"შესაძლოა, ჩემი პრეზიდენტობის თემა უშიშროების შემოგდებული იყოს"
სახელმწიფო სტრუქტურებში ბევრია ისეთი კადრი, რომელთაც ურჩევნიათ, ქვეყანაში ვითარება იმაზე უარესად იყოს, ვიდრე არის. ეს ადამიანები იდეურად რჩებიან "ნაცებად", სააკაშვილის ფანატებად და მის დაბრუნებაზე ოცნებობენ
"მთავრობამ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პირველი შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც "გირჩს" კანაფის დათესვა შეარჩინა"
23 იანვარს ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სავიზო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის პირველი ანგარიში განიხილეს. დოკუმენტი დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დაწესებულ უვიზო მიმოსვლას შეეხებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის საგრძნობი ზრდის შესახებ საკითხი შვედეთმა და ისლანდიამ დააყენეს. სხდომაზე უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე არ ულაპარაკიათ, თუმცა ეს განხილვა ქვეყანამ გაფრთხილებად კი უნდა მიიღოს.
ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ლადო პაპავასთან:
- მოსალოდნელი იყო, რომ ჩვენი საკითხი ერთ-ერთ პირველივე სხდომაზე დადგებოდა, რადგან საქართველოს ბევრი მოქალაქე, ბოდიში, მაგრამ ისე იქცევა, "უნახავმა რა ნახაო..." იმედი მაქვს, ეს პირველი ტალღა გადაივლის და ადამიანებს ეყოფათ გონიერება, უვიზო რეჟიმით ისე ისარგებლონ, როგორც რეგულაციებით არის გათვალისწინებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია, მთავრობა ამ საკითხზე აქტიურად ურთიერთობდეს მოსახლეობასთან, უხსნიდეს შექმნილ ვითარებას. ამ საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ინფორმაციის საშუალებებს.
ასე თუ გავაგრძელეთ, არ არის გამორიცხული, რომელიღაც რაუნდზე კიდეც მიიღონ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება.
ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან მიდიან, ახალი არ არის და ამას უვიზო მიმოსვლის შემოღებას ვერ დავაბრალებთ. ეს ტენდენცია საბჭოთა კავშირში დაიწყო, როდესაც, მაგალითად, საქმიანობისთვის რუსეთში მიდიოდნენ. მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ეს პროცესი უფრო მასშტაბური გახდა. ქვეყნიდან გასვლა უკვე ჩვეულებრივ და სამწუხარო ამბად იქცა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ისე ვერ ვითარდება, როგორც უნდა ვითარდებოდეს, არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. აქ დასაქმებისა და ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა იმდენად არადამაკმაყოფილებელია, რომ ჩვენი მოქალაქეები თუნდაც ეკონომიკურად განუვითარებელ რუსეთში ამჯობინებენ წასვლას.
- ქვეყნიდან მიგრაციის უმთავრესი მიზეზი რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, მაგრამ საინტერესოა, ამ მხრივ 2018 წელს პოზიტიურ პერსპექტივას თუ ხედავთ?
- ვფიქრობ, მაინცდამაინც არაფერი შეიცვლება... ჩვენ გვყავს ახლად დამტკიცებული მთავრობა რამდენიმე ახალი წევრით, რომელთაგან ზოგიერთმა მართლაც იმედისმომცემად დაიწყო თავისი საქმიანობა. მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების, ასევე შს მინისტრმა, რომლის მიმართ თავიდან სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა. ასე რომ, მთავრობაში პოზიტიური ცვლილებები იგრძნობა. ეს მოიტანს თუ არა შედეგს, დრო გვიჩვენებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მთავრობის პოლიტიკა არ იცვლება. საქმე ის არის, რომ მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადეს ისევ იმ ოთხპუნქტიანი გეგმის საფუძველზე, რომელშიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ლაპარაკი არ არის.
ალბათ, გაგრძელდება ლარის არასტაბილურობა იმიტომ, რომ ლარს, ფაქტობრივად, პატრონი არ ჰყავს. მას საქართველოს ეროვნული ბანკი უნდა პატრონობდეს, რომელმაც გამოგვიცხადა, ლარი ჩემი საპატრონო არ არისო...
