"ჩემი მშობლების შეხვედრას "ერთი ნახვით შეყვარება" ჰქვია" - რას ჰყვება მამაზე ირაკლი უჩანეიშვილის ქალიშვილი?
"კვირის პალიტრა", არქივი, 2018
"მიუხედავად იმისა, რომ ავად იყო, საავადმყოფოდან იპარებოდა და სცენაზე თამაშობდა, ამბობდა, - "ხალხმა ბილეთები იყიდა და არ მივიდეო ?!"
ვისაც ერთხელ მაინც უნახავს სცენაზე, შეუძლებელია დაივიწყოს მისი სამსახიობო ოსტატობა, ან მისი ნამღერი "ფოსტალიონის სიმღერა", "ფიფქები", "ავადა ვარ, ავადა" , "ასეთია ქურდი კაცის ბედი..." ნიჭიერმა მსახიობმა, ირაკლი უჩანეიშვილმა გამოჩეული, რბილი ბასბარიტონით, დამახასიათებელი პლასტიკითა და მომხიბვლელობით მრავალ მაყურებელს შეაყვარა თავი.
"შევეცდები გიამბოთ, როგორი იყო ჩემი მამიკო - ირაკლი უჩანეიშვილი", - მითხრა ჩემმა რესპონდენტმა ხათუნა უჩანეიშვილმა, როდესაც დიდი ხნის ძებნის შემდეგ, შვეიცარიაში მივაგენი.
- მამა 1929 წლის 14 ივლისს, თბილისში, ტრადიციულ, ეკონომისტების ოჯახში დაიბადა. სოლოლაკში, ლერმონტოვის ქუჩაზე გაიზარდა. დედისერთა გახლდათ და მშობლებისგან დიდი სიყვარულით იყო განებივრებული. მამამ დამოუკიდებლობას და შრომას მიაჩვია, დედამ კი - სიყვარული, ალერსი და სითბო ჩაუნერგა.
მამა ძალიან ნიჭიერი იყო, კარგად სწავლობდა, განსაკუთრებულ ინტერესს ტექნიკური საგნების მიმართ იჩენდა და სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა საავიაციო ტექნიკუმში გააგრძელა. თვითმფრინავების კონსტრუქტორობაზე ოცნებობდა. სტუდენტობისას, ხშირად მონაწილეობდა სტუდენტურ დადგმებში, კონცერტებში ცეკვავდა და მღეროდა.
სიმღერის ნიჭი დედისგან გადეცა (თინა ბებია ფანდურზე უკრავდა და მღეროდა ქალთა გუნდში). მუსიკალური განათლება არ ჰქონია, თავისით ისწავლა პიანინოზე და გიტარაზე დაკვრა, რაღაც ღვთისგან ნაბოძები ნიჭით იყო დაჯილდოებული.
ერთხელ საავიაციო ტექნიკუმის სტუდენტთა ერთ-ერთ წარმოდგენას საპატიო სტუმრად მიწვეული აკაკი ხორავა დასწრებია. "ახალგაზრდავ, მსახიობობაზე არასდროს გიფიქრიათ?" - უკითხავს მამასთვის წარმოდგენის შემდეგ...
სწორედ ამ ერთმა კითხვამ შეცვალა ირაკლი უჩანეიშვილის ბედი. დაფიქრდა, გააცნობიერა და გადაწყვიტა მსახიობი გამხდარიყო. საავიაციო ტექნიკუმის წარმატებით დასრულების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. გაიფრინეს სტუდენტურმა წლებმა და როგორც აქტიორული თვისებებით, უჩვეულო ხმით, პლასტიკით და მოქნილობით გამორჩეული ნიჭიერი მსახიობი რუსთაველის თეატრში მიიღეს. ასე დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა.
- მომავალი მეუღლე სად და როდის გაიცნო?
- მამა 24 წლის იყო, როცა დედა - მერცია გელაშვილი გაიცნო. სწორედ მათ შეხვედრას შეიძლება დაერქვას "ერთი ნახვით შეყვარება". მამა ახალი წლის ღამეს თურმე მეგობრებმა წვეულებაზე დაპატიჟეს, იქ დედაც იყო მიწვეული. მამამ მაშინვე შეამჩნია ლამაზი, კოპწია გოგონა, მიმზიდველი ღიმილით. სულ ცოტა ხანში პიანინოს მიუჯდა და სიმღერაც მიუძღვნა. ამ დღეს დაიწყო მათი დიდი სიყვარულის ისტორია.
