"თავიდან გოგონას მშობლებს თურმე მთლად გულზე არ ეხატებოდათ ღარიბი სასიძო, მაგრამ..." - ენამოსწრებული გენიოსის სიყვარულის ამბავი - კვირის პალიტრა

"თავიდან გოგონას მშობლებს თურმე მთლად გულზე არ ეხატებოდათ ღარიბი სასიძო, მაგრამ..." - ენამოსწრებული გენიოსის სიყვარულის ამბავი

მათ ერთად განვლეს აღმართ-დაღმართი

ცოტა ხნით 50-იანი წლების თბილისში უნდა "დაგაბრუნოთ" და სახელმწიფო უნივერსიტეტშიც "შეგახედოთ"...

დილის 8 საათია და უნივერსიტეტის ეზოში ფართო ნაბიჯებით შემოდის ნიკო კეცხოველი. აქ ყოველი კუთხე-კუნჭული მისთვის ახლობელი და მნიშვნელოვანია... რაც შეეხება სტუდენტებს, თითქმის ყველას შესაძლებლობები კარგად იცის და ცდილობს, სამომავლოდ გზა გაუკვალოს გონიერსა და გამორჩეულს...

ფოტოგალერეა

კაბინეტში შესულს ფიქრი კვლავ იმ ნიჭიერი სტუდენტისკენ გაურბის, ამას წინათ ლექსები რომ წაიკითხა სააქტო დარბაზში. მოეწონა და დაწვრილებით გამოიკითხა მის შესახებ. უთხრეს: ეკონომიკურზე სწავლობს, მშობლები რეპრესირებული ჰყავს, მამა დაუხვრიტეს, დედა კი ჯერ ისევ გადასახლებაშიაო. გული მოეწურა კაცს. მართალია, მას მკაცრ ადამიანად იცნობდნენ, მაგრამ ისიც იცოდნენ, საოცრად გულისხმიერი რომ იყო. "ობოლია და ძალიან ნიჭიერი, ხელისშეწყობა სჭირდება", - გაიფიქრა და სტუდენტი თავისთან მოიხმო. რამდენიმე წუთში რექტორის მისაღებში გამოჩნდა საშუალო ტანის, შავგრემანი, სქელწარბა ყმაწვილი. მას ცოტა დაბნეული და გაოცებული სახე ჰქონდა.

"ნეტავ, რა უნდა ბატონ ნიკოს? რამე დავაშავე და არ ვიცი? ან იქნებ, უნდა გამრიცხონ უნივერსიტეტიდან, მე ხომ "ხალხის მტრების" შვილი ვარ?" - ფიქრობდა და ყელში ბურთი აწვებოდა. ამ უსიამოვნო ფიქრებში იყო, მდივანი რექტორის კაბინეტში რომ შეუძღვა. დაჯდომა ვერც გაბედა, იდგა და ელოდა საბუთებში ჩაფლული ბატონი ნიკო როდის ასწევდა თავს. ბოლოს, როგორც იქნა, მორჩა საქმიანობას და სტუდენტი დაკვირვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა:

- მომწონს შენი ლექსები, კარგად წერ. არ გინდა, ფილოლოგიურზე გადაგიყვანო?

ნოდარს სახე გაებადრა. აი, თურმე რატომ იბარებდა რექტორი. თითქოს ეშმაკუნები ჩაუსახლდნენ თვალებში, გაეღიმა და მისთვის დამახასიათებელი იუმორით მიუგო კეთილისმყოფელს:

- ბატონი ნიკო, მე ეკონომიკურზე რომ ვსწავლობ, იმიტომაც უკვირთ და მოსწონთ ჩემი პოეტობა, თორემ ფილოლოგიურის სტუდენტი რომ ვიყო, მაშინ კი აღარ გაუკვირდებათ.

კეცხოველს ხმამაღლა გაეცინა, - ენამოსწრებულიც ყოფილხარო, - უთხრა სტუდენტს და გამოუშვა.

იმ დღიდან, რექტორის შექებით გათამამებულ ნოდარს არც ერთი ლიტერატურული საღამო აღარ გამოუტოვებია. მოგვიანებით კი მწერალი იტყვის: მე რომ კალამს მოვკიდე ხელი, ეს კეცხოველის დამსახურებააო.

მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ე.წ. "მაღლივი" კორპუსი. ყველა ერთად "ქვედა", ანუ პირველ კორპუსში სწავლობდა, ყველა ერთმანეთს იცნობდა... იმ დღეს, ნოდარს თვალში მოხვდა პატარა ტანის, ძალიან კოხტა გოგო. ადრე არ ჰყავდა შემჩნეული და მეგობრები მისკენ გაახედა, - ვინაა ეს მინიატურული გოგონაო? შეკითხვა ცოტა ხმამაღლა გამოუვიდა და გოგონამ უკან მიიხედა. შავგვრემანი ბიჭის სითბოთი სავსე თვალები მას მისჩერებოდნენ... ეს იყო და ეს, ძალიან მალე ნანული გუგუნავა და ნოდარ დუმბაძე ერთმანეთს დაუახლოვდნენ. ნანული ისტორიულზე სწავლობდა. ნოდარი ხშირად ელოდებოდა მას აუდიტორიის კართან, ლექციების შემდეგ კი გოგონას შინ მიაცილებდა. თავდაპირველად ნოდარს ნანულის მეგობარი მოსწონდა. ნანულიმ ეს იცოდა და ცდილობდა მათი საქმე "მოეკვარახჭინებინა", მაგრამ ის გოგო რატომღაც თავს იკავებდა, ალბათ არ უნდოდა, რეპრესირებული მშობლების შვილისათვის დაეკავშირებინა თავისი მომავალი. მერე უნივერსიტეტში ხმა გავარდა, ნოდარს იმ გოგოსთან დაქორწინებაში ნანული უშლის ხელსო. ამან ძალიან გააბრაზა გოგონა, ნოდარი თავისთან სახლში იხმო და საყვედურებით აავსო: გამაგებინე ერთი, მე რატომ მაბრალებენ შენი და იმ გოგოს დაშორებასო. ნოდარს როგორც სჩვეოდა, ისე მოჭუტა ცალი თვალი და ღიმილით ჰკითხა:

- ნანული, შენ მე არ გიყვარვარ?

ერთბაშად აპილპილდა გოგონა. იმის მაგივრად, რომ მისგან ახსნა-განმარტება მოესმინა, აქეთ უსვამდა კითხვებს ვაჟი.

- მე?.. შენ?.. შენ თუ გიყვარვარ? - ცოტა არ იყოს დაიბნა იგი.

ნოდარს გაეცინა:

- შენ თუ ამდენ ხანს მაგას ვერ მიხვდი, საშველი არ ყოფილა შენი. ახლა შენ მითხარი, გიყვარვარ თუ არა? - თავალი თავლში გაუყარა ვაჟმა.

გოგოს სიწითლემ გადაურბინა სახეზე და - შენც თუ ამდენ ხანს ვერ მიხვდი, რომ მიყვარხარ, არც შენი საშველი ყოფილაო, - უპასუხა. ნოდარს ხარხარი აუტყდა: აბა, ორივე უსაშველოები ვყოფილვართ და წამოი, გოგო ჩემსასო... ასე ორიგინალურად გამოუტყდნენ ერთმანეთს სიყვარულში.

ნანული გუგუნავა თბილისელი გახლდათ, ოჯახის ნებიერა. თავიდან მის მშობლებს მთლად გულზე არ ეხატებოდათ ღარიბი სასიძო, მაგრამ ქალიშვილის გადაწყვეტილება ურყევი იყო და მათაც უკან დაიხიეს. მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ნანული არ ტყუოდა, ნოდარი მართლაც დიდი გულის ადამიანი იყო, რომლის გვერდითაც ყველა იმედიანად და კარგად გრძნობდა თავს.

ქალბატონმა ნანულიმ, მასთან სტუმრობისას, მითხრა: ნოდარს ჩემთან არ უყვარდა სიყვარულზე ლაპარაკი. გრძნობას თვალებით და ქცევით გამოხატავდა. იმ სიყვარულზე კი, რასაც გულით ატარებდა, თავის პერსონაჟებს ალაპარაკებდაო. ამ წყვილის დიდი ტკივილი შვილის, ზაზას მოულოდნელი სიკვდილი იყო. 4 წლისას წითელა ბატონები შეხვდა, ექიმებს კი მუცლის ტიფი ეგონათ. მკურნალობა არასწორად წარიმართა, რასაც ტრაგედია მოჰყვა.

ნოდარის ცხოვრებაში ერთმანეთს მიჰყვა ცრემლი, დარდი და ტკივილი: ჯერ მშობლების დაპატიმრება, მამის დახვრეტა და დედის გადასახლება, დასთან დაშორება, ხან სოხუმში, დეიდებთან ყოფნა, ხან იმერეთში, დედულეთში, ხან მამის მშობლებთან, გურიაში. მერე შვილის სიკვდილი, მერე უდანაშაულოს დაჭერა და ცხაურებს მიღმა ყოფნა... მიუხედავად ამისა, არ გაბოროტებულა. პირველ რომანს სხვებიც მოჰყვა: "მე ვხედავ მზეს", მზიანი ღამე", მოგვიანებით კი "თეთრი ბაირაღები". 41 წლის იყო, პირველმა ინფარქტმა რომ დაჰკრა. ისე ცუდად იყო, მისი გადარჩენის იმედი, ნანულის გარდა, არავის ჰქონდა.

ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდა მწერალი: შეეძლო აღებული ხელფასი იმ დღესვე დაეხარჯა და შინ დიდი სუფრა გაეშალა მეგობრებისა და სტუმრებისათვის. როცა ჯერ კიდევ საბურთალოზე ცხოვრობდნენ, ხშირად ყოფილა, რომ ნოდარს სამსახურიდან დაურეკავს ცოლისთვის და უთქვამს, - ნანული, ბიჭები მომყავს სტუმრად და შენებურად დატრიალდიო. ნანულიც იქვე, საბურთალოს ბაზარში შეირბენდა, იყიდდა ყველაფერს, რაც ქმარს უყვარდა და ორ საათში ყველაფერს გამზადებულს დაახვედრებდა "ბიჭებს". თუმცა პირველი ინფარქტის მერე მას 8 წლის განმავლობაში წვეთი არ დაულევია, აღარც ეწეოდა. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ჩემს ქორწილში მამამ ცრემლი ვერ შეიკავა და იტირა" - ნოდარ დუმბაძის ქალიშვილის მოგონებები მამაზე და უნიკალური საოჯახო ფოტოარქივი