რუსეთი იძულებულია დაჭრას მსოფლიოში ყველაზე დიდი ატომური წყალქვეშა ნავები
რუსეთი იძულებულია დაჭრას მსოფლიოში ყველაზე დიდი ატომური წყალქვეშა ნავები, რომელთაც მთელი დედამიწის განადგურება შეეძლოთ
2018 წლის დასაწყისში პრეზიდენტმა პუტინმა, ბოლოს და ბოლოს, მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, დაჭრას პლანეტის უდიდესი ატომური წყალქვეშა ნავები, რომლებიც თავის დროზე მთელ მსოფლიოს შიშის ზარს სცემდა.
საბჭოთა კავშირმა 1980-88 წლებში შეიარაღებაში მიიღო 941 პროექტის ექვსი სტრატეგიული დანიშნულების ატომური წყალქვეშა ნავი "აკულა", რაც ამერიკელებისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.
ცხრასართულიანი სახლის სიმაღლე საბჭოთა "აკულას" წყალქვეშა სრული წყალწყვა 48 ათას ტონას აღწევდა, მაშინ, როდესაც ამერიკული ატომური სუბმარინ "ოჰაიოს" იგივე მაჩვენებელი 19 ათას ტონას არ აღემატებოდა.
ორკორპუსიანი "აკულას" სიგრძე 179 მ-მდე იყო, რაც მას მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდ ხელოვნურ წყალქვეშა ობიექტად აქცევდა. გინესის რეკორდების წიგნში ეს მაჩვენებელი დღემდე არც ერთ წყალქვეშა ნავს არ გაუუმჯობესებია.
ორი ატომური რეაქტორით აღჭურვილი "აკულა" (მას დასავლეთში "ტაიფუნს" უწოდებდნენ) წყალქვეშ მაქსიმალურ 25 კვანძს (46 კმ/სთ) ავითარებდა და 500 მ სიღრმემდე ჩაყვინთვა შეეძლო. მისი ეკიპაჟი 160 კაცისგან შედგებოდა, რომლებსაც წყალქვეშა ნავის ამოყვინთვის გარეშე 180 დღე-ღამე შეეძლოთ საბრძოლო დავალების შესრულება.
"აკულას" 22 ტორპედო მიჰქონდა, მაგრამ მისი ძირითადი იარაღი 20 სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკური რაკეტა იყო. თითოეულ რაკეტას 9 300 კმ მაქსიმალურ მანძილზე 10 ბირთვული ქობინი გაჰქონდა. ერთი ბირთვული ქობინის სიმძლავრე 200 კილოტონა (200 ათასი ტონა ტროტილის ეკვივალენტი) იყო, ანუ ათ "ჰიროსიმას" უტოლდებოდა.
ექვს "აკულას" ერთდროულად 120 ბალისტიკური რაკეტის გაშვება და დედამიწაზე 12 000 "ჰიროსიმის" მოწყობა შეეძლო!
1998 წელს რუსეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ ამერიკელების გაოცება თუ დაშინება გადაწყვიტა და ერთ-ერთი "აკულადან" პოლიგონის მიმართულებით ზალპით გაუშვა ოცივე სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტა, რა თქმა უნდა, ბირთვული ქობინების გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი გაბარიტებით საბჭოთა "აკულები" ზაფრავდა მოწინააღმდეგეებს, დიდი მოცულობისა და ხმაურის გამო წყალქვეშ მათი აღმოჩენა ადვილი იყო, ამასთან, "აკულების" ექსპლუატაცია ძვირი ჯდებოდა.
ამ და სხვა მიზეზების გამო დღეისთვის რუსეთის სამხედრო ფლოტში ექვსიდან მხოლოდ ერთი "აკულაღა" დაცურავს და ისიც ახალი ბალისტიკური რაკეტების საგამოცდო გაშვებებისას გამოიყენება. ხუთი "აკულადან" სამი უკვე დაჭრეს და ჯართად ჩააბარეს (მათგან ორის დაჭრა ამერიკელებმა დააფინანსეს). დარჩა ორი, რომელთა ბედი აქამდე გადაწყვეტილი არ იყო, ახლა კი გაირკვა, რომ 2020 წელს მათაც ჯართად ჩააბარებენ.