აღიარებს თუ არა ბრალს, ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ბერძენიშვილი ? - კვირის პალიტრა

აღიარებს თუ არა ბრალს, ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ბერძენიშვილი ?

ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დატოვების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა მაია სირაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატისთვის ისევ უცნობია საქმის მასალები და არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა კონკრეტული მტკიცებულებები გააჩნია ბრალდების მხარეს.

"მას ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა, თუმცა არ აღიარებს. თვითონაც გაურკვევლობაშია, თუ რატომ დააკავეს, რადგან მას არანაირი კავშირი არ ჰქონია ამ საქმეში ბრალდებულ სხვა პირებთან და მისი საქმიანობაც დაკავშირებულია ქველმოქმედებასთან, ტაძრების მშენებლობასთან, რისი გადამოწმებაც შესაძლებელია. ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმომცემია და არ ვიცი, კონკრეტულად რა მტკიცებულებები გააჩნია უსაფრთხოების სამსახურს", - აღნიშნა მაია სირაძემ.

ადვოკატი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბერძენიშვილის სახაზინო ადვოკატის, ელდარ გვალიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულს ურთიერთობა ჰქონდა მაჩალიკაშვილებთან, ასევე, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ პირებთან და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე განცხადებით, დაკავებულ ბერძენიშვილს გვალიასთან მიმართებით გუშინვე გაუჩნდა კითხვები, რომ იქ შესაძლოა სპეციალურად ყოფილიყო შეგზავნილი, რის გამოც მან გუშინ ადვოკატის არც ერთ კითხვას არ უპასუხა. მაია სირაძის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, აპირებს მიმართოს სახალხო დამცველს, იუსტიციის მინისტრს და ადვოკატთა ასოციაციას, რათა მოხდეს ელდარ გვალიას საადვოკატო საქმიანობის შესწავლა.

ადვოკატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ მიბრუნდებიან, რათა საქმის მასალის შესწავლის შემდგომ ბრალდებულის პოზიციები მოისმინონ.

"ინტერპრესნიუსი"