"დაუჯერებელია, რომ ეს ადამიანის ხელმა შექმნა"- ქართველი მხატვრის უნიკალური ნახატები - კვირის პალიტრა

"დაუჯერებელია, რომ ეს ადამიანის ხელმა შექმნა"- ქართველი მხატვრის უნიკალური ნახატები

"მოემზადეთ სრული კულტურული შოკისთვის! ძნელია დაიჯერო, რომ ამ საქმეში ადამიანის ხელი ერიოს, არადა ადამიანმა დახატა!" - ამ სიტყვებით გავრცელდა სოციალურ ქსელში ნახატები, რომელიც 75 წლის ქართველ მხატვარს, გურამ დოლენჯაშვილს ეკუთვნის. ქუთაისში დაბადებული ხელოვანი, 20 წელზე მეტია საზღვარგარეთ მოღვაწეობს - მისი ნახატები გამოფენილი იყო აშშ-ში, ინგლისში, საფრანგეთში, შვედეთში, ავსტრიაში; მისი ნამუშევრები ინახება საზღვარგარეთის ქვეყნების სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო პირთა კოლექციებში.

- ხუთ თანამედროვე ქართველ მხატვარს შორის პირველ ადგილზე სახელდებით... "დაუჯერებელია, რომ ეს ადამიანის ხელმა შექმნა" - თქვენი შემოქმედების მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა და თქვენ როგორ შეაფასებდით თქვენს ნამუშევრებს?

- ეს გადაჭარბებული ქება მესმის საბავშვო ბაღიდან... სტუდენტობიდან დღემდე უამრავი წარმატება მქონია, ჯილდო და პრემია მიმიღია, მაგრამ ყურადღება არასოდეს მიმიქცევია. ეს მხოლოდ ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და დიდი სტიმული, უკეთესად მეხატა. ხალხის ასეთი დამოკიდებულება ჩემი ნახატების მიმართ უბრალოდ შეიძლება აიხსნას: იშვიათად უნდათ შრომა. თანამედროვე ხელოვნებაში არსებობს ტენდენცია, რომ ათასნაირი მაქინაციებით და რაც შეიძლება ადვილად შექმნან ვითომ რაღაც შემოქმედება. ამისათვის აკეთებენ პერფომანსებს, ღებავენ ცოცხით უზარმაზარ ტილოებს. რაც უფრო საშინელი იქნება, მით უკეთესი. და რატომღაც "თანამედროვე ხელოვნებას" არქმევენ...

გასაკვირია ის, რომ ასეთი "ორსაათიანი შედევრებით" გაჯერებულია "სოტბისა" და "კრისტის" აუქციონები. ზოგიერთი ას მილიონ დოლარზე მეტად იყიდება... ასეთ ვაკხანალიაში მკვეთრად გამოიყო და შესამჩნევი გახდა ჩემი კლასიკური, აკადემიური ნამუშევრები. ჩემ ნახატებს მე ვერ შევაფასებ. ყველაზე კარგი შემფასებელია დრო! ვნახოთ, ასი-ორასი წლის შემდეგ რა მოხდება, თუ შემორჩა ისტორიას, ესე იგი კარგი ყოფილა...

- საქართველოში რამდენად ძლიერი სკოლა და ტრადიციები იყო მხატვრისთვის, როდესაც თქვენ იწყებდით?

- მე ძალიან გამიმართლა, იმ დროს ვსწავლობდი თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1962-1968) როცა პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ მსოფლიო დონის კორიფეები: სერგო ქობულაძე, აპოლონ ქუთათელაძე, უჩა ჯაფარიძე, ლადო გრიგოლია, ფარნაოზ ლაპიაშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი... მესამე კურსზე ხატვას მასწავლიდა პეტერბურგის ლეგენდარული პედაგოგი ვასილ შუხაევი (იგი ბოლო წლებში თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად), რომელიც პაბლო პიკასოს ახლო მეგობარი იყო.

გაგრძელება