ყველაზე უშიშარი ცხოველი დედამიწაზე
ცხოველი საოცარი ძალითა და მოქნილობით გამოირჩევა - აქვს მისი ტანისთვის შეუფერებელი უზარმაზარი ბრჭყალები და დაკუნთული მოკლე თათები, მძლავრი ყბები, მეტად ბასრი კბილები, ხოლო კისერსა და ზურგზე ისეთი სქელი და მაგარი ტყავი, რომლის გახვრეტა არც ერთ მტაცებელს არ შეუძლია. თაფლიჭამიას მთავარი "დელიკატესი", ბუნებრივია, თაფლია, მეორე ადგილზე კი - გველი. ყველაზე საოცარი ის არის, რომ მასზე არ მოქმედებს არანაირი შხამი! კობრამ ორთაბრძოლისას თუ სახის არეში ან მუცელზე უკბინა (სხვაგან კბენა შეუძლებელია), თაფლიჭამია მაინც ასწრებს მის მოკვლას. შემდეგ 30-40 წუთით კომაში ვარდება, მაგრამ აუცილებლად ცოცხლდება და ტრაპეზს განაგრძობს!
დაუჯერებელია, რომ პლანეტის ყველაზე მრისხანე მტაცებლად ითვლება კვერნისებრთა ოჯახის მომცრო, გრძელი და მოკლეფეხება ცხოველი თაფლიჭამია (Mellivora capensis). მას ამის "საბუთიც" აქვს - გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, დედამიწის ყველაზე უშიშარი ცხოველია, აფრიკულ ტომებში კი"ვაჟკაცობის შესამატებლად მის გულს მიირთმევდნენ!
თაფლიჭამია, იგივე რატელი, იგივე "მეთაფლე მაჩვი" ან "მელოტი მაჩვი" მთელ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბინადრობს და მასთან "ურთიერთობების გარკვევა" არავის ეხალისება. წარმოუდგენლად მსუნაგი ცხოველი ჭამს ყველაფერს, რასაც მოიხელთებს - როგორც თავისზე გაცილებით დიდ ცხოველებს, ისე მწერებს, ნებისმიერ შხამიან გველს, ხვლიკებს თუ მორიელებს. თან არ ეპუება არავის - არც აფთარს, არც უზარმაზარ აგრესიულ აფრიკულ კამეჩსა და ლომს. ყოფილა შემთხვევა, ცხოველთა მეფისთვის ნანადირევიც კი წაურთმევია!
დაახლოებით 1მ სიგრძისა და 12-13 კგ წონის თაფლიჭამია 20-24 წელი ცოცხლობს. ცხოველი საოცარი ძალითა და მოქნილობით გამოირჩევა - აქვს მისი ტანისთვის შეუფერებელი უზარმაზარი ბრჭყალები და დაკუნთული მოკლე თათები, მძლავრი ყბები, მეტად ბასრი კბილები, ხოლო კისერსა და ზურგზე ისეთი სქელი და მაგარი ტყავი, რომლის გახვრეტა არც ერთ მტაცებელს არ შეუძლია. თაფლიჭამიას მთავარი "დელიკატესი", ბუნებრივია, თაფლია, მეორე ადგილზე კი - გველი. ყველაზე საოცარი ის არის, რომ მასზე არ მოქმედებს არანაირი შხამი! კობრამ ორთაბრძოლისას თუ სახის არეში ან მუცელზე უკბინა (სხვაგან კბენა შეუძლებელია), თაფლიჭამია მაინც ასწრებს მის მოკვლას. შემდეგ 30-40 წუთი კომაში ვარდება, მაგრამ აუცილებლად ცოცხლდება და ტრაპეზს განაგრძობს! თაფლიჭამიას ძირითადი საკვები მაინც წვრილი მღრღნელებია. შესანიშნავი ყნოსვით მსუნაგი კვერნისებრი მღრღნელს მიწის ქვეშ, სოროშივე გრძნობს და მის მოსანადირებლად მიწაში 2-3 მ სიგრძის გვირაბი ათიოდ წუთში შეუძლია გათხაროს!
თაფლიჭამიას მცენარეული საკვები მაინცდამაინც არ უყვარს, მაგრამ ხანდახან ჭამს ხილს, ბოსტნეულს, ფესვებს და ძირხვენებს. სამაგიეროდ, ნადირობს ყველაფერზე, რასაც მოიხელთებს, მათ შორის - კობრებსა და სხვა გველებზე, მორიელებზე, ნიანგებზე, ანტილოპებზე, მელიებზე; არ ერიდება მატლების და ფრინველების, ასევე - მათი კვერცხების ჭამას; ზოგჯერ ლეოპარდებს და სხვა მტაცებლებს ართმევს ნადავლს. ბუნებრივი მტრები თIითქმის არ ჰყავს, მაგრამ ზოგჯერ მასზეც წაუცდებათ ხელი პითონს, მგელს, დათვს, ლომს, ვეფხვს ან ლეოპარდს, თუ მოხუცი ან ავადმყოფი თაფლიჭამია მოიხელთეს, ახალგაზრდა თაფლიჭამიასთან შეხვედრისას კი ნებისმიერი მტაცებელი მალევე ხვდება, რომ "სხვაგან მოხვდა" და თავის შველას ცდილობს, რადგან გაბრაზებულმა თაფლიჭამიამ დანდობა არ იცის და მერე თვითონ უტევს. ასეთ დროს მას აფრიკული კამეჩი და ჯანსაღი ხვადი ლომიც კი შემოჰკვდომია. კარგად იცის მოწინააღმდეგის სუსტი ადგილები - ყელი, მუცელი, სადაც ტყავი თხელია, თვალები, გენიტალიები. ახერხებს, ამ ადგილებში მისწვდეს თავდამსხმელს...
თაფლიჭამია ისეთი აგებულებისაა, მტაცებლის კბილები თითქმის ვერ აზიანებს. ძვლები რეზინივით დეფორმირდება და მერე ისევ სწორდება, ხოლო ტყავი იმდენად სქელი აქვს, რომ კბენისას, სანამ მოწინააღმდეგე გააფთრებული ღეჭავს ამ ტყავს, უვნებელი თაფლიჭამია მომენტს ელოდება, რომ გაუსხლტეს და კბილები თვითონ ჩაავლოს მსხვერპლს.
თუმცა არსებობს ერთადერთი ცხოველი, რომელსაც თაფლიჭამია ვერაფერს აკლებს, მისი ძალიან ეშინია და მაშინვე გაურბის - ეს ეშვებიანი ტახია...
თაფლიჭამიას მთავარი მტერი მაინც ადამიანია. თაფლიჭამია სკების განადგურების გარდა, საქათმეებშიც იპარება და მას, როგორც მავნებელს, მოწამლული საკვებით ებრძვიან... თაფლიჭამიას მიჩვევა ძნელია, რადგან სულ გაქცევაზე უჭირავს თვალი, მაგრამ ჭკვიანმა თაფლიჭამიამ მალე აუღო ალღო, რომ ადამიანი არ არის "სანდო ცხოველი" და თუ გაქცევის საშუალება არ აქვს, ადამიანებს კარგად ეგუება, მხიარულად თამაშობს მათთან, ხალისიანია, საკმაოდ ალერსიანი და ძალიან ჭკვიანი.
რამაზ გურგენიძე