკრებ გუნდებს შორის. მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია თეირანელთა შორის. სტადიონზე იყო დაახლოებით 15 ათასი მაყურებელი, დამსწრეთა შორის იყვნენ ირანის შაჰი მუჰამედ რეზა ფეჰლევი, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე სერგო ქავთარაძე, სსრ კავშირის ელჩი ირანში მიხეილ მაქსიმოვი. მატჩი დამთავრდა საბჭოთა ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 4:0".
თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ ერთია იოსებ სტალინთან და მის თანამემამულე ქართველებთან შეხვედრის შთაბეჭდილება და მეორეა შაჰის მიერ გატარებული რეალური პოლიტიკა, ირანის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
"გაუბედავი" შაჰი პოლიტიკას ამკაცრებს
მოჰამედ რეზა ფეჰლევმა თანდათან უფრო ხისტი კურსი აიღო და საბჭოთა ლიდერს ჩრდილოეთ ირანიდან ჯარების გაყვანა და ირანის საშინაო საქმეებში ჩარევის შეწყვეტა მოსთხოვა: ცნობილია, რომ იოსებ სტალინს საბჭოთა და ირანის აზერბაიჯანის გაერთიანება სურდა. გარდა ამისა, ირანის ტერიტორიაზე, მოსკოვის ხელშეწყობით, შეიქმნა მეჰაბადის (ქურთისტანის) პროსაბჭოთა რესპუბლიკა.
1946 წელს ირანმა საბჭოთა კავშირს გაეროში უჩივლა - მოსკოვი ჯარების ევაკუაციას აყოვნებსო. ამ ფაქტმა სტალინ-ფეჰლევის ურთიერთობის გაცივება გამოიწვია. საბოლოოდ, საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა ირანიდან ჯარების გაყვანა 1946 წლის 9 მაისისთვის დაესრულებინა. მოგვიანებით შაჰმა თავისი "რკინის ხელი" უფრო აშკარად გამოაჩინა: როცა მასზე 1949 წელს თავდასხმა მოაწყეს, ირანში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა, აკრძალა მემარცხენე პარტიები, ბევრ ოპოზიციონერს თავი ციხეში ამოაყოფინა. იმავე წელს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით შაჰმა ფართო უფლებამოსილება მიიღო, მეჯლისის დათხოვნის ჩათვლით.
მოჰამედ რეზა ფეჰლევისათვის კიდევ ერთი დიდი გამოცდა იყო ირანში 1950-იანი წლების დასაწყისში მომხდარი მოვლენები. 1953 წელს დაიწყო მოძრაობა ნავთობის მოპოვების ნაციონალიზების მოთხოვნით, რომელიც მთლიანად ბრიტანეთს ჰქონდა ხელში ჩაგდებული. შაჰმა ხელი მოაწერა სპეციალურ კანონს ნაციონალიზების თაობაზე და პრემიერ-მინისტრად ხალხში პოპულარული პოლიტიკოსი მოჰამედ მოსადიყი დანიშნა, რომელმაც, დიდი ბრიტანეთის მიერ ემბარგოს გამოცხადების გამო, მალე შაჰს თავისი უფლებამოსილების გაფართოება კატეგორიულად მოსთხოვა. როგორც ჩანს, მოსადიყს მეტისმეტი მოუვიდა: შაჰმა პრემიერს თავგასულობა არ აპატია და პოსტიდან გადააყენა, მაგრამ... მოსახლეობის პროტესტების გამო მალე ისევ იძულებული გახდა თანამდებობაზე დაებრუნებინა. თუმცა სეხნიების - შაჰისა და პრემიერის დაპირისპირება გამძაფრდა. ნავთობის მოპოვების ნაციონალიზებამ ლონდონსა და ვაშინგტონშიც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აშშ-მა და ბრიტანეთმა მოჰამედ მოსადიყის თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. ამ მიზნით აშშ-ის სპეცსამსახურებმა, ბრიტანელებთან ერთად, პრემიერის დამხობის ოპერაცია "აიაქსი" შეიმუშავეს. მოჰამედ მოსადიყმა როგორღაც გაიგო ეს ამბავი და საპასუხო ზომები მიიღო შაჰის დასამხობად. მოჰამედ რეზა ფეჰლევმა მოასწორ და თავი ჯერ ბაღდადს, შემდეგ კი რომს შეაფარა. მის მხარეზე დარჩა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეზლოლა ზაჰედი, რომელმაც, საბოლოო ჯამში, აშშ-ისა და ბრიტანეთის დახმარებით, შაჰის ერთგული გვარდიისა და არმიის ნაწილებით, მოჰამედ მოსადიყის მთავრობა დაამხო. შაჰი რომიდან დაბრუნდა და ქვეყნის სადავეები დაიბრუნა, უფრო მეტიც - უფლებამოსილება კიდევ უფრო გაიფართოვა. 1957 წელს შექმნა საიდუმლო პოლიცია "სავაკი", მანამდე კი ირანი სამხედრო ბლოკ "სენტოს" წევრი გახდა (1979 წლამდე).
