რას ამბობს სკოლა "ლამპარის" დირექტორი ნაცემ მოსწავლეზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს სკოლა "ლამპარის" დირექტორი ნაცემ მოსწავლეზე?

ნაძალადევში მდებარე კერძო სკოლა "ლამპარის" დირექტორის, დარეჯან ქადაგიძის განცხადებით, მათი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს, რომელსაც თანატოლებთან შელაპარაკება მოუვიდა, "მხოლოდ მცირე დაზიანებები აქვს მიღებული".

როგორც დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვი იაშვილის კლინიკაში "ყოველი შემთხვევისთვის გადაიყვანეს".

ამასთან, მისი თქმით, დაპირისპირებაში მათი სკოლის სხვა მოსწავლეები არ მონაწილეობდნენ.

დირექტორის ინფორმაციით, ბავშვი მასთან მე-12 სკოლის მანდატურმა მიიყვანა და უთხრა, რომ "ჩხუბში ვიღაცის ხელი მოხვდა".

"ექვსი გაკვეთილის დამთავრების შემდეგაც ეს მოსწავლე სკოლაში იყო, რადგან დამატებითი გაკვეთილები უტარდებოდა. სკოლის დატოვებიდან ცოტა ხანში მე-12 სკოლის მანდატურმა ამოიყვანა ნაცემი. როდესაც ვკითხე, რა მოხდა, აღნიშნა, რომ არ იცის, ვინ დაარტყა ხელი და თქვა, რომ ბევრი ბიჭი იყო შეკრებილი. მან ისიც აღნიშნა, რომ კონფლიქტი პირადად მას არ მოსვლია", - განაცხადა დარეჯან ქადაგიძემ.

"ინტერპრესნიუსი"