NATO-ში ნაწილ-ნაწილ?
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრება ყბადაღებული მე-5 პუნქტის გარეშე - რეალობა თუ უტოპია?!
მალე ათი წელი გახდება, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბუქარესტის სამიტზე საქართველოს საზეიმოდ შეჰპირდნენ ალიანსის რიგებში მიღებას.
მაშინ ეს ჩვენ ძალიან ძვირი დაგვიჯდა - სწორედ ბუქარესტის სამიტის განცხადება გახდა მთავარი ფარული მიზეზი, რომლის გამოც რამდენიმე თვეში საქართველოში რუსეთის არმია შემოიჭრა და ჩვენ ორი რეგიონი დავკარგეთ.
ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციით რუსეთს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების პროცესის შეფერხება სურდა. კრემლში არცთუ უსაფუძვლოდ ფიქრობდნენ, რომ რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ საქართველოს ალიანსში არავინ მიიღებდა.
განვლილი ათი წლის განმავლობაში ეს რუსული ჩანაფიქრი, სამწუხაროდ, გამართლდა, რადგან ალიანსის რამდენიმე მნიშვნელოვან წევრს, უპირველესად - გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, ნიდერლანდებს (და შეიძლება კიდევ ერთ-ორს) - არ სურს, მათ გვერდით იმ ქვეყნის გამოჩენა, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს და თანაც - რუსეთთან, რომლის გაღიზიანებას ბებერი ევროპა კვლავ ერიდება შიშისა თუ შედარებით იაფი ბუნებრივი აირის გამო.
ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველოს ალიანსში მიღების შემთხვევაში ლოგიკურად უნდა ამუშავდეს - NATO-ს მე-5 პუნქტი, რომელიც კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის ამოქმედებას გულისხმობს და წესით, ალიანსმა საბრძოლო მოქმედებები უნდა დაიწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
რა თქმა უნდა, ეს არარეალურია და პატარა საქართველოს გამო ალიანსის წევრი ქვეყნების უმეტესობა რუსეთს არ დაუპირისპირდება - ამაზე ლაპარაკიც არ ღირს.
ამ მწარე რეალობიდან გამომდინარე, არაერთ პოლიტიკოსსა და დიპლომატს წლების წინ გაუჩნდა იდეა, რომ კონფლიქტების საბოლოო პოლიტიკურ მოგვარებამდე ალიანსი მიიღებს საქართველოს თავის წევრად, ოღონდ - მე-5 პუნქტის შეჩერებით.
ანუ მარტივად რომ ავხსნათ, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება, მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ჯარი კვლავ იდგება ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.
ნიშნავს თუ არა ეს ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვასთან შეგუებას?
რა თქმა უნდა, არა. ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს თბილისი დღესაც ვერ აკონტროლებს და მოსკოვის მიერ ნებაყოფლობით მათი დაბრუნება საქართველოს იურისდიქციაში დაუჯერებელი ჩანს.
იქნებ ჯობდეს, საქართველო ამ ტერიტორიების გარეშე გაწევრდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში, გაძლიერდეს პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და მერე იფიქროს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე?..
სულ არაფერს, შეიძლება, ასე ჯობდეს, მაგრამ ეს გეგმაც ძალზე უტოპიურია, რადგან ალიანსის წევრი ევროპის ზემოხსენებული ქვეყნების ლიდერები არც ამ კომპრომისულ ნაბიჯს გადადგამენ და არ არის გამორიცხული, ამ გეგმის თუნდაც მხოლოდ ხმამაღლა გამოცხადების შემდეგ კვლავ პრეზიდენტად არჩეულ-დანიშნულმა პუტინმა ათი წლის წინანდელი საქციელი გაიმეოროს...
საქართველო-ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესი ჩიხშია - საქართველომ შეასრულა ალიანსის ყველა რეალური თუ ყურით მოთრეული მოთხოვნა და ნამდვილად იმსახურებს მის წევრობას, მაგრამ დემოკრატ ევროპელ პოლიტიკოსებში რუსეთის შიში უფრო ძლიერი ყოფილა...