"აქსიომაა: მეტროში შეკიდული ჭერი დაუშვებელია"
"დარწმუნებული ვარ, ის ჩინოვნიკები, რომლებმაც ექსპერტების დასკვნის გარეშე მიიღეს მეტროსადგური ექსპლუატაციაში და დიდი ალბათობით, თვალის დახუჭვაში სოლიდური თანხაც მოითხოვეს, ახლა მაქსიმალურად შეეცდებიან, კომპანია "ყვარელრემმშენის" ხელმძღვანელი არ გააღიზიანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მან ყველა ის პირი დაასახელოს გამოძიებასთან, ვისთანაც კორუფციული გარიგება ჰქონდა"
მეტროსადგურ "ვარკეთილში", რომლის რეაბილიტაცია ხუთი თვის წინ დასრულდა, ჭერის ჩამონგრევისას 14 კაცი დაშავდა, თუმცა საზოგადოებას ჯერ ისევ არა აქვს პასუხი კითხვაზე - ვინ არის დამნაშავე და რატომ მიიღო დამკვეთმა უხარისხოდ შესრულებული ობიექტი ექსპლუატაციაში. პირიქით, ახლა ყველა მხარე ცდილობს მოძებნოს ვიღაც, ვისაც პასუხისმგებლობას დააკისრებს - თბილისის ახალი მერი თითს წინამორბედისკენ იშვერს და აცხადებს, რომ მეტროსადგური "ვარკეთილი" დავით ნარმანიას მერობისას გარემონტდა, თავის მხრივ, დავით ნარმანია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, რომელიც უშუალო დამკვეთი იყო, მაგრამ სატრანსპორტო კომპანია ექსპერტიზის დასკვნებითა და პროცედურული წესების დაცვით იმართლებს თავს. რაც შეეხება უშუალოდ ტენდერში გამარჯვებულ და სარემონტო სამუშაოს შემსრულებელ კომპანიას, დირექტორი ექსპერტიზის დასკვნებს აფრიალებს. ერთი სიტყვით, შეიკრა წრე, სადაც პასუხისმგებელი პირები სულაც არ გრძნობენ პასუხისმგებლობას და შესაძლოა მთავარ დამნაშავედ, როგორც უმეტესად ხდება, ყველაზე სუსტი რგოლი - რიგითი მუშა მოგვევლინოს.
მივყვეთ მოვლენებს: სამეწარმეო რეესტრისა და ტენდერების მონიტორინგის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ კომპანიის, რომელმაც მეტროსადგური "ვარკეთილი" გაარემონტა, დამფუძნებელია გიორგი ჯოხარიძე, კომპანია კი 1999 წლის 1-ლ ოქტომბერს ყვარელშია დარეგისტრირებული და კახეთში სკოლებისა და ბაღების შენობების რეაბილიტაციაზე მუშაობდა. სულ "ყვარელრემმშენმა" 28 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, მეტროსადგურ "ახმეტელის" რეაბილიტაციისთვის. "ყვარელრემმშენმა" ამ ტენდერების თითქმის ნახევარში გაიმარჯვა და სხვადასხვა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაო შეასრულა, თუმცა თითქმის ყველგან დარღვევებით. მას რამდენჯერმე უხდებოდა ერთი და იმავე ხარვეზის გამოსწორება.
პარადოქსია, მაგრამ "ყვარელრემმშენმა" დისკვალიფიკაცია მიიღო მეტროსადგურ "ახმეტელის" გასარემონტებლად გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა საბოლოოდ მაინც მან განაახლა ის. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტის მიხედვით, მეტროსადგურ "ახმეტელის" გასაახლებლად გამოცხადებულ ტენდერში კომპანია "დამბამ" გაიმარჯვა. მასთან ერთად ტენდერში "ყვარელრემმშენიც" მონაწილეობდა."ის კონკურენტ "დამბასთან" შედარებით 75.487 ლარით ნაკლებს სთავაზობდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო "ყვარელრემმშენს" დისკვალიფიკაცია მისცეს და კონკურსს გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, გამარჯვებულმა კომპანია "დამბამ" სარემონტო სამუშაოს შესრულებისთვის ხელშეკრულება მაინც კონკურენტ კომპანია "ყვარელრემმშენთან" გააფორმა (საბედნიეროდ, კომპანიამ მეტროსადგურ "ახმეტელში" ჭერი მხოლოდ გალესა და შემდეგ შეღება). სულ "ახმეტელის" რეაბილიტაციაში კომპანიამ 523 ათას 214 ლარი მიიღო. მეტროსადგურ "ვარკეთილში" სარეაბილიტაციო სამუშაო კი შპს""ყვარელრემმშენმა" 347.852 ლარად შეასრულა.