- რას გულისხმობთ?
- ლარის არასტაბილურობის მიზეზი ჩვენი ეკონომიკის განუვითარებლობაა, თუმცა დიდი მერყეობა, არაპროგნოზირებადი ნახტომები, რასაც ლარის გაცვლითი კურსის შემთხვევაში ვხედავთ, ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგია. მას შეუძლია, ეროვნულ ვალუტას, რომელიც ჩვენი სუსტი ეკონომიკის პირობებში სტაბილურობას ვერ ინარჩუნებს, დაეხმაროს ან არ დაეხმაროს. მან არდახმარება არჩია.
- რატომ?
- ამას ეკონომისტები უწოდებენ "ინსტიტუციურ მახეს", ანუ როცა არასწორია ინსტიტუცია, ის თავის ტყვეობაში გაქცევს... ეს სჭირს ეროვნულ ბანკს, რომელმაც მიზნად დაისახა ინფლაციის თარგეთირება, ანუ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრა.
როდესაც იმპორტი მეტია ექსპორტზე, ქვეყანა დამოკიდებულია გაცვლით კურსზე. თუ ლარი უფასურდება, ეს აისახება ფასებზე. გაუგებარია, როგორ უნდა არეგულიროს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის დონე, თუ გაცვლითი კურსი მას არ ეხება?!
რასაც ახლა ვამბობ, ეს ლადო პაპავას აღმოჩენა არ არის, ამას ამბობს ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში ჯოზეფ სტიგლიცი, რომელმაც გარკვევით თქვა, ქვეყნებში, სადაც იმპორტი მაღალია, ცენტრალური ბანკის ფოკუსირება მხოლოდ ინფლაციის მაჩვენებელზე ვერ მუშაობსო...
გარდა ამისა, მოგეხსენებათ, 2017 წელს გაიზარდა აქციზური გადასახადები (რამაც გამოიწვია ფასების ზრდა), ასევე გაიზარდა იმპორტირებული გაზის საფასურიც. რა ინსტრუმენტი აქვს ეროვნულ ბანკს, რომ ფასების გაზრდა აიცილოს თავიდან როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში? - არანაირი.
საქმე ის არის, რომ ამ მაჩვენებლის უკან დგას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნა. რა გამოდის? ჩვენი ეროვნული ბანკი გაკვეთილებს წარმატებით აბარებს სავალუტო ფონდს, იღებს იქიდან "შეფასებად "ფრიადს", ქვეყანაში კი ლარი უპატრონოდ არის მიშვებული...აღმოჩნდა, რომ ინფლაციის მაჩვენებელზე ფოკუსირებული ეროვნული ბანკი საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაშია, ანუ"გასულია მომსახურების ზონიდან, თუმცა ის მაინც ჯიუტად აწვება ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს. ინფლაციის საშუალო მიზნობრივ მაჩვენებლად 2017 წელს დადგენილი იყო 4%, თუმცა გარკვეულ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 7%-ს გადააჭარბა. ამ შემთხვევაში რა მიზნობრივ მაჩვენებელზე შეიძლება ვილაპარაკოთ? ეროვნული ბანკის განმარტებით, ეს, თურმე, გრძელვადიან პერსპექტივაში დაუბრუნდება ადრინდელ ნიშნულს. ასე ყველაფერი შეიძლება მოხდეს...
გარდა ამისა, ქვეყანაში ძირითადი ყურადღება ექცევა ისევ ტურიზმს, არადა, ტურიზმი ვერ იქცევა ქვეყნის ეკონომიკის განმავითარებელ დარგად, როდესაც წარმოება არ ვითარდება. ჩვენს სამომხმარებლო კალათას შეხედეთ - მისი 75%, ანუ სამი მეოთხედი იმპორტულია. ტურისტი რომ შემოვა, იმასაც ხომ იგივე კალათა დახვდება? რაც უნდა ბევრი ფული დახარჯოს საქართველოში, მისი სამი მეოთხედი ისევ ქვეყნიდან გადის.