დაქორწინება მალე გადაწყვიტეს, მაგრამ მათი ბედნიერება, ირაკლი უჩანეიშვილის დედის გარდაცვალების გამო დროებით გადაიდო. ეს დიდი ტკივილი და დანაკლისი დედაჩემმა გადაალახვინა… ცხოვრება გრძელდება და ჩემმა მშობლებმაც შექმნეს ოჯახი, რომელიც უსაზღვრო სიყვარულსა და ურთიერთგაგებაზე იყო დაფუძნებული. ორივე მუშაობდა, დედა ფრანგულის მასწავლებელი იყო. ჩვენთან ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მამას მეგობრები: ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი, მალხაზ ბებურიშვილი, გურანდა გაბუნია, თენგიზ არჩვაძე...
- თქვენც, მამასავით დედისერთა ბრძანდებით?
- არა, და მყავს - თინათინი. ჩვენ საოცარი ბავშვობა გვქონდა - სწავლა, გართობა, დაბადების დღეები, დასასვენებლად წასვლა, სიცილი, ალერსი და სიყვარული არ მოგვკლებია. ასე გადიოდა დრო.
მამა ნელ-ნელა ცნობილი მსახიობი გახდა და დაიწყო ჩვენი აფორიაქებული ცხოვრება. ირაკლი უჩანეიშვილი მარტო ოჯახს აღარ ეკუთვნოდა - ხალხის ყურადღების ცენტრში იყო - გამორჩეული თავისი სიმღერით, ორიგინალობით, ჩაცმით, ქცევებით... ბუნებრივია, ქალების ყურადღებას ზღვარი არ უჩანდა.
ამ შემოტევას ვერ გაუმკლავდა და ოჯახური სიმშვიდის შენარჩუნებისთვის დედამ და მამამ გაცილება არჩიეს. მიუხედავად ამისა, მე და თინათინს არ მოგკვლებია მამის სითბო, ალერსი, ყურადღება და დედის საოცარი თავდადება...
მახსოვს, როცა ჩემი და დაოჯახდა და ტყუპები - გიორგი და თათა მოევლინა ქვეყანას, მამა უბედნიერესი ბაბუა იყო.
საერთოდ ძალიან მოსიყვარულე და თავმდაბალი კაცი გახლდათ ირაკლი უჩანეიშვილი. ადამიანები უყვარდა. უყვარდა თბილისი, სიმღერა, ლექსი... სუფრები მისი თამადობით კი განუმეორებელი და დაუვიწყარ წარმოდგენას ემსგავსებოდა.
ცხოვრების ეს ეტაპიც გაილია...
მახსენდება 90-იანი წლები... ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ძალიან განიცდიდა. აწუხებდა ქვეყნის ბედი. "მე მიტინგებზე არ გამოვალ, ჩემი მიტინგი სცენაა და იქ ვიტყვი სათქმელსო", - ასე ამბობდა. ჯანმრთელობა შეერყა, მიუხედავად იმისა, რომ ავად იყო, საავადმყოფოდან იპარებოდა და სცენაზე თამაშობდა, ამბობდა, - "ხალხმა ბილეთები იყიდა და არ მივიდეო?!"
მახსოვს, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში სულ დედას ახსენებდა, მერე მე მომიბრუნდებოდა ხოლმე "რას ფიქრობ, როდის აპირებ დაოჯახებას, როდის გამახარებო ?"
1992 წლის ზაფხულს გარდაიცვალა.
- თქვენი ცხოვრება როგორ გაგრძელდა ?
- მამის გარდაცვალების შემდეგ, შევხვდი ადამიანს, რომელმაც გადამატანინა მამის დაკარგვის ტკივილი. ჩემი მეუღლე ივან ვასიუტინი ექიმია. ის ქუთაისელია წარმოშობით. ასე რომ, ნამდვილი ქართული ოჯახი გვაქვს. 2 შვილი გვყავს სოფო და დავითი. უკვე 25 წელია შვეიცარიაში ვცხოვრობთ, ქალაქ ლოზანაში. აქედან ვეფერები ჩემს საქართველოს, დიდი სიყვარულითა და მონატრებით.
ეკა სალაღაია (სპეციალურად საიტისთვის)