"თეთრი რევოლუცია" და მისი შედეგები
1960-იან წლების დასაწყისიდან შაჰმა მსხვილი რადიკალური სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების სერია დაიწყო, რომელიც ისტორიაში "თეთრი რევოლუციის" სახელით შევიდა. პროგრამა, რომელიც 1963 წლის 26 იანვარს საყოველთაო რეფერენდუმზე იქნა მოწონებული, თავდაპირველად ექვსი პუნქტისაგან შედგებოდა, შემდეგ 13 დაემატა. მომდევნო წლებში მოხდა მიწის რეფორმა (ნაციონალიზებულ იქნა ტყეები და საძოვრები, მთავრობამ ნავთობის შემოსავლებით მემამულეებისაგან მიწის ნაკვეთები გამოისყიდა და გლეხებს დაურიგა შეღავათიანი ფასებით), განხორციელდა ინდუსტრიალიზაცია, აშენდა ქარხანა-ფაბრიკები მოწინავე ტექნოლოგიებით, გაჩნდა მრეწველობის სრულიად ახალი დარგები - მეტალურგია, მანქანათმშენებლობა... აიგო საავტომობილო, ნავთობქიმიური, გემ და თვითმფრინავმშენებელი საწარმოები. ირანში იწყობოდა მსოფლიოში ცნობილი ფირმების ავტომობილები... ასი ათასობით ახალგაზრდა დასავლეთში იგზავნებოდა სასწავლებლად... თეირანი ლამაზდებოდა, აშენდა ახალი პროსპექტები, კინოთეატრები ამერიკული ფილმებით, უმაღლეს სასწავლებლებში ათასობით სტუდენტი სწავლობდა, იმდენივე კი საზღვარგარეთ ეუფლებოდა ცოდნას...
"თეთრი რევოლუციის" პერიოდში ირანი პროდასავლური პოლიტიკის ერთგული იყო: თეირანი მტკიცედ მიისწრაფვოდა "სპარსეთის ყურის პატრონ-დამცველის" სახელი დაემკვიდრებინა, რისთვისაც ძლიერი შეირაღებული ძალები იყო საჭირო: ჩამოყალიბდა ავიაცია, სამხედრო-საზღვაო ფლოტი. ირანმა ამერიკას, დიდ ბრიტანეთს და იტალიას ისეთი თანამედროვე შეიარაღება დაუკვეთა, რომლებიც თვით ამ ქვეყნების არმიებსაც არ ჰქონდათ საკმაო რაოდენობით. საინტერესოა, რომ პროამერიკულ-პროდასავლური ირანი სრულიად არ ერიდებოდა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შეძენას საბჭოთა კავშირისგანაც: ავტომანქანების, "დედამიწა-ჰაერის" კლასის რაკეტების, ყუმბართმტყორცნების შესყიდვას.