ტურიზმი კარგია მაშინ, როდესაც ქვეყანაში განვითარებულია ისეთი დარგები, რომლებიც ქმნის რეალური ეკონომიკის სექტორს, ისე, როგორც არის, მაგალითად, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში... მაგრამ ვიცით ისეთი ტურისტული ქვეყნებიც - მაგალითად, ეგვიპტე და საბერძნეთი, სადაც ძირითადი მიმართულება ტურიზმია და სადაც მუდმივად არის ეკონომიკური პრობლემები...
მოდი, ობიექტურები ვიყოთ და ვთქვათ, რომ ქვეყანაში მუშაობს პროგრამა "აწარმოე საქართველოში", არის სტარტაპები, მაგრამ ეს ცოტაა და არ არის ფოკუსირებული ინოვაციური ეკონომიკის შექმნაზე. არადა, თუ არ განავითარე ის, რაც ქმნის მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას, რომლის ექსპორტიც ქვეყანას სიმდიდრეს მოუტანს, მომავალი არ გაქვს. ძალიან გამიხარდებოდა, მაგალითად, საპარტნიორო ფონდი რომ აშენებდეს არა სასტუმროებს, არამედ - მაღალტექნოლოგიურ საწარმოებს...
- ცოტაც და, ქვეყნისთვის ისევ მთავარ გამოწვევად იქცევა კრიმინოგენული ვითარება...
- კრიმინოგენული ვითარება მართლაც კატასტროფულია - დღე არ გავა, რამდენიმე ერთმანეთზე საშინელი დანაშაულის ამბავი არ გავიგოთ... ამას მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ დავაბრალებთ, აქ მრავალი ფაქტორი მოქმედებს. მაგალითად, ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ბევრია ისეთი კადრი, რომელთაც ურჩევნიათ, ქვეყანაში ვითარება იმაზე უარესად იყოს, ვიდრე არის. ეს ადამიანები იდეურად რჩებიან "ნაცებად", სააკაშვილის ფანატებად და მის დაბრუნებაზე ოცნებობენ. ისინი ცდილობენ, ქვეყანაში ვითარება დამძიმდეს, მოსახლეობის უკმაყოფილება გაიზარდოს და ამით პოლიტიკური სარგებელი მიიღონ.
"ნაცები" და "ევრონაცები" აკრიტიკებენ "ქოცებს", ხშირად - სამართლიანადაც, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ამის მორალური უფლება არა აქვთ და ამით თუნდაც სამართლიანი კრიტიკა უფასურდება.
გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ადამიანებს სამართლიანობის განცდა არა აქვთ, რადგან პასუხი არ აგეს იმ ადამიანებმა, რომელთაც პასუხი უნდა ეგოთ.
გავიხსენოთ, რაში დაადანაშაულეს სააკაშვილი, რომელიც იყო ბოროტების წყარო - პიჯაკების ყიდვაში! ესეც დანაშაულია, რადგან პრეზიდენტი ბიუჯეტის ხარჯზე ტანსაცმელს არ უნდა ყიდულობდეს, მაგრამ ნაღვლიანი ღიმილის მომგვრელია მთავარ ბრალდებად ამის წარდგენა, როცა ამდენი ბოროტებაა ჩადენილი. 26 მაისს ხალხი რომ დახოცეს, ამაზე არ უნდა აგოს სააკაშვილმა პასუხი?!
ისე, ძალიან გამიკვირდა პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადება, რომ ეს სწორი არ იყო. რა, მანაც შეიძლება თავისთვის ბიუჯეტის ხარჯზე იყიდოს რაღაც?!
დღეს რომ მკითხოთ, საით მიდის ქვეყანა, რა ორიენტირი აქვს საგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ანუ რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ, გამიჭირდება პასუხის გაცემა... მინდა, მჯეროდეს, რომ ევროატლანტიკური კურსი გვაქვს, მაგრამ მაშინ რატომ გავაუქმეთ ამ მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოსტი და მისი აპარატი?! ვის გაუხარდა ეს ყველაზე მეტად, ვის გავუგორეთ კოჭი? - მოსკოვს...
- მსახიობ გიორგანაშვილის ("ბახალას") სასამართლო პროცესს და ნარკოდანაშაულისთვის მისჯილ 8-წლიან პატიმრობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საჭიროა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია...