გიორგი ჯოხარიძე, "ყვარელრემმშენის" დირექტორი: - კომპანიამ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული და რაც დამკვეთმა, ანუ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მოითხოვა. პროექტის მიხედვით, ახალი კონსტრუქცია ძველ კარკასზე უნდა დაგვემონტაჟებინა. ამიტომაც მოხდა ასე - ძველი ჩამოიშალა და მას მიჰყვა გარემონტებულიც.
- როგორ მიიღო დამკვეთმა ასეთი ჭერი ექსპლუატაციაში - სამუშაოების ხარისხზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ექსპერტიზის დასკვნები წარადგინეთ? როგორც ცნობილი ხდება, ობიექტი მხოლოდ დაათვალიერეს და ხარჯების ექსპერტიზა გააკეთეს.
- რა თქმა უნდა, ყველა დოკუმენტი წარვადგინეთ. გამოძიებას ყველა მასალა მივაწოდეთ, დანარჩენზე ვეღარ ვისაუბრებ, სანამ ძიება არ დასრულდება...
მეტროსადგურ "ვარკეთილის" ექსპლუატაციაში მიღებამდე ექსპერტიზის სამი დასკვნა კომპანია "რეალექსპერტმა" გასცა, რომლის ხელმძღვანელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილია, თუმცა როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, არც ერთი მათგანი არ გულისხმობდა სამშენებლო სამუშაოების ხარისხის შემოწმებას და საექსპერტო კომპანიამ მხოლოდ სამუშაოს მოცულობა და ხარჯთაღრიცხვა შეამოწმა. "ყვარელრემმშენმა" კიდევ ერთი საექსპერტო დასკვნა მიიღო დამოუკიდებელი სამშენებლო ექსპერტისგან, ზურაბ ამირანაშვილისგან, თუმცა, ჩანს, არც ამ შემთხვევაშია შემოწმებული სამუშაოს ხარისხი და დასკვნა მხოლოდ დათვალიერების საფუძველზე გაიცა.
თუ რეაბილიტაციის ხარისხზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიას არ ჰქონდა ინფორმაცია, რის საფუძველზე მიიღო ექსპლუატაციაში მეტროსადგური, რომლითაც დღის განმავლობაში ათასობით მოქალაქე სარგებლობს? ამის გარკვევა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან, მამუკა მუმლაძესთან ვცადეთ:
- თბილისის სატრანსპორტო კომპანია პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოა და მას სამეურნეო საქმიანობაში ჩარევის რესურსი არა აქვს. სულ სამსახურში 48 კაცი მუშაობს. მარტივად აგიხსნით ამ სამსახურის მუშაობის სპეციფიკას: თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ექვსი დირექტორი ჰყავს, გენერალური დირექტორი, ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელი და ა.შ. შესაბამისად, ყველა სამსახურს საკუთარი ხელმძღვანელი ჰყავს. მაგალითად, თუ სამშენებლო სამსახური წარადგენს კონკრეტულ პროექტს, შესაბამისი მიმართულების დირექტორმა უნდა მოიწონოს ის და შემდეგ შესყიდვების სამსახურს ტენდერის გამოცხადების მოთხოვნით მიმართოს. მთელ ამ პროცესს ამოწმებს როგორც შიდა აუდიტი, ისე გენინსპექციის სამსახური, რომელსაც ნებისმიერი გადაწყვეტილების რევიზია და სამუშაოს დაწყება-დამთავრების კონტროლი ევალება. ბუნებრივია, მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ, შესაბამისად, შესაძლოა რომელიმე დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
- მარტივი კითხვაა და, ალბათ, არ სჭირდება დიდი გამოძიება: ექვსიდან რომელმა დირექტორმა მიიღო ექსპლუატაციაში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, თუ როგორც კომპანია აცხადებს, დაკვეთა სწორედ ძველ ჭერზე ახლის დამონტაჟებას გულისხმობდა?
- ჩემი ხედვით, საქმე გვაქვს უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოსთან, თუმცა ბევრი დეტალია, რაზეც პასუხი გამოძიებამ უნდა გაგვცეს. დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი... გარდა გამოძიებისა, სატრანსპორტო კომპანიას ჰყავს შიდა აუდიტის სამსახური, ასევე, აქტიურად მუშაობს მერიის აუდიტის სამსახური და დასკვნაც მალე დაიდება.
