"გახსოვთ, სამართალდამცავი ვერეს ღვარცოფისას პატარა ბავშვით ხელში?" - ვინ არის პატრულის თანამშრომელი, რომელიც მეუღლესთან ერთად გაზის გაჟონვას ემსხვერპლა?
თბილისში, თემქის დასახლებაში გაზის გაჟონვის შედეგად პატრულის თანამშრომელი და მისი მეუღლე გარდაიცვალნენ. ისინი საკუთარ სახლში, 3 იანვრის დილით იპოვეს.
როგორც აღმოჩნდა, კახა ქრისტესაშვილი თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის გმირია. მისი ფოტო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ გამოყავს პატრულის თანამშრომელს წყალდიდობის დროს, სვანიძის ქუჩიდან პატარა ბიჭი, ალბათ ყველას გახსოვთ... ამ ფოტოზე სწორედ ქრისტესაშვილია ასახული. ამის შესახებ "ფეისბუკის" პირად გვერდზე, მისმა მეგობარმა დაწერა:
"გახსოვთ, ის პატრულის ოფიცერი, ვერეს ღვარცოფად მოვარდნის დღეებში, გადარჩენილი პატარა ბავშვით ხელში რომ დააფიქსირეს კამერებმა და მთელი ინტერნეტი მოიარა...
შ.ს.ს-ს მაიორი, კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე გარდაცვლილები ნახეს საკუთარ ბინაში... კიდევ ერთი ოჯახი იმსხვერპლა გაზის გაჟონვამ...
კახა ჩემი უახლოესი ძმაკაცია. კლასელი. მისი ქალიშვილის, ტყუპისცალის ნათლია ვარ. ღრმა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ... მეტს ვეღარაფერს ვიტყვი ახლა, აზრებს თავს ვერ ვუყრი... აცხონე უფალო, გევედრები..." - წერს გარდაცვლილი პატრულის მეგობარი კახა სულუაშვილი.