- დავიწყოთ იმით, რომ ამ შემთხვევაში მთავრობის პოზიცია ჩემთვის გაუგებარია. ეს არის "დამფრთხალი თაგვის პოზიცია. გავიხსენოთ ორგანიზაცია "გირჩი", რომელმაც კანაფი დათესა... მივიდნენ სამართალდამცავები, წაართვეს და მორჩა... კი მაგრამ, რატომ არ განახორციელეს სხვა ღონისძიებები, რასაც კანონი ითვალისწინებს?! რატომ დარჩა "გირჩი" დაუსჯელი და რატომ ხდება მისი რეკლამირება? მთავრობამ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პირველი შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც "გირჩს" კანაფის დათესვა შეარჩინა.
ვეთანხმები თვალსაზრისს, რომ ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით უნდა შევიმუშაოთ არა სადამსჯელო, არამედ დახმარების პოლიტიკა, მაგრამ ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ თურმე ადამიანი თავისუფალია და ნარკომანი მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს...
ასე არ არის! ნარკომომხმარებელი მიშავებს მეც და მთელ საზოგადოებასაც, იმიტომ, რომ თუ მსუბუქი ნარკოტიკიდან ძლიერზე გადავა (და ამის ალბათობა სულაც არ არის მცირე), მკურნალობა დასჭირდება, ეს კი იმ ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს, რომლის გადამხდელებიც მე და თქვენ ვართ... დიახ, მისი თავისუფლება ლახავს ჩემს თავისუფლებას - მისთვის რომ არ იყოს დასახარჯი ეს თანხა, სხვა, უკეთეს საქმეს მოხმარდებოდა...
გარდა ამისა, თუ ფული შემოაკლდა, ის პოტენციური დამნაშავე ხდება... დიახ, თავიდან ის ვნებს საკუთარ ჯანმრთელობას, მაგრამ საბოლოოდ ვნებს მთელ საზოგადოებას!
ახლა მთავრობამ უნდა იტვირთოს ლიდერის ფუნქცია და გამოხატოს მკაფიო პოზიცია.
ნარკორეალიზატორების მიმართ უფრო უნდა გამკაცრდეს სასჯელი. ასევე მკაფიოდ უნდა განისაზღვროს დოზა, რომლის ქონაც შეიძლება ეპატიოს ადამიანს და რომლის აღმოჩენის შემთხვევაშიც ის შეიძლება მიიჩნიონ მომხმარებლად.
სახელმწიფო არ უნდა იყოს იმაზე დამოკიდებული, "თეთრი ხმაური" იხმაურებს თუ არა. საქმე ჩვენს შვილებს ეხება!
- მანდატურის სამსახურის მონაცემებით, საქართველოს სკოლებიდან გასულ წელს ათასობით აკრძალული ნივთი ამოიღეს, მათ შორის: დანები, კასტეტები, ელექტროშოკები და ა.შ. ვნახეთ სკოლის მოსწავლეების მძიმე შედეგით დასრულებული კონფლიქტები... როგორ ფიქრობთ, განათლების სისტემამ ამ პრობლემებს როგორ უნდა გაართვას თავი?
- ეს არ არის მხოლოდ განათლებისა და შს სამინისტროების პრობლემა, ეს არის საერთო ეროვნული გამოწვევა. მიხარია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემული ინტერვიუდან გავიგეთ, რომ სამინისტრო ამ ყველაფერზე ფიქრობს და ღონისძიებებსაც გეგმავს, თუმცა მთავარი მასწავლებლის სტატუსის ამაღლება მგონია. ეს პროფესია პრესტიჟული უნდა გახდეს. მასწავლებელი უნდა იყოს ავტორიტეტი, ის უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას. მხოლოდ პოლიციური მეთოდებით სკოლაში პრობლემებს ვერ გავუმკლავდებით. ასევე აუცილებელია მანდატურის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. კიდევ ერთი - მშობელი და სკოლა ერთმანეთს დაშორდნენ. ეს ნაპრალი უნდა ამოივსოს და მშობლები აქტიურად უნდა ჩაერთონ სკოლის საქმიანობაში.