- როგორც გამოჩნდა, სატრანსპორტო კომპანიამ ჯერ პროექტის შემუშავებაზე გამოაცხადა ტენდერი და პროექტის ჩამოყალიბების შემდეგ, შესრულებაზე. თქვენს დეპარტამენტში ექვსი დირექტორიდან არც ერთი არ დაფიქრებულა მეტროში შეკიდული ჭერის გაკეთება რამდენად მიზანშეწონილი იყო?
- პროექტის შემუშავებაში სატრანსპორტო კომპანიის სამშენებლო სამსახური მონაწილეობდა, დიახ, ამის შემდეგ გამოვლინდა პროექტის შემსრულებელი კომპანიაც. რა თქმა უნდა, არიან პასუხისმგებელი პირები, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ როგორ დაიწყო პროექტი, რა სამუშაოები ჩატარდა, ამას ემატება ექსპერტიზის დასკვნაც. თუმცა დაველოდოთ გამოძიებას...
როგორც ინჟინერ-მშენებელი გელა ყიფიანი მიიჩნევს, პროექტი, დიდი ალბათობით, ისე შეიქმნა, რომ არავინ დაფიქრებულა მეტროში არსებულ გარემო პირობებზე:
- აქსიომაა - მეტროში შეკიდული ჭერის დამონტაჟება დაუშვებელია, რადგან მიწის ქვეშ რხევებია, რასაც ვაგონების გადაადგილება კიდევ უფრო აძლიერებს. როდესაც მატარებელი ბაქანზე შემოდის, რხევას კაცი ტერფებითაც გრძნობ, ამიტომაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მეტროსადგურებში ანტისეისმური მოწყობილობებია დამონტაჟებული, ასევე, დამაგრებულია სვეტები, რომელმაც ნებისმიერი სიმძიმის რხევას უნდა გაუძლოს.
შეკიდული ჭერის მონტაჟისას აუცილებლად დაზიანდებოდა ძველი ნაგებობაც, რადგან ახლის დასამონტაჟებლად მისი გახვრეტა გახდებოდა აუცილებელი. ამიტომ უნდა შემოწმდეს ძველი ჭერის მდგრადობაც. როგორც ჩანს, არაპროფესიონალები მუშაობდნენ.
დაპროექტებისას მარტივი აპარატი უნდა მიეტანათ მეტროსადგურში და ქარის რხევა შეემოწმებინათ, ან როგორ ვერ გაითვალისწინეს, რომ შეკიდული ჭერი რისკს შექმნიდა მეტროსადგურში. ჭერი დომინოს პრინციპით ჩამოიშალა, ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად დასუსტებული იყო კონსტრუქცია, ვიღაცას ოდნავ ხელითაც რომ შეემოწმებინა ჭერი, ამას მიხვდებოდა. სამწუხაროდ, იგივე საფრთხე არსებობს აეროპორტშიც, რომელიც ისეა აშენებული, რომ ქარის რხევის სიმძლავრე არავის გაუთვალისწინებია.
"რეგიონებში "ატკატებს" ჩინოვნიკები პირდაპირ კაბინეტში ითხოვენ"
გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - სახელმწიფო შესყიდვები დიდი ფულის საჭრელ მანქანად იქცა როგორც არაკეთილსინდისიერი კომპანიებისთვის, ისე უსინდისო მაღალჩინოსნებისთვისაც - სისტემა, სატენდერო პროცედურებით დაწყებული და სამუშაოს დასრულებით დამთავრებული, დიდი ხარვეზებით მუშაობს. თავი რომ დავანებოთ ერთ პირთან მოლაპარაკების პროცედურებს, რაც ასევე სერიოზული პრობლემა გახდა, ჩვეულებრივ ტენდერებშიც კი სამუშაოების შესრულების კრიტერიუმები არ არის კარგად გააზრებული. კიდევ უფრო უარესადაა საქმე აღსრულებაში - კომპანია ცდილობს მაქსიმალურად დაზოგოს თანხა და რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს სამუშაო, რადგან იცის, რომ გამკონტროლებელი არავინაა, შეუძლია ექსპერტთან მოლაპარაკებაც და არცთუ დიდი თანხით სასურველი დასკვნის მიღება, თუმცა ყველას არ უმართლებს - ზოგჯერ ჭერი ინგრევა, ზოგჯერ ხიდი...
