იქცევიან გერმანელები დიდოელ ლეკებად? - კვირის პალიტრა

იქცევიან გერმანელები დიდოელ ლეკებად?

კამერუნელმა ლომებმა ვერ იბუხუნეს 

ჰოლანდია – იაპონია 1:0

ავსტრალია – განა 1:1

დანია – კამერუნი 2:1

რა ყრია ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობაში, თუ იგი გატანილი გოლებით და სასურველი შედეგით არ გვირგვინდება? ეს მოსაზრება ზედგამოჭრილია ჰოლანდიის ნაკრებზე, რომელმაც რის ვაი-ვაგლახით მოახერხა იაპონიისთვის ერთი კინკილა გოლის გატანა და ბოლომდე წკიპზე ჰქონდა გამარჯვების საქმეც. ამომავალი მზის ქვეყნის შვილებს რომ გამოეყენებინათ მატჩის მიწურულს მშვენიერი საგოლე შანსი, მითი ნარინჯისფერთა უპირობო ფავორიტობაზე ხუხულასავით ჩამოიშლებოდა. ჯერჯერობით კი ეს მცნება – ჰოლანდილეთა ფავორიტობა, მიუხედავად მათი ორი გამარჯვებისა და მერვედფინალში ადგილის დაბევებისა, გაბზარულია და "ეს ბზარი რომ აქ იყო”, მხოლოდ რობენის არყოფნით არ არის გამოწვეული. დაბალი შედეგიანობა, არცთუ გამართული შეტევები და გადაჭარბებული სიფრთხილე – ჯერჯერობით ასეთია ნიდერლანდთა სავიზიტო ბარათი მიმდინარე მუნდიალზე. შესაძლოა, ასეთი ტაქტიკა ჰოლანდიელთა დამრიგებელმა შეგნებულად აირჩია, რადგან ალბათ შორს მიმავალი გეგმები აქვს და ძალებს უზოგავს შეგირდებს, მაგრამ ფაქტი ერთია: რა თამაშიც აქამდე მათ აჩვენეს, ეს შორსაა ჩემპიონატის მოგების ამბიციის მქონე გუნდის რეალურ შესაძლებლობებთან.

იაპონელებს უკვე ჰქონდათ ერთი გამარჯვება მოპოვებული და ჯგუფის ყველაზე რთულ მეტოქესთან დაცვითი ვარიანტი ირჩიეს. ფრეზე თამაში და იშვიათი კონტრშეტევების იმედად "ყარაულის თოფის მაგვარი” გოლის ლოდინი – ეს იყო იაპონელთა სტრატეგიის ალფა და ომეგა. თავდაცვა მართლაც კარგად დაგეგმეს, აუგს ვერ ვიტყვით. ყოველ შემთხვევაში, გაშვებულ გოლამდე ორგანიზებულად უმკლავდებოდნენ მეტოქის უკბილო იერიშებს და საკუთარ კარს არ აკარებდნენ ჰოლანდიელთა შემტევებს. ორად-ორი დარტყმა კარში და ორივე უზუსტო – ასეთი იყო იაპონელთა დაცვის რედუტებს უსაზმნოდ შეჯახებული ნიდერლანდების მწირი მონაგარი. შესვენებაზე, როგორც ჩანს, ნარინჯისფერები მწვრთნელმა გამოაფხიზლა და აქტიური თამაშის წყალობით ნაყოფიც მოიმკეს. ჰოლანდიელთა ლიდერმა ვესლი სნეიდერმა, როგორც იქნა, მომენტი შეურჩია ბურთს, თავისი მომაკვდინებელი ძალის დარტყმა გამოიყენა და იაპონელთა ჯებირი გაარღვია. აზიელები წამსვე გარდაისახნენ და გაახსენდათ, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა(გვიან კი გაახსენდათ!). შეუტიეს, კუთხურების სერიაც მოინადირეს, კარშიც დაჰკრეს და ჰოლანდიელებს გვარიანი ოფლიც აღვრევინეს. თავზეხელაღებულ შეტევებში იაპონელებს ორი კონტრშეტევა გაეპარათ. აფელაის ორივეჯერ შეეძლო დაესაჯა მეტოქე, მაგრამ მეკარეს და მცველებს ვერ აჯობა. მსაჯის საფინალო სასტვენმა ასეთი ვერდიქტი გამოიტანა: ჰოლანდიამ ვადამდე მოიპოვა შემდგომი ეტაპის საგზური, იაპონელებს კი დანიელებთან მოუწევთ მეორე გამსვლელი საგზურის ხელში ჩაგდებისთვის ურთიერთობის გარკვევა.