შაჰი თბილისში... ფერეიდანის საკითხი
მოჰამედ რეზა ფეჰლევი 1968 წლის სექტემბრის ბოლოს მოსკოვში გაემგზავრა და იქ საბჭოთა ლიდერს ლეონიდ ბრეჟნევს შეხვდა, გაფორმდა ეკონომიკური ხელშეკრულებები. ირანში საბჭოთა კავშირის დახმარებით რიგი ობიექტების მშენებლობა დაიწყო. სწორედ იმ დროს ჩამოვიდა თბილისში ირანის შაჰი. მანამდე კი, 1965 წელს თეირანში საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობის მიღწევათა გამოფენა მოეწყო, სადაც ქართველი აღმოსავლეთმცოდნე ნოდარ კოჭლაშვილი გაგზავნეს. გამოფენის დასათვალიერებლად ირანის შაჰიც მივიდა მეუღლითურთ.
აი, რას წერს ნოდარ კოჭლაშვილი: "შაჰი თეირანში, გამოფენაზე გავიცანი. ცოლთან, ულამაზეს ფარახთან ერთად. სულ ოთხი რესპუბლიკა ვიყავით წარმოდგენილი: თურქმენეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. ასეთ დროს ოფიციალური გაცნობა-წარდგენა ხდება ხოლმე. დელეგაციის წევრები ჩაგვამწკრივეს, თან "სუკ"-ელებმა გაგვაფრთხილეს, რომ შაჰს ხუთ მეტრზე ახლოს არ მივახლოვებოდით... ამ დროს სულ ერთ წამში გამოჩნდა, სისხლი და გენი რას შვება... მოკლედ, ჯერ თურქმენეთის წარმომადგენელი იდგა, მერე აზერბაიჯანისა და სომხეთისა და ბოლოს - მე. შაჰი წამოვიდა ჩვენსკენ. მოახლოებულიც არ იყო, რომ თურქმენმა თაყვანისცემის ნიშნად თავი იატაკს დაარტყა. აზერბაიჯანელი ცოტა ნაკლებად მოიხარა, ასევე სომეხიც... ჩემთან რომ მოვიდა, როგორც ქართველთა წესია, ოდნავ დავხარე თავი, ხელი ჩამოვართვი. ამ დროს მან ხელი მომკიდა და გვერდით გამიყვანა. 20 წუთი ვისაუბრეთ. მითხრა, რომ ჩემშიც ქართული სისხლიაო, ბებიაჩემი ახალციხელი აბაშიძე იყოო. უცებ შაჰის ცოლიც დამაკვირდა და ამაყად მითხრა, ჩემი ბებიაც ქართველიაო... გული დამწყდა და კიდევ ერთხელ შემეცოდა ჩემი სამშობლო".
რადგან საქართველო-ირანის კონტაქტებს შევეხეთ, აქვე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისტორიულ-პოლიტიკური ამბავიც გავიხსენოთ - ირანში არსებული "მცირე საქართველოს" - ფერეიდანის საკითხი, რომელიც 1960-70-იან წლებში საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. უფროს თაობას ახსოვს ის დრო, როცა გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოს ტელევიზიით გურამ პატარაიას ფილმი "შორია გურჯისტანამდე" აჩვენეს. მაშინ ცრემლმორეული ქართველები ნაღვლიანად იხსენებდნენ მე-17 საუკუნეში ირანის ლომის - შაჰ აბას პირველის მიერ კახეთიდან ათი ათასობით ქართველის დედა-ბუდიანად აყრასა და სპარსეთის ხრიოკ ნახევარუდაბნოში მათი ჩასახლების პერიპეტიებს. სწორედ ხსენებულმა ფილმმა შეასრულა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ 70-იან წლებში ქართული საზოგადოების ხელისუფლებაზე ერთგვარი ზეწოლის შედეგად (თუ შეიძლება ასე ითქვას), სპარსეთში გადასახლებულ ქართველთა შთამომავლების - ფერეიდნელთა ნაწილის დედა-სამშობლოში დაბრუნება მეტ-ნაკლებად წარმატებით განხორციელდა და ამაში, ალბათ, მნიშვნელოვანი წვლილი ირანის შაჰსაც მიუძღვის.... იმდროინდელი სირთულეების გათვალისწინებით თითქმის ფანტასტიკური პროექტი იყო, თუმცაღა, ობიექტურობა მოითხოვს ისიც ვთქვათ, რომ გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო საქართველოში ფერეიდნელ ქართველთა სრული ადაპტაცია ვერ მოხერხდა და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულთაგან ზოგიერთმა ოჯახმა ისევ ირანში რეპატრიაცია არჩია.
