პროკურორი: "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"
"კონსტიტუციით მინიჭებული უფლება არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვინმეს ბოროტად შეუძლია. არსებობს კონკრეტული საქმე და კვალიფიკაცია, ასევე პრინციპი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურაა, ისევე როგორც სასამართლო, პროკურატურის მუშაობის რევიზიის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს და არა პრეზიდენტს"
სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - უფრო კონკრეტულად კი, მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეწყალებისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ცნო დამნაშავედ. სასამართლოს პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, საქართველოს პრეზიდენტისთვისაც - გიორგი მარგველაშვილი გამოთქვამს ეჭვს, რომ ყოფილი პრეზიდენტის კონსტიტუციური მუხლით დევნა რეალურად პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას ნიშნავს. რა მტკიცებულებები წარადგინა პროკურატურამ სასამართლოში და რატომ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ შეწყალების შესახებ პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, "კვირის პალიტრას" მიხეილ სააკაშვილის ბრალმდებელი პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი ესაუბრა:
- გირგვლიანის საქმეში ყოფილ მსჯავრდადებულთა ჩვენებებით, უტყუარად დადასტურდა, რომ მათ გარკვეული შეთანხმების სანაცვლოდ შეწყალებას ჯერ კიდევ დაკავებამდე სამი კვირით ადრე დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც საზოგადოება აღაშფოთა გირგვლიანის მკვლელობამ და ითხოვდა საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას, სააკაშვილმა საქმის წარმოება დაავალა დათა ახალაიას, რომელმაც 2006 წლის თებერვალში შეკრიბა გირგვლიანის გატაცებაში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და მოსთხოვა, საკუთარ თავზე აეღოთ პასუხისმგებლობა, არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა მაღალი თანამდებობის პირები, სანაცვლოდ კი დაჰპირდა, რომ მათ პრეზიდენტი შეიწყალებდა და მათი ოჯახებიც ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნებოდნენ. ასე რომ, გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულებმა ზუსტად იცოდნენ დაკავების დღე, როგორ პირობებში უნდა მოეხადათ სასჯელი და ისიც, რომ წელიწად-ნახევარში გათავისუფლდებოდნენ. ამის გარანტიას მათ მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილიც აძლევდა.
- თქვენ ახლა საუბრობთ დათა ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის მონაწილეობაზე, თუმცა კონკრეტულად სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებზე გეკითხებით - ოლეგ მელნიკოვის გარდა, კიდევ ვინ მისცა ჩვენება ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ და სხვა რა მტკიცებულებები წარადგინეთ სასამართლოში?
- მელნიკოვის გარდა, მსჯავრდადებულებიდან სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ბიბილურიძემ და აფციაურმა, რომლებიც მაშინ კუდ-ის თანამშრომლები იყვნენ, ასევე მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა. საქმეში არსებობს პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლების ჩვენებებიც, რომლებიც შეწყალების კომისიის საქმიანობაში იყვნენ ჩართული. გარდა ამისა, ჩვენი პოზიცია ემყარებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასამართლოში წარვადგინეთ არაერთი ვიდეოსიუჟეტი, სადაც სააკაშვილი, ფაქტობრივად, აღიარებდა დანაშაულს, თუმცა ამას პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევდა.
- თავად სააკაშვილის განცხადებით, სასამართლომ მას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა არა უშუალოდ გირგვლიანის საქმეზე, არამედ აგვისტოს ომის შემდეგ გამოცემულ შეწყალების აქტზე, როდესაც მან ყოფილი სამხედრო პირებიც, ჯამში 166 კაცი შეიწყალა.
- აბსურდია, რადგან რეალურად, შეწყალებულთა დიდ ნაწილს სამხედრო წოდება არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც გირგვლიანის საქმეზე კუდ-ის თანამშრომლები დააკავეს, დაპირებულმა ამნისტიამ დაიგვიანა, ორი წლის შემდეგ საპატიმროში მყოფმა პირებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და გათავისუფლებას ითხოვდნენ. 2008 წლის 11 აგვისტოს ბაჩანა ახალაიასა და დავით ჩხიტუნიძის განკარგულებით დაკავებულები ციხიდან გამოიყვანეს, რადგან ყველას ჰქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა შეწყალების აქტს ხელი მოაწერა. ციხიდან გამოყვანილები მოდულში მიიყვანეს, სადაც კონსტიტუციური დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად დაურიგეს იარაღი და გორში წაიყვანეს. ყველანი დარწმუნებული იყვნენ, რომ პრეზიდენტს შეწყალების აქტზე უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი, რეალურად კი ისინი შესაბამისი დოკუმენტების გარეშე გამოიყვანეს ციხიდან. ორი კვირის შემდეგ გაირკვა, რომ სააკაშვილს შეწყალების აქტზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი და კონსტიტუციური დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი იძულებული შეიქნა, მელნიკოვი და სხვები არაფორმალურად ისევ დაებრუნებინა საპატიმროში. შეწყალების აქტს სააკაშვილმა ამ ფაქტიდან ორი თვის შემდეგ მოაწერა ხელი.