დანიამ დიდი ნებისყოფა გამოიჩინა და უკომპრომისო ბრძოლაში კამერუნელები "დასვა ჩემოდნებზე”. მეტოქეებს  პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და პირველივე წუთებიდან გავეშებული ხარებივით ეკვეთნენ ერთმანეთს. განსაკუთრებული ჟინით დებიუტში აფრიკელები გამოირჩეოდნენ და ტალღური შეტევებით მიაწყდნენ ევროპელთა საჯარიმოს, უმკაცრესი პრესინგის წყალობით მცველებს შეცდომა დააშვებინეს და სამუელ ეტოომ ამით წამსვე ისარგებლა. გაშვებულმა გოლმა კი არ დააბნია, არამედ უფრო გაახელა დანიელები. არც კამერუნელები ჩამორჩნენ და მშვენიერი ფეხბურთი გაჩაღდა. ოლსენის ბიჭებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში, როცა ბენდტნერი გამოეხმაურა რომედალის ფლანგურ გარღვევას და როგორც იქნა პირადი გოლების ანგარიში გახსნა. ტაიმის ბოლომდე არც ერთ გუნდს არ შეუწყვეტია იერიშები და კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდა სახიფათო მომენტები ორივე კართან, სადაც გამოუყენებელი საგოლე შანსების მთელი კასკადი გადმოიფრქვა. ხან მცველების და ხანაც მეკარეების თავგანწირვა არ აძლევდა ბურთს ბადეში ჩახვევის საშუალებას. ბოლოს არბიტრმა გააშველა მეტოქეთა რკენა და სულის მოსათქმელად გასახდელში უხმო.

მეორე ტაიმიც მსგავსი სცენარით წარიმართა – შეტევას შეტევა ცვლიდა, ხიფათს – ხიფათი და გულშემატკივარს მოსაწყენად არ ეცალა. ორმხრივ იერიშებში დანიას მეტად გაუმართლა. რომედალმა ფლანგური გარღვევა მშვენიერი გოლით დააგვირგვინა და გუნდი წინ გაიყვანა. დარჩენილი დრო კამერუნელების თავგადაკლულ იერიშებში გაილია. ერთ მომენტში სასწაული ბურთი "გამოაძრო” დანიელთა გოლკიპერმა, მეორედ კი პოულსენმა გაიმეტა თავი და მატროსოვივით გადაეღობა საგოლე დარტყმას. დანიელებიც არ მჯდარან გულხელდაკრეფილნი და შუალედებში მწარედ ჩხვლეტდნენ მეტოქის დაცვას. მარტო ტომასონს შეექმნა ორჯერ იდეალური მომენტი კარის ასაღებად, მაგრამ ანგარიში ვერ შეცვალა, რითაც ბოლომდე შეუნარჩუნა თამაშს ინტრიგა და დაძაბულობა.

მოკლედ, კამერუნელი ლომები ტურნირს გამოეთიშნენ და ახლა ერთი მიზანი დარჩათ – კარის გაჯახუნებამდე ღირსეულად დაიბუხუნონ და ჰოლანდიელებს იდილია დაურღვიონ. დანიას კი იაპონელების გატეხვა მოუწევს შემდგომ ეტაპზე გასასვლელად.

KvirisPalitra.Geდღის მესამე მატჩში განა და ავსტრალია შეერკინენ ერთმანეთს განსხვავებული მიზნებითა და სატურნირო მდგომარეობით. ავსტრალიას აღარაფერი ჰქონდა დასათმობი და შეტევით ოპერაციებს მიაწვა, რამაც დებიუტშივე მოუტანა შედეგი. განელებმა ეს იუკადრისეს და მეტოქის საჯარიმოსთან დასახლდნენ. მწვანე კონტინენტის წარმომადგენლებმა აფრიკულ ზეწოლას დიდხანს ვერ გაუძლეს და თავს ორმაგი უიღბლობა დაატყდათ : აივუმ, რომ იტყვიან, დააბზრიალა ფლანგზე ორი მცველი, დასარტყმელად დაუგორა პარტნიორს და კიუელმა, სხვა რომ არაფერი დარჩენოდა, ხელით გამოიტანა ბურთი ცარიელი კარიდან. პენალტი, კიუელის გაძევება და ასამოას გოლი. არავის ეგონა, რომ ავსტრალია შეძლებდა და ფრეს შეინარჩუნებდა, მაგრამ ასე მოხდა და განის ნაკრებს მიზერული შანსები დარჩა მერვედფინალში გასაღწევად. ბოლო ტურის წინ აქ ასეთი სიტუაციაა:

1.განა 4 ქულა

2.გერმანია – 3

3.სერბეთი – 3

4.ავსტრალია – 1

გერმანიის მომგები სერბები ავსტრალიელებს ხვდებიან და ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ ევროპელები გაიმარჯვებენ. განა კი ლიოვის შეგირდებს შეერკინება. გერმანიას მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, რადგან ის ვერ დაელოდება მეორე წყვილში სენსაციურ შედეგს(მითუმეტეს, რომ არც არის მოსალოდნელი ასეთი შედეგი!), საკუთარი გზა თავად უნდა გაიკვალოს. ხოლო, იმის გაგებას, თუ რას ნიშნავს გერმანელებთან შეტაკება მაშინ, როცა მათ კონკრეტულ მატჩში მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ, ნამდვილად არავის ვუსურვებთ. ყველა შემთხვევაში განის ნაკრებს საფეხბურთო სტიქიის შემოტევა ელის და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, გაუძლებს თუ გაეთელინება. ავსტრალიელებთან მათი თამაშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ გერმანია დიდოელი ლეკის როლს შეითავსებს, განა კი ნაბდის.