დავუბრუნდეთ ისევ შაჰის ცხოვრებასა და საქმიანობას.
დასასრულის დასაწყისი
1970-იანი წლების შუახანებისათვის მოჰამედ რეზა ფეჰლევმა გამოაქვეყნა გეგმა, რომლის თანახმად, 2000 წლისათვის ირანის ეკონომიკა მსოფლიოში სიმძლავრით მეხუთე უნდა გამხდარიყო. მაგრამ ნათქვამია, მედალს მეორე მხარეც აქვსო. შაჰის მიერ გატარებულმა რადიკალურმა რეფორმებმა ირანელებს წარმატებები კი მოუტანა, მაგრამ თანდათან ძლიერი ნეგატიური ტენდენციებიც გამოიკვეთა, რომლებიც სულ უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა.
და კრიზისიც დაიწყო: 1976 წელს სოფლის მეურნეობის მდგომარეობა გაუარესდა. გაღარიბებულმა გლეხებმა ქალაქს მიაშურეს, ქვეყანაში იმატა უმუშევრების რაოდენობამ. დასავლური რეფორმებით განსაკუთრებით უკმაყოფილო იყო ისლამური სამღვდელოება. "მედასავლეთეებსა" და ტრადიციულად მუსულმან მოსახლეობის დიდ ნაწილს, ანუ უფროსი თაობის წარმომადგენლებს შორის გაჩენილი ნაპრალი თანდათან ფართოვდებოდა, მმართველი რეჟიმი კი უფრო მკაცრი ხდებოდა, "სავაკელები" სხვაგვარად მოაზროვნეებს მასობრივად იჭერდნენ და ციხეებში გზავნიდნენ. სამღვდელოება ადამიანების რელიგიური უფლებების გაფართოებას მოითხოვდა. პარადოქსია, მაგრამ შაჰის წინააღმდეგ გამოვიდა ახალგაზრდობა და უმაღლესი განათლების მქონე ინტელიგენცია, რომელთა შორის უმუშევრობის დონე განსაკუთრებით მაღალი იყო. მათ მხარი დაუჭირა სტუდენტობამაც.
ოპოზიციამ შაჰისა და მისი საიდუმლო პოლიციის - "სავაკის" უფლებების შეზღუდვა მოითხოვა. სამღვდელოებამ დაიწყო მოწოდებები დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების შესახებ - ისინი უკმაყოფილონი იყვნენ ისრაელთან და დასავლეთის ქვეყნებთან შაჰის რეჟიმის კარგი დამოკიდებულებით. სტიქიურად ჩამოყალიბდა ალიანსი ირანელ კომუნისტებსა (პარტია "ტუდე") და რელიგიურ ოპოზიციას შორის, რომლის ლიდერი საფრანგეთში მცხოვრები აიათოლა რუჰოლა ჰომეინი იყო (იგი ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან აკრიტიკებდა შაჰის ხელისუფლებას).
მოჰამედ რეზა ფეჰლევი იძულებული გახდა გამამაცებული ქვეშევრდომებისათვის დაეთმო: იგი დათანხმდა მთავრობის შეცვლას, პრემიერად პატრიოტული განწყობის მქონე პიროვნება - ჯამშიდ ამუზგარი დანიშნა... მაგრამ შაჰმა დააგვიანა: ოპოზიცია თვალდათვალ რადიკალური ხდებოდა. 1978 წლის 4 იანვარს თეირანელების ნაწილი, რომელთა შორის ბევრი სტუდენტი იყო, შაჰის სასახლესთან შეიკრიბა აშშ-ის პრეზიდენტის ჯიმი კარტერის ვიზიტის საწინააღმდეგოდ. "სავაკმა" მათ სროლა დაუწყო, გაჩნდნენ პირველი წამებულები...