- და მაინც, შეწყალება არის თუ არა პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და როგორ აფასებთ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას, რომ სასამართლომ მსოფლიოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რომ მთელი ეს პროცესი სინამდვილეში პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვისკენ არის მიმართული?
- კონსტიტუციით მინიჭებული უფლება არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვინმეს ბოროტად შეუძლია. რაც შეეხება მარგველაშვილს, ჩანს, პრეზიდენტი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები.
- ეს მინიშნებაა, რომ შესაძლოა პროკურატურა მომავალში მარგველაშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტებითაც დაინტერესდეს, მაგალითად, რატომ შეიწყალა ცოლისძმა?
- მინიშნებებით ლაპარაკს არა ვარ შეჩვეული - არსებობს კონკრეტული საქმე და კვალიფიკაცია, ასევე პრინციპი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურაა, ისევე როგორც სასამართლო, პროკურატურის მუშაობის რევიზიის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს და არა პრეზიდენტს.
- რატომ დასჭირდა ამ საქმის დასრულებას თითქმის ხუთი წელი, თუ ეს უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ პროცედურებს დაამთხვიეთ?
- პროკურატურა ორი წლის განმავლობაში იძიებდა საქმეს, სასამართლოში კი განხილვა დაახლოებით სამი წელია მიმდინარეობს, ამიტომ ვერ დაგეთანხმებით, რომ საქმის განხილვა ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.
- სასამართლოსთვის არც სამი წელია მცირე დრო დანაშაულის გამოსაკვეთად.
- იმის გამო, რომ ეს არ იყო საპატიმრო საქმე, ანუ ბრალდებული არ იყო დაკავებული და არ არსებობდა ვალდებულებაც, რომ მოსამართლეს ცხრათვიანი საპატიმრო ვადის ფარგლებში ემოქმედა, პროცესი გაჭიანურდა. რაც შეეხება უკრაინის მოვლენებთან დამთხვევას, კითხვას დაგიბრუნებთ - ექვსი თვის წინ რომ დასრულებულიყო საქმის წარმოება, მკითხავდით, ახლა საქმე იმიტომ დაასრულეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორის პოსტიდან გაათავისუფლეს და რადგან ოპოზიციაში გადავიდა, მისი დაკავება ქართველი სამართალდამცავებისთვის გამარტივდაო?
- ახლა უფრო საფუძვლიანი გახდა თუ არა ექსტრადირების მოთხოვნა, რადგან ამჯერად სააკაშვილს მსჯავრდადებულის სტატუსი აქვს საქართველოში?
- ექსტრადირების მოთხოვნა დიდი ხნის წინ გავგზავნეთ უკრაინაში, ასე რომ, სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან კავშირში არ არის, უკრაინულმა მხარემ უნდა გადაწყვიტოს სააკაშვილის ექსტრადირება.
"იუსტიციის საბჭო გიორგი არევაძეს აუცილებლად დააწინაურებს სააკაშვილის საქმის გამო"
"კვირის პალიტრა" "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ხატია დეკანოიძეს დაუკავშირდა: "მოსამართლე გიორგი არევაძემ უკვე გაიარა გასაუბრება იუსტიციის საბჭოში და ყოველდღიურად ელოდება გადაწყვეტილებას, გაამწესებენ თუ არა მოსამართლედ უვადოდ. ასე რომ, ჩემთვის და სხვა მოაზროვნე ადამიანებისთვისაც ყველაფერი გასაგებია, იუსტიციის საბჭო მას აუცილებლად დააწინაურებს სააკაშვილის საქმის გამო. ყველაზე დიდი აბსურდი მაინც ის არის, რომ პრეზიდენტს ედავებიან კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების გამო. აბსურდია პროკურორის განცხადებაც, რომ ვადის შემცირება პატიმრებისთვის არ არის პრეზიდენტის აბსოლუტური უფლება, მაშინ ვისი უფლებაა, იქნებ განმარტოს პროკურატურამ? არ შეიძლება იმ მომენტისთვის ჩაიდინო დანაშაული, როდესაც ეს არ არის დანაშაული, ასე რომ, მოსამართლე გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდანაც. სასამართლო სისტემა ჩამოიშალა - მოსამართლეები ასრულებენ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს, რაც ქვეყანას დააზარალებს."
რუსუდან შელია