ტრაგედიას ბეწვზე გადავურჩით. ეს რომ პიკის საათში მომხდარიყო, მხოლოდ პანიკით გამოწვეული ჭყლეტა რამდენ ადამიანს იმსხვერპლებდა, წარმოდგენაც კი ძნელია... დარწმუნებული ვარ, ის ჩინოვნიკები, რომლებმაც ექსპერტების დასკვნის გარეშე მიიღეს მეტროსადგური ექსპლუატაციაში და დიდი ალბათობით თვალის დახუჭვაში სოლიდური თანხაც მოითხოვეს, ახლა მაქსიმალურად შეეცდებიან კომპანია "ყვარელრემმშენის" ხელმძღვანელი არ გააღიზიანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მან ყველა ის პირი დაასახელოს გამოძიებასთან, ვისთანაც კორუფციული გარიგება ჰქონდა. ასე ხდება მთელ ქვეყანაში - როგორც ბიზნესმენების ნაწილი ჩივის, რეგიონებში "ატკატებს" ჩინოვნიკები პირდაპირ კაბინეტში ითხოვენ. ქვეყანაში მაკონტროლებელი ორგანო გაქრა, ადამიანური რესურსიც კი აღარ დარჩა სახელმწიფო სტრუქტურებში. რა გამოვიდა? სახელმწიფომ მაკონტროლებელზე გააკეთა ეკონომია, საბოლოოდ კი ათი იმდენი დაუჯდა ჩამონგრეული თუ ნგრევისთვის გამზადებული ობიექტების ხელახლა შეკეთება. ამ ვითარებამდე დაუსჯელობის განცდამაც მიგვიყვანა - სისტემა მორყეულია, მასში კორუფციული მაქინაციები ადვილია, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი იმაზე ადრე დადგება, ვიდრე წარმოუდგენია... "მეტრო "ვარკეთილის" საქმეზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველას - სამუშაოს შემსრულებლით დაწყებული, მერიის იმ ჩინოვნიკებით დამთავრებული, ვინც ტენდერი მოაგებინა საეჭვო კომპანიას და ვინც ობიექტი ჩაიბარა. სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა შეამოწმოს საეჭვო ობიექტები. არასერიოზულია იმაზე ლაპარაკი, რომ ყველა შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაო ხელახლა გადავამოწმოთ, მაგრამ თუ საეჭვო ობიექტებს მაინც არ შევამოწმებთ, რამდენად ხარისხიანად ჩატარდა სამუშაო, შესაძლებელია ხვალ და ზეგ ნგრევა დომინოს პრინციპით გაგრძელდეს და ხიდი ან გვირაბი დაგვემხოს თავზე. არადა, შემოწმებას ბევრად მეტი თანხა სჭირდება, ვიდრე კონკრეტული ობიექტის მშენებლობას თუ რეაბილიტაციას და ვინ უნდა გადაიხადოს ეს ფული? ისევ ჩვენ, მოქალაქეებმა.
დამოკლეს ტენდერები
კორუფცია, "ატკატები", უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და დაზარალებული მოსახლეობა - დიდი ხანია ეს ყველაფერი ტენდერების დამახასიათებელ ფაქტორებად იქცა და ამას არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი კვლევა მოწმობს. "კვირის პალიტრა" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოს ლაშა სენაშვილს ესაუბრა: - სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში არაერთი პრობლემა იკვეთება, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხშირად ტენდერებში ერთი და იგივე კომპანიები მონაწილეობენ, რაც დაბალ კონკურენციას ქმნის. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სახელმწიფო მზადაა გადაიხადოს ფული, თუმცა კერძო კომპანიებს სამუშაოების შესრულების სურვილი არა აქვთ. ასეთ შემთხვევებში, დიდი ალბათობით, ტენდერი ცხადდება ისე, რომ პირობები ერთ კონკრეტულ კომპანიას მოერგოს, ეს კი ფარული გარიგებების რისკს ზრდის. ჩვენ გამოვიკვლიეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გამარტივებული შესყიდვისას ხელშეკრულება უფორმდება კომპანიას, რომელსაც სათანადო გამოცდილება არ გააჩნია, ან მეტიც, ისეთ კომპანიას, რომელიც ტენდერის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა. ხშირად ტენდერებში იმარჯვებენ მაღალჩინოსნებთან ან მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები. მეტროსადგურის ჭერს არემონტებდა აბსოლუტურად გამოუცდელი კომპანია "ყვარელრემმშენი", თუმცა მან ტენდერში გამარჯვება მაინც მოახერხა. მეტიც, როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, მას გაურემონტებია მეტროსადგური "ახმეტელიც". არადა, ტენდერში მისმა კონკურენტმა მოიპოვა სამუშაოს შესრულების უფლება - ეს შემთხვევაც მიგვანიშნებს კორუფციულ გარიგებაზე. კიდევ ერთი პრობლემა: პროცედურულად ყველაფერი თითქოს წესრიგშია - სამუშაო შესრულდა და ექსპერტიზაც ჩატარდა, თუმცა რამდენად ადეკვატურად შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი, რა ტიპის ექსპერტიზა ჩატარდა, ბუნდოვანია.""ვარკეთილის" შემთხვევაც ნათელი მაგალითია იმისა, რომ ყველა მხარე ცდილობს ქაღალდზე ყველაფერი წესრიგში წარმოაჩინოს, რეალურად კი ყველაფერი აბსოლუტურად უხარისხოდ კეთდება. მეტიც, არავინ მოიკითხა, რა გაკეთდა მეტროსადგურში, სანამ ჭერი არ ჩამოინგრა და მოქალაქეები არ დააშავა. არავინ იცის, ხვალ სად რა ჩამოვარდება.