შაჰის რეჟიმის კრახი
8 იანვარი ირანში "ისლამური რევოლუციის" დასაწყისად ითვლება: ამ დღეს ქალაქ ყუმში გამართული პირველი მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო დემონსტრაცია შაჰის ხელისუფლებამ გაუგონარი დაუნდობლობით ჩაახშო. ქვეყანაში მკვეთრად გაძლიერდა მიტინგების ტალღა, თავრიზში უკვე გაისმა პირველი მოწოდებები - "სიკვდილი შაჰს!". მთელი 1978 წლის განმავლობაში ისლამური სამღვდელოების წარმომადგენლები აწყობდნენ დემონტრაციებს, ისინი გადავიდნენ ეკონომიკურ საბოტაჟზე, რომელმაც ირანის ეკონომიკის პარალიზება გამოიწვია. შაჰმა ისევ გამოცვალა პრემიერ-მინისტრი და ჯამშიდ ამუზგარის ნაცვლად ჯაფარ შარიფ-ემამი დანიშნა. მან დემონსტრანტთა გარკვეული მოთხოვნები შეასრულა - დააბრუნა ისლამური კალენდარი, რომელიც შაჰმა ჯერ კიდევ 1975 წელს აკრძალა, გააუქმა კაზინოები, მაგრამ მისი ძალისხმევა კვლავ დაგვიანებული აღმოჩნდა...
8 სექტემბერს, ხუთშაბათს, შაჰმა ირანში კვლავ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. იმავე დღეს თეირანში მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია ჩატარდა, რომლის მონაწილეები ტანკებიდან და ვერტმფრენებიდან იქნენ დახოცილნი. ოფიციალურად 88 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ოპოზიციის ვერსიით, ათასობით. ეს დღე ირანის ისტორიაში "შავი ხუთშაბათის" სახელით შევიდა. დაიწყო ტოტალური გაფიცვები. ქარხანა-ფაბრიკები და დაწესებულებები თვეობით არ მუშაობდნენ. მკვეთრად შემცირდა კვების პროდუქტების წარმოება, ნავთობ-გაზის მოპოვება, ბენზინისთვის ხალხი კვირაობით იდგა რიგში. დიპლომატებსაც კი თვეში მხოლოდ 20 ლიტრი ბენზინი ეძლეოდათ. ელექტროენერგია მასობრივად ითიშებოდა...
ჰომეინი კი საფრანგეთიდან მოსახლეობას აქეზებდა. 1978 წლის ბოლოს მიტინგებში უკვე ყოველი მეათე ირანელი მონაწილეობდა, გენერლებმა ჯარს უბრძანეს, რომ რევოლუციაში არ ჩარეულიყვნენ - რაც უნდათ ამბოხებულებს, ის გააკეთონო.
შაჰი მალევე მიხვდა, რომ ქვეყანაში არ დაედგომებოდა. 1979 წლის 16 იანვარს დილით ნიავარანის სასახლიდან ავტომანქანების ქარავანი გავიდა და გეზი თეირანის აეროპორტისაკენ აიღო. ირანის რადიომ საზეიმოდ გამოაცხადა: დღეს, 12 საათზე შაჰინშაჰმა მოჰამედ რეზა ფეჰლევმა ირანის ტერიტორია დატოვაო. შაჰის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის "ბოინგი" ავიაგამანადგურებლებმა ქვეყნის საზღვრამდე უკანასკნელად მიაცილეს და უკან დაბრუნდნენ.
შაჰი ჯერ ეგვიპტეში ჩავიდა, შემდეგ მაროკოში, ბაჰამის კუნძულებზე და მექსიკაში ცხოვრობდა. 1979 წლის ბოლოს იგი აშშ-ში ჩავიდა სამკურნალოდ, მაგრამ რადგანაც პროტესტის ნიშნად ირანელებმა თეირანში აშშ-ის საელჩო დაიკავეს, შაჰი ამერიკიდან პანამაში გადავიდა, მოგვიანებით კი ეგვიპტეში დაბრუნდა, სადაც 1980 წლის 27 ივლისს, 60 წლის ასაკში, ლიმფომით გარდაიცვალა. ეგვიპტის ლიდერმა ანვარ სადათმა გლოვა გამოაცხადა და ირანის ბოლო შაჰი კაიროს მეჩეთში დაკრძალა - იქ, სადაც მისი პირველი ცოლის ძმა, ეგვიპტის ბოლოსწინა მეფე ფარუკ I განისვენებს.