მიხარია, რომ გვეღირსა მინისტრი, რომელიც სერიოზულად დაფიქრდა პრობლემებზე, არადა, გვყავდა მინისტრი, რომელიც კომბლეს ებრძოდა და ვაშლებს არიგებდა. განათლების სისტემის დანგრევაში პირველი დამნაშავე არის კახა ლომაია, მაგრამ განათლების სისტემის აბუჩად აგდებაში დამნაშავეა ალექსანდრე ჯეჯელავა. მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო მიხეილ ჩხენკელს. მან ურთულესი სფერო ჩაიბარა.
- თქვენ მიერ ნახსენებ ინტერვიუში ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა ილაპარაკა აკრედიტებული უნივერსიტეტების შემცირებაზეც...
- მიმაჩნია, რომ ეს სწორი პოზიციაა. ვინც ვერ გაივლის ავტორიზაციას, ცხადია, უნდა შეუწყდეს აკრედიტაცია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისი განცხადება უმაღლესი განათლების საბიუჯეტო დაფინანსების თაობაზე.
ძალიან მინდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ სახელწოდების მხოლოდ პირველ ნაწილზე არ იზრუნოს და მეცნიერებასაც მიაქციოს ყურადღება.უნივერსიტეტში სწავლა 2250 ლარად დღეს უკვე ძალიან არარეალისტურია... უნდა შეიცვალოს დაფინანსების სისტემა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სახელმწიფომ დააფინანსოს. ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტები აღარ გამოეკიდებიან სტუდენტების რაოდენობას და მათგან მოზიდულ თანხებს და სწავლაც უფრო ხარისხიანი იქნება. გარდა ამისა, არ შეიძლება 2250 ლარი გაიცემოდეს ყველა მიმართულების სტუდენტზე. რა, მათემატიკოსისა და ფიზიკოსის მომზადება ერთი და იგივე ჯდება, ან - ფილოლოგისა და ექიმის?! რა თქმა უნდა, არა. მინისტრის პოზიცია, რომ ამ მიმართულებითაც უნდა მოხდეს დიფერენცირება, მისასალმებელია...
ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი ყველაზე გასაფრთხილებელია, რადგან საქართველო ნელ-ნელა თავის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს კარგავს. ქვეყანაში თითქმის არ ექცევა ყურადღება მეცნიერებას. ამას აქვს ახსნა - მეცნიერები არ არიან იმდენი, რომ ეს სეგმენტი, პენსიონერებისა თუ სკოლის პედაგოგების მსგავსად, პოლიტიკურად საინტერესო იყოს.
დიდი მნიშვნელობა აქვს საუნივერსიტეტო მეცნიერების სახელმწიფო ხელშეწყობას და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გაძლიერებას.
შუბლზე არავის აწერია, ვინ აინშტაინია და ვინ - ჯავახიშვილი. მთავარია, შექმნა სწორი სისტემა და დამიჯერეთ, აინშტაინიც გამოჩნდება და ჯავახიშვილიც.
არადა, ასე თუ გაგრძელდა, ხვალ შეიძლება ქვეყანაში სტუდენტის გამზრდელი პროფესორი აღარ გვყავდეს...
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართულ ოცნებაში" ერთ-ერთი ჯგუფი საპრეზიდენტო კანდიდატად თქვენ მიგიჩნევთ და მხარს გიჭერთ...
- ჩემს გეგმებში ეს საკითხი არ შედის, თუმცა იმ ასაკში ვარ, როცა უკვე შემიძლია, დაბეჯითებით გავიმეორო: "არასოდეს თქვა არასოდეს!" ჩემს ცხოვრებაში ბევრი ცვლილება იყო... არასდროს მიფიქრია ახალგაზრდობაში, რომ შეიძლებოდა, მთავრობაში მემუშავა. ვგეგმავდი მხოლოდ სამეცნიერო კარიერას, მაგრამ მომიწია მინისტრობამ. არც დეპუტატობაზე მიფიქრია, არც - რექტორობაზე... რაც შეეხება ამ ინფორმაციას... ამაზე ჩემთან არავის ულაპარაკია და არ გამოვრიცხავ, საერთოდ, უშიშროების სამსახურის შემოგდებული თემა იყოს...
- და რა არის ამის მიზანი? ასეთი ინფორმაციები შემთხვევით არ ვრცელდება...
- მართლაც რომ შემთხვევით არ ვრცელდება, სხვას ვერაფერს ვიტყვი...
ნათია დოლიძე