"დაჭრილი ბიჭი შეეცადა იქაურობას გაცლოდა, მაგრამ კიდევ ერთი ტყვია ესროლა, შემდეგ კი დანით რამდენჯერმე დაჭრა"
"ქისტაური ჩვენც მოკვლით დაგვემუქრა, თუ მომხდარ მკვლელობაზე რამეს ვიტყოდითო" - სასტიკი მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები
19 წლის დავით ტორიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 27 წლის ნიკოლოზ ქისტაურს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. თავად ბრალდებული ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა მისთვის წაყენებული ბრალი საკმაოდ მძიმეა.
ცნობილია, რომ გარდაცვლილს ოჯახის წევრები და ძალოვნები 29 დეკემბრიდან ეძებდნენ, სწორედ ამ დღეს გაუჩინარდა დათო ტორიაშვილი, მას მერე უამრავი მისი ახლობელი და მეგობარი დაიკითხა, მაგრამ რამდენიმე დღე მის კვალს ვერსად მიაგნეს.
10-დღიანი ძებნის შემდეგ გაირკვა, რომ ის სადისტურად იყო მოკლული. სამართალდამცავებმა დავით ტორიაშვილის ცხედარი ორთაჭალაში, მტკვრის სანაპიროზე იპოვეს. ირკვევა, რომ მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაცია ბევრ ადამიანს ჰქონდა, უფრო მეტიც, ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს არ უცდია ფაქტის გახმაურება. სწორედ ამიტომ სამართალდამცავებმა ნიკოლოზ ქისტაურთან ერთად ბრალი სხვა ადამიანებსაც წაუყენეს და ისინი დააკავეს. ქისტაურის მეგობარ ქალს ნატო მელქაძეს და გიორგი იობიძეს დანაშაულის დაფარვაში ედებათ ბრალი. სასამართლომ მათაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხოლო სამ პირს: ირაკლი შენგელიას, რუსლან ხორგუანს და ზაზა ლაგვილავას დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ ბრალი. ისინი წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ. სასამართლო პროცესზე პროკურორმა მათთვის არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება მოითხოვა და სამივე ბრალდებულს 2000- 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოკლული და ბრალდებული ერთმანეთს იცნობდნენ. იმ საბედისწერო დღეს დათო ტორიაშვილი ორთაჭალაში, წითლანაძის 19 ნომერში სტუმრად მივიდა. სწორედ იქ ჰქონდა ქისტაურს ნაქირავები ბინა. ბინის მეპატრონე გურამ გვასალია ამბობს, რომ ამ ფაქტამდე ორი თვით ადრე ბინა დედა-შვილს მიაქირავა:
"60 წლის ქალი მოვიდა და მითხრა, რომ ბინის დაქირავება სურდა. იმის შვილიც იყო აქ. დედამისმა თქვა, ჩემი შვილი ავადმყოფია, ვერ მუშაობს და მკურნალობსო. ეს ბიჭი ოთხ-ხუთჯერ მყავს ნანახი აქ. პოლიცია შემოვიდა ჩემს ბინაში, იღებდნენ სურათებს, იძიებდნენ მკვლელის საკითხს. მე არ ვიცი რა და როგორ მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. ფაქტია, რომ ჩემს სახლთან ახლოს, აქ მდებარე ავტოფარეხის მიმდებარედ მტკვრიდან მოკლული ამოიყვანეს. დეტალებს გამოძიება დაადგენს."
როგორც ირკვევა, სწორედ ამ ნაქირავებ ბინაში მოხდა მკვლელობა. იქ სუფრა იყო გაშლილი. ქისტაურთან და ტორიაშვილთან ერთად, სუფრასთან იმყოფებოდა ქისტაურის რამდენიმე მეგობარი. ბიჭები ერთად სვამდნენ, მოკლულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო და სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გამოძიება არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა საკითხზე იკამათეს ახალგაზრდებმა, ბრალში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის დროს შურისძიების მოტივით ქისტაურმა განიზრახა ტორიაშვილის მკვლელობა, აიღო დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილი გადაჭრილი სანადირო თოფი და იქვე, მეგობრების თვალწინ ესროლა ტორიაშვილს.