რა ვერ გათვალეს მოსკოვმა და ირანელმა კომუნისტებმა
პარტია "თუდე" ("ჰეზბე თუდეიე ირან" – "ირანის სახალხო პარტია") 1941 წელს შეიქმნა, საბჭოთა ოკუპაციის დროს. კომუნისტები საკმაო პოპულარობით სარგებლობდნენ, 1950-იან წლებში "თუდეს" წევრი იყო შაჰის დაცვის უფროსიც კი, რომელიც ამერიკის დაზვერვამ გამოამჟღავნა. კომუნისტები მხარს აიათოლა ჰომეინს უჭერდნენ: მათ მიაჩნდათ, რომ როცა სამღვდელოების ხელმძღვანელობით შაჰის რეჟიმი დაემხობოდა, მოსახლეობა საბოლოოდ კლერიკალების გვერდით მაინც არ დადგებოდა, სოციალურ სამართლიანობას აირჩევდა, მაგრამ ისინი მწარედ მოტყუვდნენ. მათთან ერთად გრძელვადიანი სიტუაცია ვერ გათვალეს მოსკოვშიც, რომლისთვისაც იმ მომენტში მოსაწონი იყო ირანის დისტანცირება აშშ-საგან და საერთოდ, დასავლეთისაგან (მოგვიანებით კი კრემლის მიერ მოწონებულმა ირანის ხელისუფლებამ ომი დაუწყო კრემლისავე მოკავშირე ერაყს). რაც შეეხება "თუდეს", პარტია 1983 წლამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა, შემდეგ კი ის აიკრძალა და ამჟამად იატაკქვეშა მუშაობას ეწევა. ასე იყო თუ ისე, 1978-79 წლებში "თუდემ" ისლამური რევოლუციისა და აიათოლა ჰომეინის ირანში დაბრუნებისათვის ნიადაგი კარგად მოამზადა.
1979 წლის პირველ თებერვალს ირანში იმამი ჰომეინი ტრიუმფით დაბრუნდა. პირველ აპრილს კი ეროვნული რეფერენდუმი გაიმართა: მოსახლეობის 92%-მა მხარი დაუჭირა ირანის თეოკრატიულ სახელმწიფოდ - ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადებას. ასე დაიწყო ახალი ეპოქა ირანში - პირველად მე-20 საუკუნეში გამარჯვებული რევოლუციის იდეოლოგია რელიგიაზე იყო დაფუძნებული.
როგორ აფასებენ შაჰის მოღვაწეობას ირანში
დღეს ირანის შაჰის მიმართ ირანელები პოლარულად არიან განწყობილი: ერთნი თვლიან, რომ მოჰამედ რეზა ფეჰლევი ტრაგიკული გმირი იყო, რომელიც შეეცადა თავისი სამშობლო თანამედროვე ქვეყნად გადაექცია და ამ მიზანს შეეწირა. მეორენი მიიჩნევენ, რომ ის იყო დემონური მმართველი, დიქტატორი, რომელიც მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდიოდა.
რა მოხდება უახლოეს ხანში ირანში, მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად? შენარჩუნდება თუ არა "ისლამური რევოლუციის" მონაპოვრები? დაიცავს თუ არა თავს თეოკრატიული სახელმწიფო? 2009 წელსაც იყო მსგავსი სიტუაცია, მაგრამ მაშინ რეჟიმმა თავი გადაირჩინა. როგორ განვითარდება მოვლენები და რით დაბოლოვდება, ისევ გადარჩება თუ არა ირანის ხელისუფლება, ამას ახლო მომავალში ვნახავთ.
იხილეთ ფოტოგალერეა: შაჰინშაჰის ცხოვრება
სიმონ კილაძე (სპეციალურად საიტისთვის)