"ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა" - რას ჰყვებიან ავარიაზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა?
საზარელი ტრაგედია დატრიალდა რიკოთზე, სადაც ტრაილერისა და "მინი ვენის" შეჯახებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარმა მთელი ქვეყანა შეძრა. როგორც ცნობილია, ავტომობილს გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა.
გარდაცვლილები ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები არიან. მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. ავარიის დროს, ავტომანქანაში ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილები არიან: ახალგაზრდა და-ძმა როლანდ და მზიკო ქანთარიები, ასევე როლანდ ქანთარიას მეუღლე ვიკა ლეჟავა, მათი მცირეწლოვანი გოგონა ბარბარე. ასევე: მათი ნათესავები, დედა-შვილი ნონა და გიორგი ვაჩანძეები. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ისინი დასავლეთ საქართველოში ნათესავის ქორწილში იმყოფებოდნენ და ავარია სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც თბილისში ბრუნდებოდნენ.
საქმის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტოკატასტროფის ადგილზე მცირეწლოვანების ხილვამ თვითმხილველები შოკში ჩაყარა, - რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამ უმძიმეს ფაქტზე საუბრობს:
- უბედურება სოფელ ჩუმათელეთთან, კონკრეტულად კაფე "რიკოთთან" მოხდა, დაახლოებით ღამის 2 საათი იქნებოდა, როცა საშინელი შეჯახების ხმა გაისმა. ამ დროს გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ნაკლებად ინტენსიურია, მაგრამ იმ წუთშივე ძალიან ბევრი მანქანა გაჩერდა და უამრავი ხალხი შეგროვდა… ვინც ეს სურათი ნახა, მდგომარეობიდან ალბათ დიდ ხანს ვერ გამოვა, - ტრაილერი ისე იყო შჯახებული "მინი ვენს", რომ ამ უკანასკნელში მყოფებს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ.
- ეს ადგილი გზის სახიფათო მანაკვეთს არ წარმოადგენს, უბედურება რატომ უნდა მომხდარიყო?
- იმიტომ, რომ ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა, საჭე გაექცა და ეს უსაშინლესი ტრაგედია დატრიალდა. ასეთ დროს ხალხი ცდილობს, რომ წამებიც არ დაკარგოს და ადამიანი გადაარჩინოს, მაგრამ მსუბუქი მანქანა ისეთ დღესში ოყო, კარი ვერ გააღეს. თუმცა რომც გაეღოთ, მაინც უკვე ყველაფერი გვიან იყო, - ტრაილერი, რომ მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახება და მერე ზედ გადაუვლის, იქ ვიღა გადარჩება?!
მძღოლის მხარეს იყო შედარებით დაუზიანებელი კარი და ისიც კი არ გაიღო. …
- ესე იგი, ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას მძღოლის მხრიდან არ დასჯახებია...
- არა. მეორე მხარეს დაეჯახა და გასრისა. არავის ვუსურვებ ამის ნახვას, - პოლიციელები და ექიმებიც კი ცუდად გახდნენ, მანქანიდან გარდაცვლილეები ამოჰყავდათ. ბავშვებიდან, ერთი დაახლოებით, სამი წლის იქნებოდა, მეორე - 7-ის.
ეთერე ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)