რას ამბობს ჩინოსანი, რომელმაც გარემონტებული "ვარკეთილი" ჩაიბარა
როგორც გავარკვიეთ, პასუხისმგებელი პირი, რომელსაც 2017 წლის სექტემბერში ტექნიკურად გამართული რეაბილიტირებული მეტროსადგურის ექსპლუატაციაში ჩაბარება ევალებოდა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში ლევან მეხრიშვილი იყო და მერიაში დღესაც ამ სამსახურს ხელმძღვანელობს, თუმცა ამბობს, რომ ხუთი თვის წინ ყველა პროცედურა დაიცვა და "ყვარელრემმშენისგან" გარანტიაც მიიღო, რომ მეტროსადგური ათი წლის განმავლობაში გამართულად იმუშავებდა:
- ბატონო ლევან, როგორც ირკვევა, სატრანსპორტო კომპანიაში "ყვარელრემმშენმა" ოთხი დასკვნა წარმოადგინა, თუმცა, ოთხივე მხოლოდ შესრულებული სამუშაოს ვიზუალურ დათვალიერებას მოიცავდა და ხარისხი არც ერთ ექსპერტს არ შეუმოწმებია. რის საფუძველზე მიიღეთ რეაბილიტირებული მეტროსადგური თუ სამუშაოების ხარისხი შემოწმებული არ იყო?
- მეტროსადგურ "ვარკეთილში" კოსმეტიკური რემონტი გაკეთდა, კონსტრუქციებს არ შეხებიან, ამიტომ ჩატარდა მხოლოდ სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზები.
- ანუ არც დაინტერესებულხართ, კომპანიამ რამდენად ხარისხიანად მიაკრა ძველ კონსტრუქციაზე ახალი ჭერი და რამდენად მდგრადი იყო ის?
- არა, ძველ კონსტრუქციაზე გააკრეს ახალი და ამის ექსპერტიზა ჩატარდა. უფრო სწორად, მდგრადობა ინჟინერ-კონსტრუქტორმა გამოცადა.
- ვინ და რა სახით გამოცადა, გაქვთ შესაბამისი დოკუმენტაცია?
- არ მახსოვს სახელი და გვარი. თუმცა, დასკვნაში მითითებული იყო, რომ კონსტრუქცია მდგრადი გახლდათ, "ყვარელრემმშენმა" კი ჩატარებულ სამუშაოებზე 10-წლიანი გარანტია მოგვცა.
- ვინ არის ახლა პასუხისმგებელი -თქვენ, რომელმაც მიიღეთ ექსპლუატაციაში უხარისხო სამუშაო, "უცნობი" ინჟინერ-მშენებელი, რომელმაც არამდგრადი კონსტრუქცია მდგრადად შეაფასა, თუ მთლიანად თქვენი სამსახური, რომელმაც პროექტი ისე გაწერა, რომ ახალი ჭერის დაკიდება ძველ კონსტრუქციაზე მოითხოვა?
- ახლა ამაზე ლაპარაკი არასერიოზული იქნება. დაველოდოთ გამოძიებას, რომელშიც შსს და სამხარაულის ექსპერტიზა არიან ჩართული. ვნახოთ, რას გვეტყვის გამოძიება.
რუსუდან შელია