თვითმხილველთა თქმით, დაჭრილი ტორიაშვილი შეეცადა კარისკენ წასულიყო და იქაურობას გაცლოდა, მაგრამ კართან მისულს, კიდევ ერთი ტყვია ესროლა. ბიჭი იქვე ჩაიკეცა, არც ამას დასჯერდა დამნაშავე, ამის შემდეგ დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ყელი გამოჭრა. მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრალდებული კვალის დაფარვას შეუდგა, მეგობრები იხმო შემთხვევის ადგილზე. ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ მკვლელობის თვითხილველი პირები, რადგან ისინი არასრულწლოვნები არიან. თუმცა ყველა მათგანი დაკითხულია. საქმის ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, "ისინი ამბობენ, ქისტაური მოკვლით დაგვემუქრა, თუ რამეს ვიტყოდითო". არასრულწლოვნები ამბობენ, მისი შეგვეშინდა და ამიტომაც ვერ გავბედეთ მომხდარის გახმაურებაო.
გამოძიების მასალების მიხედვით, ქისტაურს არც ერთი მათგანი არ დახმარებია. ისინი შემთხვევის ადგილიდან წავიდნენ. თუმცა ამის შემდეგ ქისტაურმა დახმარებისთვის სხვა მეგობრებს მიმართა. მის ბინასთან მისულებს უთხრა, რომ კაცი ჰყავდა მოკლული და სთხოვა ცხედრის გადამალვაში დახმარებოდნენ. არც ერთი მათგანი მის წინადადებას არ დათანხმდა. თუმცა ცხედარი ბიჭებმა ნახეს. კვალის დაფარვას თავად შეეცადა ბრალდებული. გამოძიების მასალებით, მოკლული ბიჭი ხელში აიყვანა ქისტაურმა და იქვე, ხევში გადააგდო. ამის შემდეგ მოასუფთავა შემთხვევის ადგილი და სისხლიანი ნივთებს, კვალის დაფარვის მიზნით, ცეცხლი წაუკიდა.
მართალია ჯერჯერობით ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ძალოვნებს აქვთ სამხილები ბრალდებულის წინააღმდეგ. ამოღებულია სატელეფონო მოსმენები, იმასაც ამბობენ, თავად ბრალდებულის მეგობარი ქალი დაეხმარა ძალოვნებს ამ დანაშაულის გახსნაშიო. მართალია კონფლიქტის მოტივზე გამოძიება არ საუბრობს და მხოლოდ ურთიერთშელაპარაკება სახელდება, თუმცა არაოფიციალურად ამბობენ, რომ მათ შორის ადრეც იყო დაპირისპირება და იმ დღეს ნასვამებმა ძველი წყენა გაიხსენესო. ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი რამ ჯერჯერობით საქმის მასალებში არ წერია. სასამართლო პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, რომ შესაძლოა დამნაშავეთა რიცხვი გაიზარდოს, თუმცა რას გულისხმობდა ამაში და კიდევ ვის დაკავებას აპირებენ, ჯერჯერობით უცნობია. ბრალში ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ქისტაურს თანამონაწილე ჰყავდა. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ქისტაური 2008 წელს მკვლელობის ბრალდებით ყოფილა გასამართლებული და მან ციხე 2013 წელს დატოვა. თუმცა ჩვენთვის უცნობია ადრე მომხდარი დანაშაულის დეტალები. ასევე ცნობილია, რომ ნასამართლევი იყო მოკლულიც, მაგრამ რისთვის, ეს ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ.
მოკლულს მეგობრები დადებითად ახასიათებენ. უამრავი ტკივილიანი პოსტი დევს მისი მეგობრების "ფეისბუკის" გვერდზე. "რიჟა ჩემო ძმაო, მენატრები, დაჯერებაც კი არ მინდა რომ აღარ ხარ ჩვენს გვერდით. შენ ყველაზე მაგარი კაცი იყავი, ხარ და იქნები. ვინც გიცნობს ყველამ კარგად იცის თუ როგორი ადამიანი დავკარგეთ შენი სახით. ჩემს გულში იყავი, ხარ და სულ იქნები. ვერასდროს დავივიწყებ შენს მომღიმარ სახეს ძალიან მიჭირს შენზე წარსულში ლაპარაკი. ბევრი გეგმა გქონდა და გვქონდა. ნათელში ამყოფოს ღმერთმა შენი სული. წარმოუდგენელია, რომ შენ სასიკვდილოდ გაგიმეტეს", - წერს ერთ-ერთი მეგობარი. მოკლულის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან არ საუბრობენ. მეზობლები კი დათო ტორიაშვილს დადებითად ახასიათებენ. ამბობენ, რომ ის მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი იყო და კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია. მკვლელობის გამოძიება გრძელდება.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)