"პატარა ქვეყნისთვის ოქროს საკმაო რაოდენობა გვაქვს" - სად არის ოქროს ყველაზე დიდი მარაგები საქართველოში? - კვირის პალიტრა

"პატარა ქვეყნისთვის ოქროს საკმაო რაოდენობა გვაქვს" - სად არის ოქროს ყველაზე დიდი მარაგები საქართველოში?

საქართველოში ოქროს წარმოებას უძველესი დროიდან მისდევდნენ. "ოქრომრავალი კოლხეთი" ‐ ასე უწოდებდნენ კოლხეთის სამეფოს ძველად. არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ არგონავტების მოგზაურობა კოლხეთში რეალური ფაქტი იყო.

სტრაბონი თავის გეოგრაფიულ თხზულებებში წერდა, რომ სვანეთში მდინარეებს ჩამოაქვს ოქრო, რომელსაც იქ მცხოვრებნი დახვრეტილი ვარცლებითა და ბეწვიანი ტყავებით აგროვებენ. საქართველოში ოქროს წარმოება დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს. 2017 წლის მონაცემებით, ათ მთავარ საექსპორტო საქონელს შორის ოქრო ერთ-ერთია, გასულ წელს მისი წილი მთლიან ექსპორტში 2.7% იყო.

რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ და სად მოიპოვებენ ოქროს საქართველოს ტერიტორიაზე ? - ამ საკითხზე წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსი - მერაბ ჩალათაშვილი გვესაუბრება:

- საქართველოში ოქროს არქაული დროიდან მოიპოვებენ. საამისოდ სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. თავდაპირველად ოქროს ჩვენი წინაპრები ე.წ. საცრის მეთოდით მოიპოვებდნენ: ამ დროს ქვიშრობული ოქრო გობის ფორმის ჭურჭელში ირეცხება და ქვიშაში არსებული ხალასი ოქროს მარცვლები ცხრილში რჩება. ეს ძველისძველი მეთოდია, რომელსაც სვანეთშიც იყენებდნენ და სამხრეთ საქართველოშიც, კერძოდ, ბოლნისის ტერიტორიაზე. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ოქროს ქიმიური დამუშავებაც დაიწყეს. ამ დროს ოქროს გამოყოფა ხდება სხვა მადნებიდან - ძირითადად, ციანიდის და შხამქიმიკატების დახმარებით. ქიმიური დამუშავების მეთოდს იყენებს "არემჯი გოლდი", რომელიც ჯერჯერობით ერთადერთი ოქროს მომპოვებელი კომპანიაა საქართველოში. ეს კომპანია ოქროს გადაამუშავებს და უცხოეთის ქვეყნებში კონცენტრატის სახით გააქვს. "არემჯი გოლდის" გარდა გვყავს სხვა ლიცენზიანტებიც, რომლებიც ჯერ შესწავლის ეტაპზე არიან.

- სად არის ოქროს ყველაზე დიდი მარაგები საქართველოში?

- პირველ რიგში ასეთი ადგილია ბოლნისის მადნიანი ველი და ზოგადად, სამხრეთ საქართველო, გარდა ამისა, სვანეთში, სოფელ იელშიც გვაქვს ქვიშრობული ოქროს საკმაო მარაგი. იქ ეს მარაგი ჩინურმა კომპანიამ მოიძია, მაგრამ სვანებმა პრობლემები შეუქმნეს და ამჟამად ვერ მუშაობენ. გაგრძელება

TOP.GE